საქართველო
შეხვედრა ჰუბეის განათლების უნივერსიტეტის დელეგაციასთან
2 დეკემბერი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ჩინეთის ჰუბეის განათლების უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰუბეის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჟენგ ჯუნმა „განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ნაბიჯებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს ჩინური ენის სწავლების განვითარებას“.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჰუბეის უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი და გაცვლითი პროექტების მნიშვნელობაზე.
საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა
4 დეკემბერი
საქართველოში ჩინეთის საელჩოს ფეისბუქ ანგარიშის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 დეკემბერს, ჩინეთის საელჩომ საქართველოს პარლამენტის საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ჯგუფს უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი, ვიცე-სპიკერები ილია ინჯია, სოზარ სუბარი და ნინო წილოსანი და ასევე, პარლამენტის სპეციალური კომიტეტების თავმჯდომარეები.
საელჩოს ინფორმაციით, ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „პარლამენტარები დიდი ხანია მხარს უჭერენ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას და ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოები ბოლო წლებში მჭიდრო თანამშრომლობას ინარჩუნებენ. ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებს შორის და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთან მმართველობის სფეროში.“
განიხილება „იფქლის დიღმის“ პურის ჩინურ ბაზარზე გატანის საკითხი
5 დეკემბერი
Bm.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „იფქლი დიღმის“ პურზე ინტერესი ჩინეთის ბაზარზე გაჩნდა.
კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, სოფიო ბედიაშვილის მიხედვით, განიხილება „იფქლის“ მიერ წარმოებული დიაბეტური პურის გატანა ჩინეთში. ამ მიზნით, საქართველოში ჩამოსული იყო ჩინეთის დელეგაცია, რომელმაც „იფქლთან“ თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. თუმცა, როგორც მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, იმპორტის დაწყებამდე, რიგი პროცედურებია გასავლელი, რადგან ჩინეთს აქვს შიდა სტანდარტები, რომელსაც კომპანია უნდა მოერგოს.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის და ჩინეთის ცენტრალური ბანკები თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ
1 დეკემბერი
აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე თალეჰ კაზიმოვი ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო ბანკის თავმჯდომარეს, პან ქონშენგს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მონეტარული პოლიტიკის და ფინანსური სტაბილურობის, გადახდის სისტემების და QR და მობილური გადახდის მექანიზმების შესახებ ისაუბრეს.
ასევე, მხარეებმა ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი განიხილეს.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ლექცია ჩინელ სტუდენტებთან
3 დეკემბერი
აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ისა ჰაბიბაილი შეხვდა პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის აზერბაიჯანული ენის შემსწავლელ სტუდენტებს, რომლებიც, ენის დონის გაუმჯობესების მიზნით, აზერბაიჯანში კურსებს გადიან.
შეხვედრის ფარგლებში, ისა ჰაბიბაილიმ ჩინელ სტუდენტებს „აზერბაიჯანის ლიტერატურაში ლიტერატურული მიმდინარეობების“ შესახებ ლექცია წაუკითხა.
ჩინეთში აზერბაიჯანული ღვინოს გაცნობის ღონისძიებები გაიმართა
4 დეკემბერი
ჩინეთის ნანკინის და სიანის ქალაქებში, აზერბაიჯანული ღვინოს გაცნობის და წარდგენის მიზნით, 27 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ჩინეთის ბაზარზე აზერბაიჯანული ღვინოს გაცნობას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.
ღონისძიების ფარგლებში, პოტენციურ ჩინელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები გაიმართა.
ჩინეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანში განაღმვის სამუშაოებს
5 დეკემბერი
აზერბაიჯანის განაღმვის სააგენტოს თავმჯდომარე ვუგარ სულეიმანოვი აზერბაიჯანში ჩინეთის ელჩს, ლუ მეის შეხვდა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვუგარ სულეიმანოვმა ჩინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ განაღმვის სამუშაოების ფინანსური მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ განაღმვის სამუშაოები ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ელჩის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ 2025 წლის აპრილში ჩინეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის რიგი ხელშეკრულებები გაფორმდა. მათ შორის ერთ-ერთი, განაღმვის დარგში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი იყო და ჩინეთის ფინანსური დახმარებაც ამ მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გაცვალეს დოკუმენტები, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში, ჩინეთის მიერ განაღმვის სამუშაოებისთვის გაცემულ ფინანსურ დახმარებას ადასტურებს.
აზერბაიჯანის დელეგაცია ჩინეთში საერთაშორისო სემინარზე
6 დეკემბერი
აზერბაიჯანის ანტიმონოპოლიის და სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული აზერბაიჯანის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, ჩინეთის ქალაქ ჩენდუსა და ტაინძინში გამართულ, საერთაშორისო სემინარში მიიღეს მონაწილეობა.
ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სემინარი ჩინეთსა და განვითარებად ქვეყნებს შორის მწვანე ენერგიის და მდგრადი განვითარების დარგებში გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.
სომხეთი
სომხეთს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან კავშირების გაღრმავება სურს
4 დეკემბერი
პრესკონფერენციის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია ჩინეთთან და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (SCO) ყველა სფეროში ურთიერთობების გაფართოებით. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ განცხადებაში ჩინეთი სომხეთის ერთ-ერთ სანდო პარტნიორად მოიხსენია.
საყურადღებოა, რომ 2025 წლის ზაფხულის დასაწყისში სომხეთმა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი SCO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, 2025 წლის აგვისტოში, ჩინეთსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
ერევანში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - “ევრაზიული კვლევები თანამედროვე ჩინეთსა და ევრაზიაზე”
5 დეკემბერი
ერევანში გაიმართა მეექვსე ყოველწლიური ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „ევრაზიული კვლევები თანამედროვე ჩინეთსა და ევრაზიაზე“, რომლის ორგანიზატორსაც ტრადიციულად ჩინეთ-ევრაზიის პოლიტიკური და სტრატეგიული კვლევების საბჭო წარმოადგენს. ღონისძიებამ მსოფლიოს 20-ზე მეტი წამყვანი ინსტიტუტის 65 მეცნიერი გააერთიანა.
Armenpress-თან საუბრისას, კონფერენციის ორგანიზატორმა და ჩინეთ-ევრაზიის საბჭოს ხელმძღვანელმა, ჩინეთის სპეციალისტმა მჰერ სააკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფერენცია იქცა ერთგვარ პლატფორმად, რომელიც ყოველწლიურად აზიიდან და ევროპიდან გამოჩენილ მეცნიერებს ერევანში აერთიანებს. კონფერენციის ფარგლებში კი, მონაწილეები ერთობლივ კვლევებსა და პუბლიკაციებზე მუშაობენ. 2025 წლის კონფერენციის შემდგომ იგეგმება ევრაზიის გეოპოლიტიკის შესახებ ყოვლისმომცველი წიგნის გამოცემა, რომელშიც 70-ზე მეტი ავტორი მიიღებს მონაწილეობას.
სააკიანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ევრაზიაში ჩინეთის გავლენა იზრდება „სარტყელი და გზის“ ინიციატივის (BRI) მეშვეობით, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიისა და ევროპის ეკონომიკებს და აძლიერებს პეკინის პოლიტიკურ ბერკეტებს. მისი თქმით, ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან სომხეთს აძლევს შესაძლებლობას, დააბალანსოს ურთიერთობები ძირითად გარე ძალებთან.
სააკიანის თქმით, სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა შეიძლება წარმატებით ინტეგრირდეს ჩინეთის „სარტყელი და გზის“ პროექტთან.
კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი ჰეივაი ტანგი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ მკვლევრები საქართველოდან, თურქეთიდან და ირანიდან.
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მკვლევარის კომენტარი სომხეთის შესახებ
5 დეკემბერი
ერევანში გამართული საერთაშორისო კონფერენციის (სახელწოდებით -“ევრაზიული კვლევები თანამედროვე ჩინეთსა და ევრაზიაზე”) ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ჰეივაი ტანგი, რომელმაც ჩინეთ-სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა.
პროფესორმა აღნიშნა, რომ სომხეთმა, მისი მცირე ზომისა და მოსახლეობის გათვალისწინებით, გონივრულად უნდა აირჩიოს ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროები. კერძოდ, სომხეთის ძლიერი ადამიანური კაპიტალი ხელოვნურ ინტელექტს „აშკარა არჩევანად“ აქცევს, ხოლო ტრადიციულ ენერგეტილულ რესურსებზე დამოკიდებული ქვეყნისთვის მწვანე ენერგია მომავალი ეკონომიკური განვითარების საყრდენად შეიძლება იქცეს.
ყაზახეთი
ალმატის აეროპორტში ჩინეთის მოქალაქეები დააკავეს
ყაზახეთის ხელისუფლებამ ალმატის საერთაშორისო აეროპორტში, ჩვილების ქვეყნიდან უკანონოდ გატანის მცდელობის ბრალდებით, რამდენიმე უცხოელი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 11 ნოემბერს ჩინეთიდან ჩამოსული ორი წყვილი აეროპორტში გააჩერეს, როდესაც ისინი ცდილობდნენ ყაზახეთიდან გასვლას ახალშობილებით, რომლებიც, სავარაუდოდ, ადგილობრივი სუროგატი დედების მიერ იყვნენ აყვანილნი. მიუხედავად იმისა, რომ პირებს ჩვილების დოკუმენტაცია ჰქონდათ, სასაზღვრო ორგანოებმა მათ გამგზავრების უფლება არ მისცეს.
ოფიციალური გამოძიების საპასუხოდ, ალმატის პოლიციის დეპარტამენტმა დაადასტურა დაკავების ფაქტი. საგამოძიებო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილით – „არასრულწლოვნებით ტრეფიკინგი“.




