ჩინეთი ტაილანდსა და კამბოჯას შორის გამწვავებული სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის მოლაპარაკებებში ჩაერთო. დეკემბრის დასაწყისიდან ჩინეთი აქტიურად მონაწილეობს ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დასრულების მცდელობებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა აზიის საკითხებში, დენ სიძუნმა, 23 დეკემბერს დაასრულა ექვსდღიანი ვიზიტი ტაილანდსა და კამბოჯაში. ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ჩინეთის ინტერესები და მზაობა, წვლილი შეიტანოს სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტასა და მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციაში. უშუალო ვიზიტის გარდა, გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ სატელეფონო საუბარი გამართა კამბოჯისა და ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ტაილანდსა და კამბოჯას შორის პრეაჰ ვიჰარის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებთან დაკავშირებული დავა უკვე ათწლეულებია კონფლიქტის საგანს წარმოადგენს, რაც განსაკუთრებით 2025 წლის ივლისიდან საგანგაშოდ გამწვავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებებმა უკვე 60-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
საყურადღებოა, რომ ეს ვიზიტი აჩვენებს ჩინეთის მცდელობას, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დასტაბილურებაში. ეს გარკვეულწილად ცვლის მის საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც აქამდე, სხვა ქვეყნების ტერიტორიული დავების დროს, ძირითადად „ჩუმ“ და ნეიტრალურ პოზიციას გულისხმობდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა ღრმად არის დამწუხრებული სამხედრო მოქმედებების დამანგრეველი შედეგებითა და მსხვერპლთა დიდი რაოდენობით და ორივე მხარეს კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდებს. ამასთანავე, ჩინეთმა დადებითად შეაფასა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) აქტიური ჩართულობა სამშვიდობო პროცესში და ხაზი გაუსვა, რომ მზადაა შექმნას პირობები და უზრუნველყოს პლატფორმა მხარეებს შორის დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის. ჩინეთი იმედოვნებს, რომ კამბოჯა და ტაილანდი იმუშავებენ ორმხრივი ნდობისა და საზღვარზე მშვიდობის აღსადგენად.
საინტერესოა, რომ ტაილანდსა და კამბოჯას შორის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული ამერიკის შეერთებული შტატებიც. მეტიც, დონალდ ტრამპმა ოქტომბერში დროებით შეწყვეტილი სამხედრო დაპირისპირება იმ რვა კონფლიქტს შორის დაასახელა, რომელიც მან „დაასრულა“. თუმცა, ამ განცხადებიდან მალევე ტაილანდისა და კამბოჯის დაპირისპირება კვლავ გამწვავდა. ტრამპის განცხადებისა და განახლებული სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ, ჩინეთმა გააკრიტიკა ამერიკის ზედაპირული მიდგომა. ChinaDaily-იმ საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა ამერიკის „მედიაცია“ და ხაზი გაუსვა, რომ, აშშ-ისგან განსხვავებით, ჩინეთის ჩართულობა მიმართულია პრობლემის ძირეული მიზეზების მოგვარებასა და გრძელვადიანი სამშვიდობო ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე. ამასთანავე, სტატიაში აღნიშნულია, რომ რთული ისტორიული წარსულით დახასიათებულ კონფლიქტში ცოტა მხარეს თუ შეუძლია ნდობისა და წარმატების მოპოვება. სტატიის მიხედვით, სწორედ ასეთ მხარეს წარმოადგენს ჩინეთი, რომელიც, მისი თქმით, ამ კონფლიქტსაც ისეთივე “წარმატებით” გადაჭრის, როგორც ეს გასულ წელს ირანისა და საუდის არაბეთის შერიგებისას გააკეთა.
ავტორი: მარიამ კაპანაძე




