ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს განცხადების მიხედვით, ონლაინ თაღლითური ოპერაციების ცენტრიდან გაათავისუფლეს ჩინეთის 200 მოქალაქე. მსგავს თაღლითურ ოპერაციებში ჩართული მოქალაქეების რეპატრიაცია მომავალ დღეებშიც გაგრძელდება. აღნიშნული მოვლენა მოჰყვა ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ასისტენტ-მინისტრის, ლიუ ჯონგის, მრავალჯერად ვიზიტებს მიანმარსა და ტაილანდში. ლიუ აქტიურად თანამშრომლობს ამ ქვეყნების ოფიციალურ პირებთან კიბერთაღლითური ქსელების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც არა მხოლოდ ფინანსურ დანაშაულთან, არამედ ადამიანის უფლებების დარღვევებთანაც არიან დაკავშირებული.
პარალელურად, ჩინეთის საკონსულო ოფიცრებმა სულ ახლახან დაასრულეს პოლიციის წვრთნის პროგრამა სოლომონის კუნძულებზე. ამ ტიპის თანამშრომლობამ შესაძლოა განვითარებად ქვეყნებში ჩინეთის, როგორც უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორის რეპუტაცია განამტკიცოს. 11 თებერვალს ჩინეთის საელჩომ ჰონიარაში, სოლომონის კუნძულების დედაქალაქში, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 30 ადგილობრივმა ოფიცერმა გაიარა აღნიშნული წვრთნა. პროგრამა მოიცავდა ისეთი საკითხების სწავლებას, როგორიცაა დნმ-ის მტკიცებულებების ანალიზი, ტელეკომუნიკაციური თაღლითობების გამოძიება და დანაშაულის პრევენცია სექსუალური ძალადობისა და ნარკოდანაშაულის კუთხით. სწავლების მიზანი იყო ოფიცრების ტაქტიკური უნარების გაუმჯობესება, უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების გაძლიერება და ოპერატიული ეფექტიანობის ამაღლება.
პეკინის ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ლი ჟიონგი, აღნიშნავს, რომ ჩინეთის გლობალური ეკონომიკური ექსპანსიის პარალელურად იზრდება საჭიროება სახალხო რესპუბლიკამ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და ბიზნესინტერესები საზღვარგარეთ. საპოლიციო დიპლომატია, რომელიც ტრადიციულად საგარეო პოლიტიკის სპეციალიზებული ასპექტია, სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევს, შეასრულონ დიპლომატიური ფუნქციები, როგორიცაა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, კონფლიქტების მოგვარება და თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში. ჩინელი პოლიციელები განლაგებულნი არიან სულ მცირე 48 ქვეყანაში არსებულ ჩინეთის საელჩოებში. მათ ევალებათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ჩინეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოსაძიებლად.
ჩინეთი ძირითადად ახორციელებს საერთაშორისო პოლიციურ თანამშრომლობას ისეთი მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა ინტერპოლი და რეგიონული უსაფრთხოების ინიციატივები. მექანიზმებს შორისაა 2001 წელს დაარსებული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებლები ჩინეთთან ერთად რუსეთი და რამდენიმე ცენტრალური აზიის ქვეყანაა.
აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ჩინეთი ცდილობს შეიქმნას პარტნიორის იმიჯი უსაფრთხოების საკითხებში. საპოლიციო დიპლომატია კი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ სტრატეგიაში. 2022 წელს პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოაყენა გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, რომელიც “განუყოფელი უსაფრთხოების” კონცეფციას ემყარება და განსხვავდება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი “კოლექტიური უსაფრთხოების” მიდგომისგან. ეს ინიციატივა მოუწოდებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, ბიოუსაფრთხოება, განვითარებადი ტექნოლოგიები და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობა.
გასული წლის სექტემბერში ჩინეთში ჩატარებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე (Global Public Security Cooperation Forum) ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, ვან სიაოჰუნმა განაცხადა, რომ 2023 წელს ჩინეთმა 2,700 უცხოელი სამართალდამცველი ოფიცერი გაწვრთნა და 2025 წლისთვის ეს რიცხვი 3,000-მდე გაიზრდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი უსაფრთხოების სფეროს კონსულტანტებს გაგზავნის იმ ქვეყნებში, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ.
საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (IISS) მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებულმა ანგარიშის მიხედვით, საპოლიციო წვრთნებისა და აღჭურვილობის მიწოდებით, ჩინეთს შეუძლია გააძლიეროს დიპლომატიური გავლენა ისე, რომ პირდაპირ არ აიღოს უსაფრთხოების გარანტორის როლი. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჩინეთი ამყარებს კავშირებს უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში, მათ შორის აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც ჩინურ ბიზნესს დიდი წარმომადგენლობა აქვს. ჩინეთმა ასევე პრიორიტეტად აქცია საპოლიციო წვრთნები მეზობელ ქვეყნებში. 2023 წელს ყირგიზეთის შსს-ს დელეგაცია ეწვია ჩინეთის სინძიანის რეგიონს, რათა განეხილათ საზღვრის დაცვის წვრთნების გაფართოების შესაძლებლობები. გარდა ამისა, ჩინეთის სამართალდამცავი უწყებები ერთობლივ პატრულირებებს ახორციელებენ ლაოსთან, მიანმართან, ტაილანდთან, ვიეტნამთან და კამბოჯასთან ერთად.
ამ მცდელობების მიუხედავად, ჩინეთის საპოლიციო დიპლომატია მზარდ საერთაშორისო კრიტიკას განიცდის. 2022 წლის დეკემბერში იტალიამ დაასრულა ერთობლივი საპოლიციო პატრულირების პროგრამა ჩინეთთან მას შემდეგ, რაც უფლებადამცველმა აქტივისტებმა პეკინი დაადანაშაულეს ჩინელი ემიგრანტების სამშობლოში სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელების მიზნით დაბრუნების მცდელობაში. ანალოგიურად, 2023 წლის იანვარში პაპუა-ახალმა გვინეამ ავსტრალიისგან კრიტიკისა და წინააღმდეგობის ფონზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ორი თვის შემდეგ, ფიჯიმ 2011 წლის შეთანხმება შეცვალა და სამართალდამცავ უწყებებში გამწესებული ჩინელი ოფიცრების ჩანაცვლება გადაწყვიტა.