ჩინეთი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

14 თებერვლიდან 16 თებერვლამდე მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა, რომელზეც ქვეყნების წარმომადგენლებმა მსოფლიოს წინაშე მდგომი საფრთხეებისა და სირთულეების შესახებ ისაუბრეს. ფორუმზე ისაუბრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, ვანგ იმ, რომელმაც ქვეყნის ხედვა განიხილა. მისი გამოსვლის გარდა, ჩინეთის პერსპექტივაზე ინფორმაცია Deutsche Welle-მ ჩინელი სამხედრო ექსპერტის, ჭოუ პოსგანაც მიიღო.

ვანგ ის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი აშშ-სთან ურთიერთობა იყო – მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს ვაშინგტონთან კონფლიქტი არ სურს, ის მაინც „ბოლომდე მიჰყვება“ ამ დაპირისპირებას და უპასუხებს „ცალმხრივი ბულინგის პრაქტიკას“, თუ ქვეყანა გააგრძელებს ჩინეთის გავლენების ჩახშობის მცდელობებს. ჭოუ პოს მიხედვით, ჩინეთი, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტისგან, ჯეი დი ვენსისგან, აშშ-სა და ჩინეთის დაპირისპირებაზე საუბარს ელოდნენ და გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც ასე არ მოხდა.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის ომის თემასაც და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში კონფლიქტის ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული. მისი თქმით, ჩინეთი პოზიტიურად აფასებს ყველა ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენაა მიმართული, მათ შორის ნებისმიერ კონსენსუსს, რომელსაც აშშ და რუსეთი მიაღწევენ. პოს მიხედვით, ჩინეთის როლი კონფლიქტის გადაწყვეტაში იმ მხრივაც იკვეთება, რომ დონალდ ტრამპმა თავის მხრივ მას ჩართვისაკენ მოუწოდა. მისი აზრით, ჩინეთი უნდა ჩაერთოს უკრაინისთვის და რუსეთისთვის კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიის შექმნაში. მან ასევე განაცხადა, რომ როდესაც საუბარი ცეცხლის შეწყვეტამდე მივა, მნიშვნელოვანი იქნება „ჩინეთისა და ჩინეთის მსგავსი ქვეყნების, [მაგალითად], ინდოეთის“ როლი, ვინაიდან სხვა ქვეყნების მიერ გაგზავნილი მშვიდობისმყოფელები რუსეთმა შესაძლოა აგრესიად აღიქვას. კიდევ ერთი გზა, რომლითაც ჩინეთი შესაძლოა ამ პროცესში ჩაერთოს, პოს აზრით, ომის შემდეგი ქვეყნის რეკონსტრუქციაა – „ჩინეთს ამის გაკეთება უფრო სწრაფად და იაფად შეუძლია“.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მინისტრმა ევროკავშირზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა გაზარდოს სტრატეგიული კომუნიკაცია ბლოკთან. იმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გერმანიასთან კოოპერაციაზე ოლაფ შოლცთან შეხვედრისას და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია „განაგრძობდა კონსტრუქციული როლის თამაშს სავაჭრო დაძაბულობებისა თუ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არსებული სხვა პრობლემების სწრაფად გადასაჭრელად“. აღნიშნული საკითხი პომაც განიხილა და თქვა, რომ ევროპასთან ცუდი ურთიერთობა ჩინეთის ინტერესებში არ შედის.

Scroll to Top