1 მარტს ჩინეთმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები ,,მიუღებლად’’ შეაფასა, სპარსეთის ყურეში დესტაბილიზაციის რისკზე ისაუბრა და მხარეებს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.
პეკინის ოფიციალური განცხადების თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ ი-მ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მიუღებელია აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმა აშშ-ირანის მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში.
ვანგ ი-ს შეფასებით, სამხედრო დარტყმები ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს და კონფლიქტის დიპლომატიური გზით რეგულირებაზე უარის თქმას გულისხმობს. მან ასევე გააკრიტიკა ის, რასაც სუვერენული სახელმწიფოს ლიდერის მიზანმიმართულ ,,ლიკვიდაციად’’ მიიჩნევს და მიუღებლად შეაფასა ნებისმიერი ქმედება, რომელიც რეჟიმის ცვლილების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
გაეროში ჩინეთის წარმომადგენელმა ფუ კონგმა განაცხადა, რომ პეკინი ,,ღრმად დამწუხრებულია’’ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლით. მისი თქმით, შეიარაღებულ კონფლიქტში ,,წითელი ხაზი’’ არ უნდა გადაიკვეთოს და სამოქალაქო პირთა უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.
ფუ კონგის ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც Reuters-ის ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩინეთისა და რუსეთის მოთხოვნით 28 თებერვალს შედგა. ორივე მხარე კონფლიქტის ესკალაციის შეჩერებას და კრიზისში დიპლომატიური მექანიზმების ამოქმედებას მოითხოვდა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიამ პეკინის პოზიცია იმავე აქცენტით გააშუქა და აღნიშნა, რომ პეკინი ძალის გამოყენებას ეწინააღმდეგება. ამასთან, მხარეებს მოუწოდა, კრიზისის განმუხტვა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოლაპარაკებების გზით განაგრძონ.
ჩინეთის მკაცრი კრიტიკა მხოლოდ პოლიტიკას არ უკავშირდება, მას ძლიერი ეკონომიკური მოტივიც უდევს საფუძვლად. თუ სპარსეთის ყურეში ვითარება გაჭიანურდება, ჩინეთის ენერგომომარაგების მარშრუტები აღმოჩნდება წნეხის ქვეშ: გაიზრდება გადაზიდვისა და დაზღვევის ღირებულება, და შესაბამისად, იმპორტის ხარჯებიც. ჰორმუზის სრუტე აზიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტია. აშშ-ის მონაცემებით, სრუტეზე გამავალი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი სწორედ აზიის ბაზრებს ამარაგებს, ხოლო ჩინეთი აღნიშნული პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია.
ავტორი: მარიამ სიმსივე




