ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გემებს, რომლებიც ეკუთვნის, ან რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიების, ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ, დამატებითი საპორტო გადასახადები დაეკისრებათ. გეგმა ძალაში 14 ოქტომბერს შევა და იგი ერთგვარი გეოპოლიტიკური სამაგიეროა ტრამპის ადმინისტრაციის სავაჭრო პოლიტიკის საპირწონედ.
აშშ-მ ცოტა ხნის წინ ახალი ტარიფები დააწესა ჩინურ საქონელზე, რაც პეკინში არასამართლიან ეკონომიკურ ზეწოლად აღიქვეს. ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ჩინეთის მიერ განხორციელებულ ექსპორტის კონტროლის პოლიტიკასთანაა მჭიდრო ბმაში, რომელიც მიზნად ისახავს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიებისთვის აუცილებელი სტრატეგიული მასალების, მაგალითად, იშვიათი მეტალებისა და მინერალების გაყიდვის შეზღუდვას. დასავლეთში ეს ქმედება შეფასდა, როგორც მიზანმიმართული მცდელობა, ზიანი მიადგეს აშშ-ის მომარაგების ჯაჭვებს, რომლებიც ჩინურ ნედლეულსა და მასალებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.
ამ კონტექსტში, ჩინეთის მიერ შემოღებული გადასახადების ეტაპობრივი ზრდა 2025-2028 წლებში — 400-დან 1,120 იუანამდე ტონაზე — ასახავს პეკინის გრძელვადიან სტრატეგიას, ერთი მხრივ, ამერიკულ ტარიფებს უპასუხოს სიმეტრიულად, ხოლო მეორე მხრივ, შეინარჩუნოს შესაძლებლობა მოქნილი პოლიტიკისთვის — ანუ, საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს როგორც გადასახადების დონე, ისე მათი გამოყენების მასშტაბი.
ამასთან, საგულისხმოა გადასახადების ადმინისტრაციული მოდელი, რომლის მიხედვითაც გადასახადი იზრდება გემის პირველ შემოსვლაზე და წელიწადში არაუმეტეს ხუთჯერ, რაც მიანიშნებს ჩინეთის მცდელობას, შეამციროს ზეგავლენა საერთაშორისო გადაზიდვებზე და თავიდან აიცილოს გლობალური სავაჭრო ქსელების დესტაბილიზაცია.
ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა „კანონის ფარგლებში გააგრძელებს საპასუხო ნაბიჯებს,“ რაც დიპლომატიურად შეფუთული გაფრთხილებაა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ პეკინი არ გამორიცხავს შემდგომ ეკონომიკურ კონტრზომებს.
ანალიტიკური კომპანია Linerlytica-ს შეფასებით, აშშ-ში მოქმედ ჩინურ ოპერატორებს შესაძლოა პირველივე წელს დაეკისროთ დაახლოებით 1.15 მილიარდი დოლარის გადასახადი, მაშინ როცა ამერიკული კომპანიების ტვირთი მხოლოდ 180 მილიონს აღწევს. ამგვარი კონტრასტი მკაფიოდ აჩვენებს ტარიფების ასიმეტრიას, რაზეც, როგორც აღინიშნა, პეკინი პროპორციული ზომებით ცდილობს პასუხს.
ამავე დროს, ჩინეთის გემთმფლობელთა ასოციაციამ ხელისუფლებას უფრო მკაცრი ნაბიჯებისკენ მოუწოდა, მათ შორის, უცხოურ გემებზე დამატებითი გადასახადების დაწესებისა და საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი საპასუხო ზომების დანერგვისკენ.
Alphaliner-ის მონაცემებით, ამერიკული ტარიფები 2026 წლისთვის მსოფლიოს წამყვან გადამზიდებს დაახლოებით 3.2 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ, ყველაზე მეტად კი ჩინეთის სახელმწიფო კომპანია Cosco Group დაზარალდება, რომელიც აშშ-ის მიმართულებით ერთ-ერთ უდიდეს ფლოტს ინარჩუნებს.
მოსალოდნელია, რომ აღნიშნული საკითხი გახდება ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შეხვედრაზე, რომელიც თვის ბოლოს არის დაგეგმილი. ექსპერტების შეფასებით, საპორტო ტარიფების ეს დაპირისპირება სავაჭრო პოლიტიკის ახალ ეტაპს გახსნის, სადაც ეკონომიკური ზომები სულ უფრო მეტად გადაიქცევა გეოპოლიტიკურ ბერკეტად.