2025 წლის 26 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს:
ა) მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას;
ბ) ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც პეკინში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა, ასევე შეხვდა ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბანკების – ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის, ჩინეთის ბანკისა და ჩინეთის სამშენებლო ბანკის წარმომადგენლებს.
როგორც „სამოქალაქო იდეას“ წინა ანგარიშში აღინიშნა, ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის 2024 წლის მარტიდან მოყოლებული პერიოდულად იმართებოდა შეხვედრები, სადაც მხარეები თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავდნენ. შესაბამისად, 2025 წლის 26 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მოულოდნელ მოვლენას არ წარმოადგენდა.
ჩინეთის საბანკო სექტორთან თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ მზარდი ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ლოგიკური შედეგია. ჯერ კიდევ 2021 წლის 30 აგვისტოს, პარტია „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ უარს ამბობდა ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარებაზე, რომელიც 75 მილიონ ევროს შეადგენდა.
„ოცნების“ საგარეო პოლიტიკის პრო-ჩინურმა ვექტორმა მალევე იმოქმედა ქვეყნის საგარეო ვალის სტრუქტურაზეც. 2025 წლის მონაცემებით, საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს საგარეო საკრედიტო ვალდებულებები ჩინეთის მიერ დომინირებად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში. კერძოდ:
– აზიის განვითარების ბანკის მიმართ, სახელმწიფო ვალი 2,260 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს;
– აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიმართ კი, საქართველოს საგარეო ვალი 211 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბანკში ჩინეთი დომინანტურ აქტორად გვევლინება, მათთან თანამშრომლობა საქართველოს ე.წ „ვალის მახის დიპლომატიის“ საფრთხის წინაშე არ აყენებდა. მანამდე, საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩინეთის სამთავრობო ინსტიტუტებთან პირდაპირი თანამშრომლობა არ ჰქონია. თუმცა, 26 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ ანაკლიის პორტის შემდეგ, ქვეყნის ფინანსურ სექტორსაც ჩინეთის გავლენას დაუქვემდებარებს.
რა გამოწვევებს ქმნის ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა?
ჩინეთის საბანკო სექტორთან თანამშრომლობა საქართველოს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის.
ძირითადი პრობლემები, რომლებიც ჩინეთის საბანკო სექტორს ახასიათებს:
– კომპარტიის გავლენა: ჩინეთის საბანკო სექტორის ანალიზი აჩვენებს, რომ ჩინური ბანკები, ისევე როგორც ჩინური კომპანიები, მმართველი კომუნისტური პარტიის კონტროლს ექვემდებარებიან. აღსანიშნავია, რომ 2024 წლამდე ჩინეთის ცენტრალური ბანკი ფორმალურად „სახელმწიფო აგენტის“ სტატუსით არ ფუნქციონირებდა. თუმცა, 2024 წელს პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოაყენა ინიციატივა, რომლის მიზანია ცენტრალური ბანკის მმართველობაზე კომპარტიის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება. აღნიშნული ცვლილება ჩინეთის ფინანსური სისტემის „ჩინური მახასიათებლებით“ ფორმირებას ისახავს მიზნად. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ პროცესების შედეგად ჩინეთის ცენტრალური ბანკი კიდევ უფრო მკაცრი პარტიული კონტროლის ქვეშ მოექცევა.
– გაუმჭვირვალობა: დასავლური ბანკებისგან განსხვავებით, ჩინეთის ცენტრალური ბანკის საქმიანობა გამჭვირვალობის დაბალი სტანდარტითაა ცნობილი. კერძოდ, ბანკს არ გააჩნია მკაფიო საკომუნიკაციო სტრატეგია – ცენტრალური ბანკი გადაწყვეტილებებს ხშირად ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების, შეტყობინების ან მკაფიო ახსნა-განმარტებების გარეშე იღებს. ეს გარემოება სერიოზულ გამოწვევებს ქმნის როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.
– კორუფცია: კორუფცია და ფინანსური თაღლითური სქემები ჩინეთის ცენტრალური ბანკისთვისაც არ არის უცხო. მაგალითად, 2024 წელს, ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ფან იფეის, კორუფციის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
– ფინანსური პრობლემები და რისკები: კოვიდ-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ჩინეთის ეკონომიკას. Bloomberg-ის შეფასებით, ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტების დაახლოებით 13% “მაღალი რისკის” კატეგორიაში ხვდება. 2025 წლის მარტის მონაცემებით კი, ჩინეთის მთლიანი ვალი მშპ-ის 300 %-ს აღემატება. გარდა ამისა, აშშ-ჩინეთის მიმდინარე სავაჭრო ომის ფონზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ახალი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას.
აღნიშნული ფაქტორების შედეგია, რომ ჩინეთის საბანკო სისტემა კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მიზნების განხორციელების ინსტრუმენტად იქცა. ჩინეთი და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ცდილობენ, მოიპოვონ დომინანტური როლი გლობალურ ეკონომიკაში. ბოლო წლებში, სახალხო რესპუბლიკა და მასთან დაახლოებული ავტორიტარული რეჟიმები, მათ შორის, „ბრიქს“-ის წევრი ქვეყნები, აქტიურად ცდილობენ საერთაშორისო ეკონომიკაში დე-დოლარიზაციის პროცესის წახალისებას. ამ ტენდენციის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „ბრიქს“-ის წევრ ქვეყნებს 100 %-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა.
საერთაშორისო ვაჭრობის დე-დოლარიზაციის პროცესში ერთ-ერთ წამყვან აქტორად სწორედ ჩინეთის ცენტრალური ბანკი გვევლინება. 2024 წელს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 40-ზე მეტ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტთან სვოპ შეთანხმება გააფორმა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციამ მომავალში შესაძლოა ქვეყანა დასავლური სავალუტო სისტემისგან კიდევ უფრო დააშოროს.
ჩინური საბანკო სისტემის სპეციფიკის გამო, არაერთმა განვითარებადმა ეკონომიკამ დეფოლტი განიცადა. კერძოდ, ჩინეთის საკრედიტო პოლიტიკას რამდენიმე განმასხვავებელი მახასიათებელი აქვს, რომლებიც სესხის მიმღები ქვეყნებისთვის სერიოზულ გამოწვევებს ქმნის:
– კონფიდენციალურობა: როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველი გრანტ ტ. ჰარისი აღნიშნავს, “ჩინეთის სესხების უნიკალურობა მისი პირობების საიდუმლოებაშია”. ჩინეთის სამთავრობო ინსტიტუტებთან ხელმოწერილი ოფიციალური საკრედიტო ხელშეკრულებების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი კონფიდენციალურობაა, რაც ნიშნავს, რომ ხელშეკრულების პირობები და ზოგიერთ შემთხვევაში, თავად კონტრაქტის არსებობის ფაქტიც გასაიდუმლოებულია.
– ვალის რესტრუქტურიზაციის სირთულე: ჩინეთი არ არის ე.წ “პარიზის კლუბის[1]” წევრი სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, დებიტორ ქვეყანას სახალხო რესპუბლიკასთან მოლაპარაკებების პირისპირ წარმართვა უწევს. ასეთ შემთხვევებში, ორმხრივი მოლაპარაკებები, როგორც წესი, მოვალე ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო შედეგით სრულდება. ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია 2017 წლის შემთხვევა, როდესაც შრი ლანკამ ვალის გადაუხდელობის გამო, ჰამბანტოტას პორტის 70 % ჩინურ კომპანიას გადასცა.
– “ჯვარედინი დეფოლტის” პუნქტები: ჩინეთთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების უმრავლესობა მოიცავს ე.წ. “ჯვარედინი დეფოლტის” პუნქტებს, რომლის მიხედვითაც, თუ დებიტორი ქვეყანა ხელშეკრულების მიღმა არსებულ “სხვა ვალდებულებებს” ვერ შეასრულებს, ავტომატურად დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდება. აღნიშნული “სხვა ვალდებულებები” შესაძლოა მოიცავდეს ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, დებიტორ ქვეყანაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს და სხვა ფაქტორებს. შესაბამისად, “ჯვარედინი დეფოლტის” პუნქტები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აძლევს ძლიერ ბერკეტს, გავლენა მოახდინოს მოვალე ქვეყანაზე.
– “ვალის უზრუნველყოფის” მექანიზმები: ჩინეთის საკრედიტო პოლიტიკა ხასიათდება სესხის უზრუნველყოფის მკაცრი პირობებით, რაც ხშირად გულისხმობს ქონების ჩამორთმევის უფლებას. აღნიშნულმა პრაქტიამ ჩინეთს არაერთი სახელმწიფოს სუვერენიტეტის “შელახვის” საშუალება მისცა. მაგალითად, 2011 წელს ტაჯიკეთმა, ვალის გადაუხდელობის გამო, 1000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გადასცა ჩინეთს.
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების არსებული პრაქტიკა საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ჩინური სესხების საქართველოში შემოსვლა „ვალის მახის დიპლომატიის“ რეალურ საფრთხეს ქმნის. „ქართულ ოცნებასა“ და საქართველოში ოპერირებად ჩინურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და გარიგებები ხშირად ხასიათდებოდა გაუმჭვირვალობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანიების საქმიანობაში დარღვევები არაერთხელ დაფიქსირებულა, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც წესი, აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება არ მოუხდენია. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება“ ჩინური ბანკების მიმართაც ანალოგიურ მიდგომას შეინარჩუნებს, რაც ქვეყანას ე.წ „ვალის მახის დიპლომატიის“ მსხვერპლად აქცევს.
[1] პარიზის კლუბი არის არაფორმალური ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც კრედიტორების ჯგუფი მოვალე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ვალის პირობების ან რესტრუქტურიზაციის შესახებ.