ჩინეთი დავოსში გლობალურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობს

20 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ფარგლებში, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ჰე ლიფენგმა ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური გზავნილები წარმოადგინა, რომლებიც ღია ბაზრების გაფართოებას, მრავალმხრივ თანამშრომლობასა და გლობალური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას ეფუძნება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს სახელმწიფოების ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების განსახილველად.

სპეციალურ მიმართვაში ჰე ლიფენგმა განაცხადა, რომ ჩინეთი გააგრძელებს ეკონომიკის გახსნას და უცხოური ბიზნესისთვის ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. მისი თქმით, ქვეყანა განაგრძობს მაღალი დონის ღიაობის პოლიტიკას, გააძლიერებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და შექმნის თანაბარ პირობებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიებისთვის.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ჩინეთის განვითარება „არ წარმოადგენს საფრთხეს, არამედ შესაძლებლობას“ გლობალური ეკონომიკისთვის. მისი თქმით, პეკინი მზად არის იმპორტის გაზრდისთვის, რაც საერთაშორისო პარტნიორებისთვის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის.

ჰე ლიფენგმა ყურადღება გაამახვილა გლობალური ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც და განაცხადა, რომ პროტექციონიზმისა და ეკონომიკური იზოლაციის ნაცვლად აუცილებელია დიალოგი და თანამშრომლობა, რაც გლობალური სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად რჩება.

ამავე ფორუმის ფარგლებში სხვა ლიდერებმაც ისაუბრეს გლობალურ ეკონომიკაში ჩინეთის როლთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დავოსში გამოსვლისას აღნიშნა, რომ გლობალური ეკონომიკური კონკურენცია საჭიროებს მკაფიო წესებსა და სამართლიან ჩარჩოებს, რათა საერთაშორისო ეკონომიკური სისტემა დარჩეს სტაბილური და პროგნოზირებადი.

ამ კონტექსტში მან ჩინეთი გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორად მოიხსენია და ზოგადად იმ რისკებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი შეფასებით, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ინდუსტრიული პოლიტიკის შედეგად შეიძლება წარმოიშვას საერთაშორისო ბაზრებზე. მაკრონის თქმით, მსგავსი ფაქტორები შესაძლოა გავლენას ახდენდეს კონკურენციის სამართლიანობაზე და დამატებით ზეწოლას ქმნიდეს ევროპულ წარმოებაზე, რაც საერთაშორისო ეკონომიკური წესების უფრო მკაფიო დაცვას საჭიროებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ გამოსავალი არ უნდა იყოს კონფრონტაცია, არამედ დიალოგზე, თანამშრომლობასა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო ჩარჩოებზე დამყარებული პოლიტიკა.

ამავე ფორუმზე ბიორგე ბრენდემ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ „გლობალური გაურკვევლობის პირობებში დიალოგი არ არის ფუფუნება, არამედ აუცილებლობა“, რაც ეკონომიკური ფრაგმენტაციისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ამასთან, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინფორმაციით, დავოსში შეხვედრა 20-24 იანვარს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 3 000-მდე წარმომადგენელი 130 ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან.

წყარო:

China Global Television Network

The World Economic Forum

CNBC-TV18

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top