ჩინეთის პოლიტბიურომ 2025 წლისთვის ქვეყნის მთავარი  პრიორიტეტები წარადგინა

ჩინეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ეკონომიკური სტაბილურობა და ტექნოლოგიური წინსვლით მიღწეული განვითარება 2025 წლის პრიორიტეტებად დაასახელა. 2025 წელთან დაკავშირებული გეგმები პარასკევს გამართულ პოლიტბიუროს შეხვედრაზე განიხილეს. Xinhua-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომუნისტური პარტიის 24-წევრიანმა საკვანძო გადაწყვეტილებების მიმღებმა ორგანომ ყურადღება გაამახვილა პროაქტიული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე და ხაზი გაუსვა შიდა მოთხოვნის ზრდისა და ინდუსტრიული ინოვაციების იმპლემენტირების მნიშვნელობას. 

ეკონომიკური ზრდის გარდა, მთავრობამ კვლავ დაადასტურა, რომ ფოკუსირდება უძრავი ქონებისა და საფონდო ბაზრების სტაბილიზაციაზე, ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებასა და ეკონომიკის მაღალი დონის ღიაობაზე. 

„[ჩვენ] უნდა ვმართოთ და შევამციროთ რისკები მნიშვნელოვან სექტორებში, ვუპასუხოთ გარე შოკებს, დავასტაბილუროთ მოლოდინები, გავაძლიეროთ ბაზრის სიცოცხლისუნარიანობა და უზრუნველვყოთ ეკონომიკური აღდგენა,“ – ნათქვამია პოლიტბიუროს განცხადებაში.

პოლიტბიუროს განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარებს, რომელმაც ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჩინური იმპორტისთვის განსაზღვრული 10%-იანი ტარიფი, რომელიც სამშაბათიდან უნდა ამოქმედებულიყო, გაორმაგდება და 20%-ს მიაღწევს.

ამას გარდა, 24 თებერვალს პრეზიდენტმა ტრამპმა ახალ მემორანდუმს მოაწერა ხელი -“ამერიკა უპირველეს ყოვლისა – საინვესტიციო პოლიტიკა”- რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ორგანოებს დაევალათ, გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი სამართლებრივი ბერკეტი, რათა შეზღუდონ ჩინეთთან დაკავშირებული ინვესტიციები აშშ-ის მნიშვნელოვან სექტორებში.

პოლიტბიუროს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მთავრობის სამუშაო ანგარიშის განხილვა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ლი ციანგი ჩინეთის სახალხო ეროვნული კონგრესის სხდომაზე წარადგენს. ანგარიში განსაზღვრავს ჩინეთის ეკონომიკური განვითარების მიზნებსა და პრიორიტეტებს 2025 წლისთვის. მიმდინარე წელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ისტორიაში მეთოთხმეტე ხუთწლიანი გეგმის ბოლო წელიწადს წარმოადგენს. 

გასულ წელს ჩინეთის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ექსპორტის ზრდამ და სექტემბრის ბოლოს შემოღებულმა სტიმულაციურმა ზომებმა. თუმცა, გამოწვევები რჩება, მათ შორისაა მომხმარებლის სუსტი გადამხდელუნარიანობა, ხანგრძლივი ვარდნა უძრავი ქონების ბაზარზე, დემოგრაფიული ცვლილებები და ნდობის დაბალი დონე მეწარმეებში. 

17 თებერვალს პრეზიდენტმა სი ძინპინმა მაღალი დონის შეხვედრა გამართა წამყვან მეწარმეებთან, სადაც კერძო სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა დაუდასტურა. სიმ ბიზნესებს მოუწოდა, უფრო აქტიურად შეიტანონ წვლილი ტექნოლოგიების ინოვაციური განვითარების პროცესში, განსაკუთრებით აშშ-სთან მზარდი კონკურენციის ფონზე. აღნიშნულ ფორმატში, ჩინეთის პრეზიდენტი კერძო სექტორის წარმომადგენლებს 2018 წლის შემდეგ პირველად შეხვდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან პეკინის მიერ კერძო წარმოებაზე დაწესებული რეგულაციების გამკაცრებამ და ანტიმონოპოლიურმა ზომებმა გავლენა მოახდინა სახელმწიფოსა და ბაზრების მიმართ ბიზნესის ნდობაზე. კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაძაბვამ, თავის მხრივ, ადგილობრივი მთავრობების შემოსავლების შემცირებასა და ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის ზრდას შეუწყო ხელი. 

ბაზარზე არსებული განწყობების გაუმჯობესების მიზნით, ჩინეთის მთავრობა ინვესტიციებისთვის ხელისშემშლელი ბარიერების შესუსტებასა და კერძო სექტორის შეზღუდვების გადახედვაზე მუშაობს. შეხვედრაზე ითქვა, რომ მიღებულია ზომები გადაჭარბებული რეგულირების შესაკვეცად, ხოლო ახალი კანონპროექტი კერძო ეკონომიკის ხელშეწყობის შესახებ უსაფუძვლო ჯარიმების აკრძალვას ისახავს მიზნად.

მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტი 2025 წლისთვის შიდა მოთხოვნის გაძლიერებაა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ შეერთებულ შტატებთან სატარიფო დაძაბულობის გამწვავების პოტენციალს. საშინაო ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ჩინეთი აფართოებს პროგრამას, რომელიც მოიცავს მომხმარებლისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ციფრულ მოწყობილობების უფასოდ განახლების საშუალებას. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ლი ციანგი მოსახლეობას შემოსავლების ზრდას დაპირდა.

Scroll to Top