საქართველო
საქართველოს განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის, ვიზიტი ჩინეთში
19 ნოემბერი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2025 წლის 13-19 ნოემბერს გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოწვევით მონაწილეობა მიიღო ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იქნა საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლების დანერგვის ინიციატივაც.
ასევე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი კომპანია Huawei-ს სათავო ოფისს ესტუმრა. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა მინისტრს გააცნო კომპანიის საქმიანობა, უახლესი გამოგონებები და ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტები, რომლებსაც Huawei სხვადასხვა ქვეყნის დაწესებულებებს სთავაზობს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა Huawei-ს მიერ საქართველოს სკოლებში სმარტ კლასების მოწყობაზე. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ Huawei უსასყიდლოდ გადასცემს თბილისის ერთ-ერთ სკოლას “სმარტ საკლასო ოთახის” მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობას.
Huawei-ს სათავო ოფისში სტუმრობამდე, გივი მიქანაძე ასევე ეწვია შენჭენის ექსპერიმენტულ სკოლასა და პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც სასწავლო პროცესს დაესწრო.
შეთანხმება აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის
19 ნოემბერი
ბაქოში გაიმართა აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზის უმაღლესი პირების შეხვედრა, სადაც მთავარი განსახილველი თემა იყო 2023 წლის ოქტომბერში დაარსებულ ერთობლივ საწარმოში, Middle Corridor Multimodal Ltd.-ში, ჩინეთის მსხვილი სახელმწიფო კომპანიის, China Railway Container Transport Corp. Ltd. (CRCT)-ის ჩართვა.
2024 წლის იანვარ-ივლისში, აზერბაიჯანის გავლით ჩინეთიდან 225 ბლოკ-მატარებელი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები (ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) ითანამშრომლებენ რესურსების კოორდინაციის, ერთიანი ფასების დადგენისა და დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოების მიმართულებით, რათა შექმნან უსაფრთხო, სტაბილური და მაღალი ხარისხის ალტერნატიული სატრანსპორტო გზა ევროპა-აზიის ვაჭრობისთვის.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ჩინეთს ეწვია
20 ნოემბერი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილის სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანი, ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის მიწვევით, სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ახვლედიანი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა კომისიის მინისტრ ჩენ რუიფენგს, ჩინეთის სახალხო ეროვნული კონგრესის ეთნიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბეინ ჩაოლუს, ასევე, მინზუს უნივერსიტეტისა და ეთნიკურ კულტურათა ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებს.
მინისტრის აპარატის განცხადების თანახმად, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის განვითარების შესაძლო გზები.
საყურადღებოა, რომ ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჩინეთში, პაატა კალანდაძესთან ერთად, ჩინეთის ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია. საქართველოს დელეგაცია გაეცნო უნივერსიტეტის საქმიანობას. თავის მხრივ, უნივერსიტეტმა მზაობა გამოთქვა მჭიდრო ურთიერთობების დამყარების და თანამშროლობის მიმართულებით.
ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის მიერ აშენებულ გზას საქართველოში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
23 ნოემბერი
23 ნოემბერს, სოფელ წკერესთან ქვეშეთი-კობის გზის საყრდენი კედლის მოწყობისას მომხდარმა ინციდენტმა ოთხი დასაქმებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სამშენებლო სამუშაოებს გზის ამ მონაკვეთზე აწარმოებენ ჩინური კომპანიები, CRTG და China Railway 23rd Bureau, ხოლო პროექტის ზედამხედველობას უზრუნველყოფს თურქული კომპანია UBM-ი.
ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტი 2019 წელს დაიწყო და 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტი მოიცავს 5 ხიდსა და 5 გვირაბს. მისი ღირებულებაა 1.240 მილიარდი ლარი და ფინანსდება ADB-სა და EBRD-ის მიერ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტის კონკრეტული გამომწვევი მიზეზები დადგინდება გამოძიების დასრულების შემდეგ. ასევე, განცხადების მიხედვით, ისინი კონტრაქტორი ჩინური კომპანიისგან ითხოვენ ნორმების დაცვის გამკაცრებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჩინური კომპანიის საქმიანობაში დარღვევებს 2018 წლიდან აქვს ადგილი, მათ შორის 2021 წელს გამოვლინდა შრომით უფლებებთან დაკავშირებული რისკები.
“სამოქალაქო იდეამ”, გასულ წლებში, ხსენებული ჩინური კომპანიების საეჭვო საქმიანობის და შესაძლო რისკების შესახებ არაერთი პუბლიკაცია გამოაქვეყნა. თუმცა, აღნიშნულ რეკომენდაციებს, შესაბამისი უწყებების მხრიდან, უკუკავშირი არ ჰქონდა.
აზერბაიჯანი
ბაქოში „ჩინეთის ვიზიტორთა სამიტი“ ჩატარდა
17 ნოემბერი
აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ბაქოში პირველად ჩატარდა „ჩინეთის ვიზიტორთა სამიტი“ (China Visitors Summit), რომელსაც აზერბაიჯანისა და ჩინეთის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი, ფუად ნაღიევი, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩინეთთან ტურიზმის სექტორში თანამშრომლობა ორი მიმართულებით ვითარდება: აზერბაიჯანში ე.წ. China Ready კონცეფციის იმპლემენტაცია და ჩინეთში მარკეტინგული პროგრამების გაფართოება.
აზერბაიჯანის ტურიზმის ბიუროს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ფლორიან ზენგსტშმიდმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში, აღნიშნა, რომ ჩინეთი დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი უცხოური ტურიზმის ბაზარია, რაც აზერბაიჯანზეც დიდ გავლენას ახდენს. კერძოდ, ყოველწლიურად, ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა იზრდება.
ზენგსტშმიდის განცხადების მიხედვით, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ტურიზმის განვითარებაზეც დადებითად აისახება. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, აზერბაიჯანში ჩინელი ტურისტების რაოდენობა 51 პროცენტით გაიზარდა.
ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის მიმდინარე დინამიკის შესახებ განცხადება გააკეთა ჩინური კომპანიის, Suzhou China International Travel Service Corporation Ltd-ის გენერალურმა მენეჯერმა, ფეი სინმაც. მან აღნიშნა, რომ ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე აზერბაიჯანის წილი უწყვეტად იზრდება. ამასთანავე, მისი თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალიც ფართოა.
აზერბაიჯანის ბოტანიკის ინსტიტუტის დოქტორანტმა ჩინეთში სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა
18 ნოემბერი
ბოტანიკის ინსტიტუტის დოქტორანტმა, ელნარა ისგანდარლიმ, ჩინეთის ქალაქ ნინგბოში, საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
სასწავლო პროგრამას ბიომედიცინის, ბიოქიმიური კვლევების, ფარმაცევტული ინოვაციებისა და ტრადიციული ჩინური მედიცინის სპეციალისტები ატარებდნენ. პროგრამის ფარგლებში გამართული სესიები, ასევე, ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ბიომედიცინის დარგებში, დიაგნოსტიკასა და წამლების განვითარებაში.
პროგრამის ფარგლებში, ელნარა ისგანდარლიმ ჩინელ მეცნიერებთან ერთობლივი კვლევითი პროექტების ჩატარების პერსპექტივა განიხილა.
„აზერბაიჯანის რკინიგზების“ კომპანიამ ჩინეთში საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
19 ნოემბერი
„აზერბაიჯანის რკინიგზების“ თავმჯდომარის მოადგილე, არიფ აღაევი და მისი თანმხლები დელეგაცია ჩინეთს ეწვივნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „ჩინეთ-ევროპის რკნიგზის“ მეორე საერთაშორისო ფორუმში (China-Europe Express Railway Cooperation Forum).
ფორუმზე სიტყვით გამოვა არიფ აღაევი, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისთვის ჩინეთი არის არა მხოლოდ სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორი, არამედ ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების დარგებში სანდო მოკავშირე.
ფორუმის მიღმა, „აზერბაიჯანის რკინიგზების“ დელეგაციამ შეხვედრები გამართა ჩინური კომპანიების, Cosco, Huawei და CCCC-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები, ტვირთების გადაზიდვა და გაციფრულების საკითხები.
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის დელეგაცია ჩინეთში კონფერენციას დაესწრო
20 ნოემბერი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის პრორექტორი შაფაქ შაჰმამმადოვი და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორები, რაფიკ აბასოვი და ლი ჯიჰუა, ჩინეთის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციას დაესწრნენ.
კონფერენცია ეხებოდა „ჩინური ენის ხელმისაწვდომობის გაზრდის ფაქტორებს: ინოვაციასა და ციფრულ ტექნოლოგიებს“. აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პანელზე, რომელიც ეხებოდა ჩინური ენის სწავლებას, ხელოვნური ინტელექტის საგანამანათლებლო პროცესში გამოყენებას, HSK გამოცდების ორგანიზებასა და კულტურათაშორისი დიალოგის საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეხვედრები გამართა ჩინეთის მოწინავე უნივერსიტეტებთან. მათ შორის, ჩინეთის ხუჭოუს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები იქნა განხილული.
სომხეთი
ერევნის მერიამ ჩინური ტროლეიბუსები შეიძინა
21 ნოემბერი
ერევნის მერიამ ჩინეთისგან შეიძინა 45 თორმეტმეტრიანი ტროლეიბუსი, რომლებიც მომავალი წლის პირველ ნახევარში ჩამოვა სომხეთში. კონტრაქტის მიხედვით, თითოეული ტროლეიბუსი 96 მილიონი სომხური დრამი (დაახ. 25 000 აშშ დოლარი) ღირს. 12-მეტრიანი ტროლეიბუსები დაახლოებით 85 მგზავრის გადაყვანას შეძლებს და აღჭურვილი იქნება დასაკეცი პანდუსებით ეტლით მოსარგებლე პირთათვის.
ტაჯიკეთი
დუშანბეში ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული დიალოგი გაიმართა
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუშანბეში გაიმართა ჩინეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველი შეხვედრა სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში. მოლაპარაკებების დროს, მინისტრებმა აღნიშნეს ხელშეკრულების დროული იმპლემენტაციის მნიშვნელობა, ამასთან, ყურადღება გაამახვილეს ორმხრივ ხელშეკრულებაზეც, რომელსაც ხელი მოეწერა სამიტების შემდეგ.
მხარეებმა დაადასტურეს მაღალი დონის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის. შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაფართოებაზე პრიორიტეტულ სფეროებში, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციის, ინდუსტრიის, ენერგიის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სექტორის, ციფრული ეკონომიკის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის, ეკოლოგიისა და მწვანე ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და სხვა საკითხების შესახებ.
სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ასევე, განხილული იყო ორმხრივ კულტურულ და ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის განვითარებისა და გაფართოების გზები. გარდა ამისა, მხარეებმა გაცვალეს ხედვები მნიშვნელოვან რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.




