ჩინეთი შტატებს ახალ ბრალდებას უყენებს. პეკინის ანტიმონოპოლიური მარეგულირებლების ჯგუფმა გამოძიება დაიწყო. როგორც აცხადებენ, ვაშინგტონის კონსორციუმი პანამის არხის პორტებთან დაკავშირებული ორი გარიგების დაგვიანებასა და გადადებას განზრახ ცდილობს. შეთანხმება საბოლოოდ ამ კვირაში უნდა გაფორმებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.
ამ გარიგებას ხელმძღვანელობდა BlackRock, მსოფლიოში უმსხვილესი აქტივების მენეჯერი, რომელიც 11,6 ტრილიონი დოლარის მოცულობის აქტივებს ფლობს. BlackRock განიხილებოდა, როგორც რეგიონში დაძაბულობის შემსუბუქების ერთ-ერთი საშუალება და მისი ჩართვა ამ პროცესებში გასულ თვეს გადაწყდა. BlackRock დათანხმდა, ეხელმძღვანელა ჯგუფისთვის, რომელიც შეისყიდის ჰონგ კონგის ფირმა CK Hutchison’s-ის მფლობელობაში არსებულ ინტერესებს 43 სხვადასხვა პორტში, ეს კი მოიცავს 199 ნავსადგომს მსოფლიოს 23 ქვეყანაში.
თუმცა, ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციამ, ბაზრის მთავარმა მარეგულირებელმა სახელმწიფოში, განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოიძიება არსებულ გარიგებასთან დაკავშირებით, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი კანონის გათვალისწინებით მოხდა და დაცული იყო როგორც ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პრინციპი, ისე საზოგადოებრივი ინტერესები.
ამ განცხადების შემდეგ CK Hutchinson-მა გადაწყვიტა, რომ ამ კვირაში პანამის ორ პორტთან დაკავშირებული შეთანხმებების ხელმოწერა აღარ მოხდება.
წინა თვის დასაწყისში, ინვესტორთა ჯგუფმა BlackRock-ის ხელმძღვანელობით განაცხადა, რომ დახარჯავს 22,8 მილიარდ დოლარს CK Hutchison-ისგან პანამის არხის ორ ბოლოზე არსებული ბალბოას და კრისტობალის პორტების შესაძენად.
მაიკ უოლცმა, ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გასული თვის ბოლოს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პანამის ხელმძღვანელობამ დაიწყო „მოლაპარაკება არხის ორივე მხარეს პორტების მართვის შესახებ“.
პანამის არხის მშენებლობა აშშ-მა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო და 1914 წელს დაასრულა. ამ საუკუნის საკმაოდ დიდი პერიოდი პანამის არხს მართავდა შტატები, თუმცა კარტერის ადმინისტრაციის პერიოდში ის პანამას გადაეცა და 1999 წლიდან მოყოლებული არხს ოპერირებს პანამა. დონალდ ტრამპმა, ადმინისტრაციაში მოსვლისთანავე, პანამის არხთან დაკავშირებით მკაცრი პოზიციები დააფიქსირა. კერძოდ, პრეზიდენტმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება ჩინური კომპანიის, CK Hutchison-ის მიერ პანამის არხის პორტების ექსპლუატაციის გამო. შედეგად, CK Hutchison პოზიციების დათმობის გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი წილების გაყიდვას დათანხმდა.