ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ინფორმაციით, ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს. სამი ქვეყნის წარმომადგენლები 25 აპრილს პეკინში საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენლებს(IAEA), მათ შორის სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდნენ.
Xinhua-ს ცნობით, განხილვები შეეხებოდა IAEA-ს როლს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პოლიტიკური და დიპლომატიური პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობაში. ჩინეთმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ირანის დიალოგში ჩართვასთან დაკავშირებით ყველა შესაბამის მხარესთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან.
14 აპრილს, პეკინში გამართულ კიდევ ერთ სამმხრივ შეხვედრაზე, ჩინეთისა და რუსეთის მხარეებმა მანამდეც დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა ირანის მშვიდობიანი ბირთვული მიზნების მიმართ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ირანის უფლებას, როგორც ბირთვული იარაღის გავრცელების აკრძალვის ხელშეკრულების (NPT) წევრმა, გამოიყენოს ბირთვული ენერგია სამოქალაქო მიზნებისთვის. რუსეთმა, ირანმა და ჩინეთმა ერთობლივად მოუწოდეს ყველა სახელმწიფოს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც IAEA-ს ტექნიკურ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მუშაობას დააზიანებს.
ჩინეთი განსაკუთრებულ აქცენტებს სვამს ირანსა და აშშ-ს შორის დიალოგის მხარდაჭერაზე. 23 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ, ირანელ კოლეგასთან საუბრისას, კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ პეკინი ეწინააღმდეგება ძალის გამოყენებას და, როგორც ვანგ იმ უწოდა, „უკანონო“ ცალმხრივ სანქციებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-მ ბოლო პერიოდში ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებს ირანული ნავთობის შეძენის გამო დამატებითი სანქციები დაუწესა.
ამავე კვირაში, პოდკასტში გამოსვლისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შესაძლო კომპრომისზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაშინგტონი მზად არის დაუშვას, რომ ირანს ჰქონდეს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ იგი მთლიანად იმპორტირებულ ბირთვულ საწვავზე იქნება დამოკიდებული. ეს ირანს საშუალებას მისცემს გამოიყენოს ბირთვული რეაქტორები ენერგიის წარმოებისა და სხვა სამოქალაქო მიზნებისთვის, თუმცა ბირთვული იარაღის შექმნისკენ მიმავალ გზას შეზღუდავს ურანის რესურსის გამდიდრების ბლოკირებით.
„ეს ის არის, რასაც სხვა ბევრი ქვეყანა უკვე აკეთებს,“ – თქვა რუბიომ. „თუ ირანს სურს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა, შეუძლია ჰქონდეს — მაგრამ უნდა გამოიყენოს იმპორტირებული რესურსები.“
რუბიოს პოზიცია ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მაიკ ვოლცის მიერ ადრე წამოყენებულ მკაცრ მოთხოვნასთან შედარებით შერბილებულია. უოლცი მოითხოვდა ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის სრულ დემონტაჟს.
აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებები შაბათს განახლდება.