2025 წლის 19 მარტს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა “ერთობლივი თეთრი ფურცელი ევროპის თავდაცვითი მზადყოფნის შესახებ – 2030” (Joint White Paper for European Defence Readiness 2030). დოკუმენტი წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას და კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმების განვითარებას.
„თეთრი ფურცლის“ მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი ცვლილებებს განიცდის. ევროკავშირის გაფართოებულ სამეზობლოში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და ჩრიდლოეთ აფრიკაში, დიდ სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული კონკურენცია იზრდება. ტრანსატლანტიკური ერთობა ახალ გამოწვევებს აწყდება მზარდი ავტორიტარული რეჟიმების სახით. შესაბამისად, დოკუმენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერება მოითხოვს ინვესტიციების ზრდას და წევრ სახელმწიფოებს შორის სოლიდარობის განმტკიცებას.
„თეთრი ფურცლის“ შესავალ ნაწილში განხილულია ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ შექმნილი საფრთხეების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთს:

“თეთრი ფურცელი” ევროპული უსაფრთხოების “ფუნდამენტურ” საფრთხედ რუსეთის ფედერაციას ასახელებს და აღნიშნავს, რომ მოსკოვი ამ სტატუსს “უახლოეს მომავალშიც” შეინარჩუნებს. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი დესტაბილიზაციის წყაროს წარმოადგენს ევროკავშირის ახლო სამეზობლოში, მათ შორის, საქართველოში.
გარდა ამისა, “თეთრი ფურცელი” ევროკავშირის კოლექტიური უსაფრთხოების მეორე უმთავრეს გამოწვევად ჩინეთს ასახელებს. საყურადღებოა, რომ დოკუმენტის თანახმად, ჩინეთის გავლენით გამოწვეული საფრთხეების ბუნება “სტრატეგიულად” ჰგავს რუსული ექსპანსიით გამოწვეულ საფრთხეებს. შესაბამისად, ევროკომისია ჩინეთს რუსეთის მსგავს გამოწვევად მიიჩნევს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეს “სისტემური” ხასიათი აქვს, რაც რამდენიმე მნიშნელოვან ფაქტორზეა დაფუძნებული:
- ეს საფრთხე გამომდინარეობს სახელმწიფოსგან, რომლის მმართველობა არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სისტემაზეა დაფუძნებული .
- ეს საფრთხე მომდინარეობს სახელმწიფოსგან, რომელიც ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიის მეშვეობით ცდილობს “უპირატესობისა და ზოგჯერ უპირობო უპირატესობის” მიღწევას.
დოკუმენტის მიხედვით, ის ფაქტი, რომ ჩინეთი ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, არ ცვლის პეკინისგან მომდინარე საფრთხის რეალობას. კერძოდ,
- თავდაცვის ხარჯების მიხედვით, ჩინეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მისი თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანად აღემატება აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების თავდაცვის ხარჯებს.
- ჩინეთი აქტიურად ავითარებს სამხედრო შესაძლებლობებს, მათ შორის, ბირთვულ, კოსმოსურ და კიბერსივრცეებში.
- ჩინეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობები გაუმჭვირვალეა, რადგან ოფიციალური პეკინი თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.
- სამხედრო ინდუსტრიის მოდერნიზაცია ჩინეთში ხასიათდება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი ზრდით.
- ჩინეთი, ტაივანის წინააღმდეგ აძლიერებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, კოგნიტური და კიბერ საშუალებების გამოყენებას.
“თეთრი ფურცლის” მიხედვით, ჩინეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ცვლის ძალთა ბალანსს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. გარდა ამისა, ჩინეთის ქმედებები დესტაბილიზაციას იწვევს რიგ რეგიონებში, მათ შორის, აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში, ასევე, ზოგადად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. დოკუმენტის მიხედვით, ტაივანის სრუტის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში, ევროკავშირმა შესაძლოა წვდომა დაკარგოს ძირითად რესურსებსა და კრიტიკულ ტექნოლოგიებზე. შესაბამისად, აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში პეკინის ქმედებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროკავშირის უსაფრთხოებაზე.
“თეთრი ფურცელი” რუსეთისა და ჩინეთის სახით არსებული მზარდი გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის კოლექტიური თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის საჭიროებას. დოკუმენტი მოიცავს 2030 წლამდე ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების ვრცელ გეგმას, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებასაც ითვალისწინებს.