18 აპრილს, თეთრი სახლის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა კოვიდ 19-ის შესახებ ვებსაიტი, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად წარმოიშვა. გარდა ამისა, ვებგვერდი აკრიტიკებდა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, აშშ-ს ჯანდაცვის სფეროში ყოფილ მაღალჩინოსანს, ენტონი ფაუჩის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO).
Xinhua-ს მიერ გავრცელებულ სამთავრობო საინფორმაციო დოკუმენტში ჩინეთი აშშ-ს კოვიდ-19-ის წარმოშობის პოლიტიზებაში სდებს ბრალს და ამის დასადასტურებლად მისურის სარჩელს იყენებს, რომლის შედეგადაც ჩინეთს 24 მილიარდი დოლარის ვალდებულება დაეკისრა ეპიდემიის საწყისების დამალვისა და დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის გადამეტებულად დაპატრონების გამო.
დოკუმენტი აღნიშნავს, რომ არსებობს დამადასტურებელი საბუთები იმისა, რომ კორონავირუსი იმაზე ადრე წარმოიშვა აშშ-ში, ვიდრე ოფიციალურად განცხადებული ვადები ამტკიცებს. დამატებით, ჩინეთი საუბრობს აშშ-ს მთავრობის მიერ ეპიდემიის სიმძიმის უგულებელყოფასა და მის გრიპთან შედარებაზე და იმის მტკიცებაზე, რომ კორონავირუსი ერთ დღესაც ავტომატურად გაქრებოდა. დოკუმენტი მიუთითებს, რომ აშშ-ს მსგავსი მიდგომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საერთაშორისო კოოპერაცია და ამერიკის მთავრობის მიერ ინფორმაციის დამალვამ სხვა ქვეყნებსა და WHO-ს პანდემიასთან დაკავშირებულ კვლევებში ხელი შეუშალა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩინური მხარე ქვეყნის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ჩინეთისა და WHO-ს მიერ ჩატარებულ ერთობლივ კვლევას იყენებს, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ლაბორატორიებიდან ეპიდემიის გაჟონვა „უკიდურესად არასავარაუდოა“. ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს უპასუხოს საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმურ შეშფოთებას.
კორონავირუსის წარმოშობის შესახებ განახლებული დისკუსია აშშ-სა და ჩინეთს შორის გაძლიერებული დაძაბულობის ნაწილია, რომელიც როგორც სავაჭრო, ისე სხვა არაერთ სფეროში გამოიხატება – აღნიშნულ ქვეყნებს შორის მზარდი კონკურენციის პირობებში ყურადღების ცენტრში ექცევა ყოველი ის საკითხი, რომელიც მხარეებს უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება.