ჩინეთის პრემიერის შეხვედრა ამერიკელ სენატორთან

პეკინში 23 მარტს,  ყოველწლიური ბიზნესის სამიტის შემდეგ ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი ქიანგი ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორს, სტივ დეინსსა და დიდი ამერიკული კომპანიების, მათ შორის პფაიზერის და ეფლის, წარმომადგენლებს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ დეინსი პირველი ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ჩინეთს ეწვია. ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი და ტრამპის გამორჩეული მხარდამჭერია. გარდა ამისა, ის ჩართული იყო აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებში ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას.

შეხვედრა ჩინეთისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ს მხრიდან გაზრდილი ტარიფების ფონზე – ქვეყანა ცდილობს გაზარდოს უცხოური ინვესტიცია და დაარწმუნოს ბიზნესები გარემოს ხელსაყრელობაში. პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ კომპანიებს მოუწოდა „პროტექციონიზმთან შეწინააღმდეგებისა“ და გლობალიზაციის დაცვისაკენ. 

ლი ქიანგის მიხედვით, ჩინეთი სხვადასხვა სექტორში უცხოელი ინვესტორებისთვის ბაზრებთან წვდომას გაზრდის. მან წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ „მიწოდების ჯაჭვის დაზიანება მხოლოდ გააღრმავებდა კრიზისს“.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა „გარე წყაროებისგან გამოწვეული მოულოდნელი შოკებისთვის“ და, რა სფეროშიც ამის საჭიროება იქნება, ხელისუფლება ახალ პოლიტიკას შეიმუშავებს ჩინური ეკონომიკის შეუფერხებელი მუშაობისთვის.

Scroll to Top