ჩინეთი ბრიტანეთის უნივერსიტეტის აკადემიური თავსიუფლების ხელყოფის ფაქტშია მხილებული

ბრიტანეთის უნივერსიტეტში (Sheffield Hallam University) ჩინეთი პროფესორ ლორა მერფის კვლევის შეჩერების მიზეზი გახდა. კვლევა ეხებოდა უიღურ (თურქულენოვანი მუსლიმი ეთნიკური უმცირესობა ჩინეთის სინძიანგის, უიღურთა ავტონომიურ რეგიონში) მუსლიმთა იძულებით შრომას ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონ სინძიანგში. ჩინეთის მხრიდან ზეწოლის პრაქტიკა ორი წელია გრძელდება, მათ შორის უნივერსიტეტის თანამშრომლებზე ცალკეული პირებისაგან, რომლებიც თავს ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებად ასახელებდნენ. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ჩინეთიდან უნივერსიტეტის ვებგვერდზე წვდომაც დაიბლოკა. დიდი ბრიტანეთი საკითხს არა მხოლოდ ადამიანის უფლების სერიოზულ დარღვევად მიიჩნევს, არამედ მოვლენა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესის დარღვევად არის კლასიფიცირებული, თუმცა უნივერსიტეტმა კვლევა შეაჩერა ორწლიანი ზეწოლის შემდეგ.

მნიშვნელოვანია თავად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის როლიც, რომლის დირექტივითაც პროფესორ მერფის აღარ შეეძლო კვლევის პროცესის გაგრძელება მუსლიმთა იძულებითი შრომის შესახებ. პროფესორის ინიციატივით, სამართლებრივი დავა დაიწყო უნივერსიტეტთან, ვინაიდან ირღვეოდა ინდივიდის აკადემიური თავისუფლება.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პირდაპირ აწარმოა მოლაპარაკებები უცხოეთის სადაზვერვო სამსახურთან. მათ გაცვალეს პროფესორის აკადემიური თავისუფლება ვებსაიტზე წვდომის განახლებაში“ განაცხადა პროფესორმა მერფმა. მნიშვნელოვანი საკითხია, რომ უნივერსიტეტში ჩინეთიდან მრავალი სტუდენტი აგრძელებდა სწავლას, ხოლო ვებსაიტზე წვდომის შეზღუდვის შემდეგ, ბუნებრივია, პროცესი შეჩერდა.

ლონდონში ჩინეთის საელჩომ BBC-ს განუცხადა, რომ „შეფილდ ჰალამის უნივერსიტეტის ჰელენა კენედის ცენტრმა გამოაქვეყნა ყალბი ინფორმაციის შემცველი ანგარიში სინძიანგის შესახებ“. საელჩომ დასძინა, „გამოვლინდა, რომ ამ ანგარიშების ზოგიერთმა ავტორმა დაფინანსება მიიღო აშშ-ის სააგენტოებისგან“. პროფესორი მერფი BBC-სთან აღნიშნავს, რომ დაფინანსება აშშ-ის ჰუმანიტარული მეცნიერებების ეროვნული ფონდისგან (National Endowment for Humanities) მიიღო, რომლის მიზანი იყო ავტობიოგრაფიული ანგარიშის მომზადება იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იძულებით შრომაში იყვნენ ჩართულნი.

ზეწოლამ 2024 წლიდან აქტიურ ფაზას მიაღწია. 2024 წლის 18 აპრილს „ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სამი ოფიცერი“ ეწვია შეფილდ ჰალამის ოფისს ჩინეთში. ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა Helena Kennedy Centre for International Justice-ის დაკითხვა სამომავლო და მიმდინარე კვლევების შესახებ, ვინაიდან პროფესორი მერფი სწორედ HKC ინსტიტუტის სახელით ამზადებდა კვლევას.

მანამდე 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული იყო ცენტრის კვლევა, რომელიც ამხელდა სინძიანგის რეგიონში ადამიანთა ექსპლუატაციის პრაქტიკას ტანსაცმლის წარმოებისა და მიწოდების პროცესში. ანგარიშში ნახსენები იყო ჰონგ-კონგის კომპანია Smart Shirts Ltd, რომელმაც უნივერსიტეტის წინააღმდეგ ცილისწამებისათვის სარჩელი შეიტანა. ლონდონის უზენაესმა სასამართლომ წინასწარი დადგენილებით გამოიტანა დასკვნა, რომ ანგარიში ნამდვილად შეიცავდა კომპანიისათვის ფინანსურად დამაზიანებელ შინაარს, მაგრამ ინფორმაციის ვალიდურობის საკითხი კითხვის ქვეშ არ დამდგარა.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ პროფესორი მერფის რეპუტაციაც. საერთაშორისო დონეზე მისი კვლევები დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის პარლამენტში დიდი რეპუტაციით სარგებლობდა და რეკომენდაციის ფუნქციასაც ასრულებდა პოლიტიკის შემუშავების პროცესში. 2023 წელს მერფი აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა (the US Department of Homeland Security), სადაც Uyghur Forced Labour Prevention Act-ის განხორციელებაში მონაწილეობდა. ფაქტობრივად ამ წლებში მერფი მუდამ იძულებითი შრომის პრაქტიკის კვლევით იყო დაკავებული. მისი არყოფნის დროს, Sheffield Hallam-ის უნივერსიტეტმა, 2024 წლის აგვისტოში, მიიღო გადაწყვეტილება იძულებით შრომასთან დაკავშირებული კვლევის შეწყვეტის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი კვლავ ფინანსდებოდა გარე დონორების მიერ. აღნიშნული ფაქტი, მერფის დაბრუნების შემდეგ, გახდა ცნობილი. უნივერსიტეტი გადაწყვეტილების ვალიდაციას უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლით ხსნიდა, რადგან საფრთხე ექმნებოდა თანამშრომელთა უსაფრთხოებას როგორც ბრიტანეთში, ისე ჩინეთში. 

მერფის შეფასებით, უნივერსიტეტმა კომერციულ ინტერესებს მიანიჭა პრიორიტეტი. უნივერსიტეტის წარმომადგენლები უგულვებელყოფენ კომერციულ მოტივს, ვინაიდან 2024-2025 წლებში ჩინეთიდან მხოლოდ 73 სტუდენტი ფიქსირდებოდა. თუმცა, ჩინეთის საელჩოს განცხადებით, 200 000-ზე მეტი ჩინელი სტუდენტი სწავლობდა ბრიტანეთში ამავე პერიოდისათვის.

საკითხს ეხმიანება ჰელენა კენედიც, რომელიც ჩინეთის მხრიდან იძულებითი შრომის პრაქტიკაზე კვლევითი საქმიანობის გამო თავადაც დასანქცირდა. მისი თქმით, ბრიტანეთის უნივერსიტეტები ფინანსურად დამოკიდებული გახდნენ ჩინეთზე, რამაც აკადემიური სფერო კომერციულ ინტერესებს მოარგო, ხოლო ინდივიდის ინტელექტუალური თავისუფლება ხელყო.

ავტორი: მარიამ არაბაშვილი 

Scroll to Top