ჩინეთი უცხოურ ძალებს სენსიტიური გეომონაცემების ფარულ მოპოვებაში ადანაშაულებს

ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო აცხადებს, რომ უცხოური ძალები ფარულად ცდილობენ ქვეყნის სენსიტიური გეოგრაფიული მონაცემების მოპოვებასა და გატანას. უწყების განცხადებით, აღნიშნული ქმედებები საფრთხეს უქმნის ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო (MSS) განმარტავს, რომ „ანტიჩინური მტრული ძალები“ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, მათ შორის ფარულ რუკათმშენებლობას, მონაცემების უკანონო შეგროვებასა და გადაცემას, რათა მიიღონ ინფორმაცია ქვეყნის რელიეფის, ბუნებრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ.

უწყების თქმით, მსგავსი გეომონაცემები მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ეკონომიკურ დაგეგმვაში, ისე სამხედრო და ლოჯისტიკურ პროცესებში, რის გამოც მათი გაჟონვა სერიოზულ საფრთხედ ფასდება. სამინისტრო ასევე ყურადღებას ამახვილებს მონაცემთა არასათანადო დაცვაზე, რაც უცხო მხარეებისთვის მონაცემებზე წვდომის რისკს ზრდის.

ჩინეთის ხელისუფლება ბოლო წლებში ამკაცრებს მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და კონტროლს, რაც, ოფიციალური პეკინის განმარტებით, ციფრული სივრცის და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით არის განპირობებული.

უწყების გაფრთხილებაზე წერს South China Morning Post, რომლის მიხედვითაც, პეკინი გეოგრაფიულ და სივრცით მონაცემებს სტრატეგიულ რესურსად განიხილავს და მათზე კონტროლს უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.

ჩინეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები ფართო კონტექსტში ჯდება და ასახავს მზარდ დაძაბულობას დასავლეთ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებთან, უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

წყარო: South China Morning Post

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top