ჩინეთი, როგორც გამოწვევა აშშ-ს ყოველწლიური საფრთხეების შეფასების დოკუმენტში

აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების საფრთხეების ყოველწლიური შეფასების ანგარიში ხაზს უსვამს ჩინეთისგან მომდინარე სამხედრო და კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს, განსაკუთრებით მის ტაივანთან დაკავშირებულ ამბიციებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა სტაბილურ პროგრესს მიაღწია შესაძლებლობების განვითარებაში, ეს პროგრესი ,,არათანმიმდევრულია“.

დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთის მზარდი ძალა მას შესაძლებლობას  მისცემს, შეერთებულ შტატებს ჩვეულებრივი იარაღით დაუპირისპირდეს და განახორციელოს კიბერშეტევებიც, რომლებმაც შეიძლება, ამერიკული კრიტიკული ინფრასტრუქტურა და აქტივები დააზიანოს.

აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე დაძაბულობა ასევე ფენტანილის კრიზისმა გამოიწვია, რომელიც ამერიკაში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით სიკვდილის მთავარი მიზეზია. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინურ იმპორტზე 20%-იანი ტარიფის დაწესება პეკინის მიერ ნივთიერების მიწოდების შეუჩერებლობამ გამოიწვია. ამის საპასუხოდ ჩინელმა დიპლომატებმა, მათ შორის ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა ლიუ პენგიუმ, აშშ “ჩინეთის საფრთხის” გაზვიადებაში დაადანაშაულეს, რაც მათივე თქმით, ვაშინგტონის სამხედრო დომინირების აპოლოგიას ემსახურებოდა. ლიუ ამტკიცებდა, რომ ჩინეთს მშვიდობის, სტაბილურობისა და პროგრესის შენარჩუნება სურს, ამავე დროს, მას უნდა, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. მისივე სიტყვებით, შეერთებულმა შტატებმა თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი ფენტანილის კრიზისის მოგვარებაზე.

აშშ-ის დაზვერვის 32 გვერდიანი ანგარიშში  განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის მიერ ტაივანზე განხორციელებულ სამხედრო ზეწოლას ეთმობა. გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო განმათავისუფლებელი არმია (PLA) თავის შესაძლებლობებს ტაივანის კონტროლისა და აშშ-ს პოტენციური ინტერვენციის საწინააღმდეგოდ აძლიერებს. ეს განვითარება განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, რამეთუ ის მიუთითებს, პეკინის მზაობაზე, გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი ტერიტორიული ამბიციების განსახორციელებლად. შეგახსენეთ, რომ ჩინეთი დემოკრატიულ კუნძულს საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს,  რასაც ტაიბეის ხელისუფლება უარყოფს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ჩინეთს მნიშვნელოვანი საშინაო გამოწვევები აქვს, მათ შორისაა ფართოდ გავრცელებული კორუფცია, მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება და ეკონომიკური გამოწვევები, რამაც, შესაძლოა, კომუნისტური პარტიის ძალაუფლება შეარყიოს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ეკონომიკა შენელებას განაგრძობს, რასაც მომხმარებელთა და ინვესტორთა ნდობის შემცირებაც გაამწვავებს. ეს პრობლემები პეკინის საგარეო ამბიციების რეალიზებას გაართულებს და შესაძლოა, მისი სტრატეგიული გეგმებიც შეიცვალოს. ამგვარად, გეოპოლიტიკური ლანდშაფტის განვითარებასთან ერთად, ჩინეთის საგარეო მისწრაფებებსა და შიდაპოლიტიკურ მდგომარეობას შორის ურთიერთქმედება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება აშშ-ჩინეთის მომავალი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების დინამიკის ჩამოყალიბებისათვის.

ავტორი: ლიზა ბარბაქაძე

Scroll to Top