ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკულ ბიზნეს ჯგუფებს შეხვდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, 18 თებერვალს, ამერიკულ ბიზნეს ჯგუფებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და პეკინმა ურთიერთობების დასტაბილურებისთვის გზა უნდა გამონახონ. მისი თქმით, ქვეყნებმა ყურადღება ორი მხარისთვის და მსოფლიოსთვის უფრო მნიშვნელოვანი, პრაქტიკული და მომგებიანი საკითხებისკენ უნდა მიაპყრონ.

მინისტრის ვიზიტი ნიუ იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტის პოსტს უკავშირდება, რომელიც მიმდინარე თვეში ჩინეთს ეკუთვნის. ვანგ ის გარდა შეხვედრებს აშშ-ში ჩინეთის ელჩიც ესწრებოდა. მათ შეხვედრები გამართეს აშშ-ჩინეთის ბიზნეს საბჭოს, აშშ-ს სავაჭრო პალატის, აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ეროვნული კომიტეტის, აზიის საზოგადოებისა და საგარეო ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენლებთან.  

ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ამერიკული კომპანიებისთვის, ფერმერებისა და მშრომელებისთვის არსებული გრძელვადიანი ეკონომიკური ბარიერები და მხარეებს აღნიშნულ სექტორში კოორდინაციისკენ მოუწოდეს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ვანგ იმ გაეროს სათაო ოფისშიც ისაუბრა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და ხაზი გაუსვა მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც უკრაინაში, ისე ახლო აღმოსავლეთში და დაამატა, რომ ღაზა და დასავლეთ სანაპირო „პოლიტიკური ვაჭრობებისთვის იარაღი არ უნდა ყოფილიყო“. ჩინეთის წარმომადგენელმა კონსენსუსზე დაფუძნებულ პოლიტიკას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ „ძლიერს არ უნდა მიეცეს საშუალება მართოს სუსტი, არ უნდა დავუბრუნდეთ ჯუნგლების კანონებს“.

Scroll to Top