ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა 6 მაისს ჩინეთის წინააღმდეგ ახალ საკანანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს. კანონპროექტები, ძირითადად, ექსპორტის კონტროლის, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების, ეროვნული თავდაცვისა და ეკონომიკური ჯაშუშობის საკითხებს ეხება.
მაკკორმიკის მიერ 2025 წლის თებერვალს წარმოდგენილი კანონპროექტი გულისხმობს სანქციების დაწესებას პირებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სავაჭრო ჯაშუშობაში, მოწინააღმდეგე სამხედროების დახმარებასა თუ აშშ-ს ექსპორტის კანონების დარღვევაში.
კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში, შტატების პრეზიდენტის ეძლევა უფლებამოსილება, კანონით გათვალისწინებულ, ეკონომიკურ ჯაშუშობაში მხილებულ პირებს დაუწესოს შემდეგი ტიპის სანქციები:
- ქონების ბლოკირება – პრეზიდენტისთვის საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების შესახებ კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილების განხორციელება იმ ზომით, რაც აუცილებელია უცხო პირის ქონებისა თუ ქონების წილებთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქციის დასაბლოკად და ასაკრძალად, თუ ასეთი ქონება ან ქონების წილები ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს ან შტატებში მცხოვრები პირი ფლობს ან აკონტროლებს.
- ვიზების, დაშვების ან პირობითი გათავისუფლების უფლებისადმი შეუსაბამობა – შეერთებულ შტატებში დაუშვებლობა; შეერთებულ შტატებში შესასვლელად ვიზის ან სხვა დოკუმენტების უფლების ჩამორთმევა; ნებისმიერი ვიზის ან ქვეყანაში შესასვლელი სხვა დოკუმენტაციის გაუქმება, მიუხედავად იმისა, თუ როდის გაიცა ან იყო თუ არა გაცემული ვიზა ან სხვა ტიპის დოკუმენტაცია.
ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტებს ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია, რესპუბლიკელები კი აქტიურად ადანაშაულებენ ჩინეთს, რომელიც, მათი თქმით, ხელს უშლის უკრაინაში ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. როგორც ფლორიდის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ბრაიან მასტი აცხადებს, „ჩინური კომუნისტური პარტია დაუნდობლად ძირს უთხრის პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა“.
რაც შეეხება „ფალუნ გონგის დაცვის აქტს“, რომელიც 2025 წლის 24 თებერვალს იქნა წარმოდგენილი პერის მიერ და რომლის განხილვაც ასევე 6 მაისს მიმდინარეობს, გულისხმობს სანქციების დაწესებას იმ ჩინელი პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა ორგანოების ძალით, არაკანონიერად მოპოვებასა და სხვა სახის ძალადობაში, რომლებიც მიმართულია ფალუნ გონგის მიმდევრების წინააღმდეგ. ეს სასულიერო ჯგუფი პეკინის მიერ სექტად არის მიჩნეული. სანქციების მიზანია, აიძულოს ჩინეთის კომუნისტური პარტია, შეწყვიტოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანოების მოპოვების ნებისმიერი კამპანია.
ჩინეთის მთავარ საფიქრალთან, ტაივანთან ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, წარმომადგენელთა პალატა ასევე განიხილავს ტაივანის მოკავშირეების საერთაშორისო დაცვისა და გაძლიერების ინიციატივის (TAIPEI) 2019 წლის აქტში შესწორების შეტანას, რათა შეერთებულმა შტატებმა, როგორც ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა, წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნებისმიერ მცდელობას, მოაგვაროს ტაივანის სტატუსის საკითხი პროცედურების დამახინჯებით, არაკანონიერი ენისა თუ პოლიტიკის გამოყენებით. შესწორებული კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტს აშშ-ტაივანის ურთიერთობების გადახედვას და ანგარიშის განახლებას ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც ავალდებულებს. ტაივანის საერთაშორისო სოლიდარობის აქტი ასევე გულისხმობს ჩინეთის მიერ ტაივანის დიპლომატიური იზოლაციის მცდელობების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას და ავალდებულებს აშშ-ს ოფიციალურ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, მოუწოდონ საერთაშორისო პარტნიორებს წინააღმდეგობისკენ.