ჩინეთი კანადას საპასუხო ტარიფებს უწესებს

ოქტომბერში ჩინურ ელექტრომობილებსა და ფოლადზე დაწესებული  ტარიფების საპასუხოდ, პეკინმა ახალი ტარიფები დაანონა. ტარიფები 2,6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე 20 მარტს დაწესდება.

პეკინში საპასუხო ნაბიჯების გადადგმის გადაწყვეტილება ანტიდისკრიმინაციული გამოძიების შემდეგ მიიღეს, რომლითაც დადგინდა, რომ კანადის შემაკავებელმა ზომებმა ზოგიერთი ჩინური პროდუქტის მიმართ ნორმალური სავაჭრო წესრიგი შეაფერხა და  ჩინური საწარმოების უფლებებსა და ინტერესებს ზიანი მიაყენა.

მეორე მხრივ, კანადის განცხადებით, ტარიფები ჩინურ საქონელზე მას შემდეგ შემუშავდა რაც ჩინური ელექტრომობილებისა და სხვა პროდუქტების წინააღმდეგ აშშ-მ და ევროკავშირმა მსგავსი ინიციატივა განახორციელეს. დასავლური მთავრობების თქმით, ჩინეთის სუბსიდიები მის ინდუსტრიას უსამართლო უპირატესობას აძლევს, რის გამოც მსგავსი ზომების მიღება აუცილებელია.

ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთის დაგვიანებული რეაქცია ოტავას ოქტომბრის ტარიფებზე,  შესაძლებლობების შეზღუდულობამ და სტრატეგიული მიდგომამ განსაზღვრა. პეკინი აშშ-სა და ევროკავშირთან მიმდინარე სავაჭრო დავების გამო ამჟამად დაძაბულ რეჟიმში იმყოფება. ამ ყოველივემ კი მათ დღის წესრიგში კანადა ნაკლებად პრიორიტეტულად აქცია. შედეგად, საპასუხო ზომების მიღებას თვეები დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი კანადის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. ჩინეთის საბაჟო მონაცემებით, 2024 წელს კანადამ ჩინეთში 47 მილიარდი დოლარის საქონელი გაიტანა, რაც ხაზს უსვამს მათი სავაჭრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ავტორი: ლიზა ბარბაქაძე

Scroll to Top