საქართველო
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა
ივანიშვილის მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით”. ამასთანავე, შეხვედრაზე განხილულ იქნა “ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში”.

პრესრელიზის მიხედვით, მხარეებმა შეხვედრაზე “განსაკუთრებული” ყურადღება გაამახვილეს ჩინეთის მე-9 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება. ჩინეთის მხარემ საქართველო აღნიშნულ გამოფენაზე ოფიციალურად მიიწვია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარდგენილი.
15 ოქტომბერი
“ერთი ჩინეთის პრინციპის” შესახებ ჩინეთის ელჩის სტატია ქართულ მედიაში
17 ოქტომბერს, ქართულ გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოში ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის, სტატია, სათაურით: „ერთი ჩინეთის პრინციპი უდავოა: გაეროს გენერალური ასამბლეის №2758 რეზოლუციაში ეჭვის შეტანა დაუშვებელია“.

სტატიის შინაარსობრივ ნაწილში რიგი მონაკვეთები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, რამდენადაც ხაზგასმულია სახალხო რესპუბლიკის მტკიცე და მკაცრი პოზიცია თაივანის საკითხთან მიმართებით:
- სტატიაში აღნიშნულია, რომ “თაივანი ჩინეთის უდავო და უცვლელი ნაწილია”. ელჩის თქმით, 1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია 2758, სწორედ, ერთი ჩინეთის პრინციპს ეფუძნება. კერძოდ, რეზოლუციაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ “მსოფლიოში ერთადერთი ჩინეთია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთლიანად ჩინეთის, მათ შორის, თაივანის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია”.
- სტატიაში აღნიშნულია, რომ “ცალკეული ქვეყნები და თაივანის ხელისუფლება ხშირად ალიაქოთს ტეხენ გაეროს გენერალური ასამბლეის 2758-ე რეზოლუციის შესახებ.”
- ასევე, ელჩი წერს, რომ “ჩინეთისთვის დღესდღეობით კიდევ უფრო შეუძლებელია, უმოქმედოდ იჯდეს და თაივანის გახლეჩის მცელობებს სისრულეში მოყვანის საშუალებები მისცეს”.
ჩინეთის საგარეო პოლიტიკური ხედვების შემდგომ, სტატიის დასასრულს, ელჩი ყურადღებას ამახვილებს საქართველო-ჩინეთის პარტნიორობაზე და აღნიშნავს, რომ მხარეები “ერთმანეთს ენდობიან და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას”.
ამასთანავე, სტატიაში, ჩინეთის ელჩი აღნიშნავს, რომ “ჩინეთი აფასებს საქართველოს მიერ ერთი ჩინეთის პრინციპისადმი ხანგრძლივ ერთგულებას და მზადაა, საქართველოსთან ერთად კვლავ დაიცვას ერთმანეთის ძირითადი ინტერესები”. თუმცა, სტატიაში უგულებელყოფილია ფაქტი, რომ სახალხო რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ანალოგიურ “ერთგულებას” არ იჩენს და გასული წლების მანძილზე, ჩინეთს ერთხელაც კი არ დაუჭერია მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” მიღებული რეზოლუციისთვის. მათ შორის, სტრტატეგიული პარტნიორობის გამოცხადების შემდგომ პერიოდშიც (2023-2025 წლებში), ჩინეთმა აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერისგან “თავი შეიკავა”.
17 ოქტომბერი
პეკინში „Emotions Are Georgia - საქართველოს ოთხი სეზონის გამოცდილება“ გაიმართა
ჩინეთ-საქართველოს მზარდი სტრატეგიული პარტნიორობისა და ხალხთაშორისი კავშირების ფონზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ჩინეთში საქართველოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით, პეკინის ლონგფუსის მოედანზე, კულტურული ღონისძიება გამართა („一往情深·格鲁吉亚“). 17-19 ოქტომბერს გამართულმა სამდღიანმა პროგრამამ ჩინელ სტუმრებს საქართველოს კულტურა ახლოდან გააცნო.

ღონისძიებას დაესწრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში საქართველო-ჩინეთის მეგობრული ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
19 ოქტომბერი
აზერბაიჯანი
23 ჩინელი სტუდენტი აზერბაიჯანში აგრძელებს სწავლას
2025-2026 წლების, აზერბაიჯანის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, 65-მა უცხოელმა სტუდენტმა აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა. სტიპენდიანტებს შორის 23 სტუდენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდანაა.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას. მათ შორის, 9 ჩინელი სტუდენტი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის.
14 ოქტომბერი
ჩინური კომპანიები „კასპიის მშენებლობის კვირის“ გამოფენაზე
ბაქოში გაიმართა „კასპიის მშენებლობის კვირის“ 30-ე გამოფენა, რომელსაც რეგიონის სამშენებლო სექტორის წამყვანი კომპანიები ესწრებოდნენ. გამოფენა აერთიანებდა რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებას, მათ შორის, აზერბაიჯანის საერთაშორისო მშენებლობის გამოფენას, ყარაბაღის აღდგენის, აღორძინებისა და განვითარების შესახებ გამოფენას და სხვა.

გამოფენაში 17 ქვეყნიდან 299 კომპანია მონაწილეობდა. წარმოდგენილ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო.
აზერბაიჯანულ მედიაში ჩინური კომპანიების მონაწილეობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. კერძოდ, აზერბაიჯანის მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს სტატიაში აღნიშნულია, რომ „Plastex Caspian“ გამოფენაში ჩინური კომპანიის მონაწილეობა „მრეწველობის განვითარებას“ და „საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას“ შეუწყობს ხელს.
14 ოქტომბერი
ჩინეთ-აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობები (2025 წლის იანვარი-აგვისტო)
აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში აზერბაიჯანის იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა 173 ქვეყანასთან სავაჭრო კავშირები დაამყარეს.
სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 87.8 %-ს თურქეთთან, რუსეთთან, ჩინეთთან, გერმანიასა და სხვა რიგ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობები შეადგენს.

ასევე, აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში იმპორტირებული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 19.1 % ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მოდის. საყურადღებოა, რომ აზერბაიჯანში იმპორტირებული პროდუქციის მაჩვენებლით, ჩინეთი აზერბაიჯანის მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის, თურქეთსა და რუსეთსაც კი, წინ უსწრებს.
აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული პროდუქციის მაჩვენებლის მიხედვით კი, მთავარი ქვეყნები არიან იტალია, თურქეთი, რუსეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთზე აზერბაიჯანული ექსპორტის მხოლოდ 3.5 % მოდის.
14 ოქტომბერი
შეთანხმება აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციას შორის
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაცია ჩინეთს ეწვია. ვიზიტის მიზნად აზერბაიჯანული საკვები პროდუქციის საექსპორტო მიმართულებების გაფართოება დასახელდა.

აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციას შორის „აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ექსპორტირებული თხილისა და ნუშის შემოწმების, კარანტინისა და სანიტარული მოთხოვნების შესახებ ოქმს“ მოეწერა ხელი. ამასთანავე, მხარეებმა ხელი მოაწერეს „იმპორტსა და ექსპორტში სურსათის უვნებლობის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმის შესახებ დოკუმენტს“.
15 ოქტომბერი
ჩინეთი ბაქოში სამედიცინო ტურიზმის შესახებ გამართულ კონფერენციაზე
ბაქოში სახელმწიფო ტურიზმის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით: „ჯანმრთელობის ტურიზმის კონფერენცია 2025: კეთილდღეობის და სამედიცინო ტურიზმის მომავალი მიმართულებები“.

კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, თურქეთის, მაკედონიის, ტაილანდის, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდა ჩინეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო ტურიზმის ასოციაცია. ასოციაციის პრეზიდენტმა, სიტყვით გამოსვლის დროს, ჯანმრთელობისა და სამედიცინო ტურიზმის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
15 ოქტომბერი
აზერბაიჯანისა და ჩინეთის ექიმების ერთობლივი ოპერაცია
აზერბაიჯანის მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და ჩინეთის ქირურგებმა ერთ პაციენტს დისტანციურად, რობოტული ხელსაწყოების დახმარებით, ოპერაცია ჩაუტარეს. საყურადღებოა, რომ სააგენტო აღნიშნულ მოვლენას “აზერბაიჯანის ჯანდაცვის ისტორიაში უპრეცედენტო ინოვაციურ მოვლენად” აფასებს.
16 ოქტომბერი

აზერბაიჯანის წარმომადგენელი პეკინის საერთაშორისო კონგრესზე
აზერბაიჯანის სამედიცინო-კვლევითი კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გიულნაზ მაჰირ დადაშოვამ მონაწილეობა მიიღო პეკინში გამართულ საერთაშორისო კარდიოლოგთა კონგრესზე, სადაც ერთ-ერთი სესიის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონგრესის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი კარდიოლოგიის ინსტიტუტიდა ცინხუას უნივერსიტეტი სამედიცინო-კვლევით და აკადემიურ დარგებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
17 ოქტომბერი
ჩინეთიდან აზერბაიჯანში მულტიმოდალური გადაზიდვები დაიწყო
ჩინეთის სინძიანის უიღურთა ავტონომიური რეგიონიდან ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანის მარშრუტით პირველი საერთაშორისო მულტიმოდალური კონტეინერული გადაზიდვები დაიწყო.

აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო აღნიშნული მარშრუტით მულტიმოდალური გადაზიდვების დაწყებას, “გზისა და სარტყლის” ინიციატივის ფარგლებში, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს.
18 ოქტომბერი
სომხეთი
სომხეთი ჩინეთთან ლოგისტიკურ კავშირებს აძლიერებს
სომხეთსა და ყაზახეთს შორის ამოქმედდა ახალი მულტიმოდალური სატრანსპორტო მაშრუტი, რომელიც ქვეყნებს თურქმენეთისა და ირანის გავლით დააკავშირებს.
საყურადღებოა, რომ აღნიშნული მოვლენა სომეხი ექსპერტების მიერ ცენტრალურ აზიასა და ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობად არის შეფასებული. კერძოდ, მოქმედი სატრანსპორტო მარშრუტი ორ განშტოებას აერთიანებს: ჩინეთი-ყაზახეთი-უზბეკეთი-თურქმენეთი-ირანი-სომხეთი და ჩინეთი-ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანი-სომხეთი.
17 ოქტომბერი

სომხეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის სტატია თაივანის შესახებ
სომხეთში ჩინეთის ელჩის, ლი სინვეის, სტატია, სათაურით: “ერთი ჩინეთის“ უდავო პრინციპი და ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთსა და სომხეთს შორის”, სომხურ მედიაში გავრცელდა. სტატიაში რამდენიმე მონაკვეთი იქცევს ყურადღებას:
- სტატიაში ჩინეთის ელჩი აღნიშნავს, თაივანის დაბრუნება წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შედეგების და ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგის განუყოფელ ნაწილს.
- ელჩი თვლის, რომ თაივანის ჩინეთთან კავშირის ისტორიული და სამართლებრივი ფაქტები უტყუარია და დასტურებულია ერთმნიშვნელოვნად. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1971 წელს დამტკიცებული რეზოლუცია 2758, სამ ფუნდამენტურ პრინციპს ადასტურებს: “არსებობს მხოლოდ ერთი ჩინეთი”; “თაივანი წარმოადგენს ჩინეთის განუყოფელ ნაწილს”; “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა არის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც მთელ ჩინეთს წარმოადგენს”.
- სტატიაში მკაცრად არის დაგმობილი თაივანის ხელისუფლებისა და „ზოგიერთი გარე ძალის“ ქმედებები, რომლებიც თითქოსდა რეზოლუციის შინაარსს ამახინჯებენ თაივანის „გაურკვეველი სტატუსის“ ყალბი თხრობის გასავრცელებლად და მისი „საერთაშორისო სივრცის“ გასაფართოებლად.
სტატიის დასასრულს, ელჩი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩინეთ-სომხეთის ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობას. ელჩი სინვეი ხაზს უსვამს, რომ სომხეთის მხარე სრულად უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს , მტკიცედ ეწინააღმდეგება „თაივანის დამოუკიდებლობას“ და მხარს უჭერს ჩინეთის ეროვნული გაერთიანების ძალისხმევას. თავის მხრივ, ჩინეთის ელჩი აღნიშნავს, რომ “ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვევობას, და დადებითად აფასებს სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივას”.
17 ოქტომბერი
ყირგიზეთი
ჩინური კომპანიების დელეგაცია ბიშკეკში
2025 წლის 14 ოქტომბერს ჩინეთიდან, კერძოდ, შანხაიდან, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ყირგიზეთს საქმიანი ვიზიტით ეწვივნენ.
დელეგაციამ, რომელშიც ჩინეთი ყირგიზეთი-უზბეკეთის მაგისტრალის მთავარი ინჟინერი, ასევე, ფარმაცევტული და ინფრასტრუქტურული სფეროს ხელმძღვანელები შედიოდნენ, ყირგიზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ თემირ სარიევთან შეხვედრა გამართა.

მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები ყირგიზული კომპანიებისთვის შანხაიში საქმიანი ტურის მოწყობაზე შეთანხმდნენ. როგორც სსპ-ის პრეზიდენტმა სარიევმა აღნიშნა, საბოლოო მიზანი ჩინური ინტერესების კონკრეტულ კონტრაქტებად გარდაქმნაა.
14 ოქტომბერი
ყირგიზეთის ქალთა კონგრესის პრეზიდენტის ინტერვიუ
2025 წლის 15 ოქტომბერს ჩინეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო Xinhua-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ზამირა აკბაგისევამ, ყირგიზეთის ქალთა კონგრესის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ ჩინეთი ბოლო ათწლეულებში ქალთა უფლებების დაცვასა და გაუმჯობესებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ასევე, მან ჩინეთს ყირგიზეთში ქალთა ინიციატივების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩინელი ქალების წარმატება საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობის ნათელი მაგალითია.
15 ოქტომბერი
ყირგიზეთის პოლიტიკურ წრეებში გავლენიანი ექსპერტის ინტერვიუ
2025 წლის 17 ოქტომბერს ჩინეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ ყირგიზეთის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი შერადილ ბაქთიგულოვი ჩინეთს საერთაშორისო-გლობალური პროგრესის აქტიურ მხარდამჭერად მოიხსენებს. იგი მიიჩნევს, რომ მზარდი ანტი-გლობალისტური ტენდენცია, პროტექციონიზმი და უნილატერალიზმი მსოფლიო წესრიგს სერიოზულ გამოწვევას უქმნის.

ბაქთიგულოვის აზრით, ამ გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩინეთმა წარმოადგინა კონცეფცია, რომელიც ღიაობის, ორმხრივი სარგებლისა და სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნება.
17 ოქტომბერი
InvestHK-ის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ცენტრალურ აზიაში
2025 წლის 18 ოქტომბერს ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სამთავრობო სააგენტოს, Invest Hong Kong-ის (InvestHK), გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა ალფა ლაუმ, ცენტრალური აზიის სამ ქვეყანაში: ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში ოფიციალური რვა დღიანი ვიზიტი დაიწყო.

აღნიშნული ვიზიტი უშუალოდ უკავშირდება ჩინეთის “ერთი სარტყელი – ერთი გზის” (BRI) ინიციატივას და ხაზს უსვამს პეკინის ძალისხმევას, გააძლიეროს რეგონული ეკონომიკური კავშირები. ვიზიტის მიზანია ჰონგ-კონგის, როგორც წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ჰაბის, შესაძლებლობების წარდგენა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთის.
ქალბატონმა ლაუმ აღნიშნა, რომ რეგიონის ინფრასტრუქტურული და განვითარების სხვა ტიპის პროექტებისთვის მრავალფეროვანი დაფინანსების არხების შესათავაზებლად, ჰონგ-კონგის მყარი სარეგულაციო ჩარჩო და დაბალი საგადასახადო რეჟიმი ერთვარ საფუძველს ქმნის.
18 ოქტომბერი