Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთმა წინადადება წამოაყენა სამიტის გამართვის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, რაც უკრაინაში ომის დასრულების მცდელობის ნაწილს წარმოადგენს.
გამოცემა, ვაშინგტონსა და პეკინში წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ტრამპის გუნდს შუამავლების მეშვეობით მიმართეს და შესთავაზეს, რომ პეკინს შეეძლო ორი ლიდერის შეხვედრის ორგანიზება და დახმარება შესაძლო სამშვიდობო ზავის მიღწევაში.
როცა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე ამ საკითხზე ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ “არ აქვს ინფორმაცია გასაზიარებლად.”
ტრამპმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ცალ-ცალკე ესაუბრა როგორც პუტინს, ისე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, და ორივემ გამოხატა სურვილი მშვიდობის მიღწევის შესახებ. სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა აშშ-ის უმაღლეს ოფიციალურ პირებს დაავალა “დაიწყონ მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულებაზე.”
კრემლმა დაადასტურა, რომ პუტინი და ტრამპი შეხვედრაზე შეთანხმდენენ, ხოლო პუტინმა ტრამპი მოსკოვში მიიწვია. ტრამპის თქმით, მათი პირველი შეხვედრა “ალბათ” საუდის არაბეთში გაიმართება.
ჩინეთი, მოვლენებზე საპასუხოდ, მიესალმება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას. “ჩინეთი მოხარულია, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები აძლიერებენ კომუნიკაციას საერთაშორისო საკითხებზე,” – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ჯიაკუნმა და დაამატა, რომ “რუსეთი და შეერთებული შტატები ორივე გავლენიანი დიდი ქვეყნები არიან.”
სამწლიანი ომის ადრეული ეტაპების შემდეგ, მხარეებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ გამართულა. ტრამპის წინამორბედი, ჯო ბაიდენი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინთან პირდაპირი კომუნიკაციისგან თავს იკავებდა.
“ჩინეთი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები ერთადერთი შესაძლო გზაა კრიზისის გადასაჭრელად და ყოველთვის იდგა მშვიდობისა და დიალოგის ხელშეწყობის პოზიციაზე,” – განაცხადა გუომ. “ჩინეთი უჭერს მხარს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას და გააგრძელებს კომუნიკაციას შესაბამის მხარეებთან, რათა კონსტრუქციული როლი შეასრულოს კრიზისის მოგვარების ხელშეწყობაში.”
დასავლეთის ქვეყნებმა რამდენჯერმე მოუწოდეს ჩინეთს, რუსეთთან მჭიდრო კავშირები გამოყენებინა ომის დასასრულებლად. პეკინი ამტკიცებს, რომ თავად არ არის კონფლიქტის მხარე, თუმცა მუდმივად ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებების წახალისებას თავისი პირობებით.
თუმცა, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს მიერ 13 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიში ჩინეთის ჩართულობის სხვა მხარეს აჩვენებს. სააგენტოს ცნობით, ჩინეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის სამხედრო დრონების წარმოებაში და მოქმედებს როგორც ჰაბი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი დასავლური ნაწილების მოსკოვის შეიარაღებულ ძალებამდე კონტრაბანდული გზით მიწოდებას უზრუნველყოფს.
ესტონეთის წლიური ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშის მიხედვით, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ამჟამად რუსეთში აღმოჩენილი ამგვარი ნაწილების დაახლოებით 80% ჩინეთიდან შედის. ამასთან, უკრაინული ანგარიშების თანახმად, საბრძოლო ველზე აღმოჩენილი რუსული იარაღის უცხოური ნაწილების დაახლოებით 60% ასევე ჩინეთის მეშვეობით იყო მიწოდებული.
გასულ წელს, ჩინეთმა და ბრაზილიამ ერთობლივად წამოაყენეს შეთავაზება საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის გამართვის შესახებ “შესაბამის დროს,” და უკრაინასა და რუსეთს “თანაბარი მონაწილეობისკენ” მოუწოდეს.
რუსეთი ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს აკონტროლებს და ამტკიცებს, რომ კიევმა უნდა დათმოს დამატებითი ტერიტორიები და მიიღოს მუდმივი ნეიტრალიტეტი, როგორც ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი. უკრაინა, თავის მხრივ, მოითხოვს რუსეთის სრულ გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ცდილობს ნატოში გაწევრიანებას ან შესაბამისი უსაფრთხოების გარანტიების მიღებას, რათა მომავალში მოსკოვის მხრიდან მორიგი თავდასხმა თავიდან აიცილოს.