პეკინმა ევროკავშირი გააკრიტიკა ჩინური კომპანიებისათვის უსამართლო სავაჭრო ბარიერების დაწესებისთვის. აღნიშნული სავაჭრო ბარიერების დაწესებით, ევროკავშირი ემზადება ტრამპის ადმინისტრაციის მოსალოდნელ ტარიფებთან გასამკლავებლად.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისიის მიერ კონკურენციის პოლიტიკის შერჩევითი აღსრულება უსამართლოდ არის მიკერძოებული ჩინური კომპანიების მიმართ. ევროკავშირმა ოქტომბერში ტარიფები გაზარდა ჩინური წარმოების ელექტრომობილებზე, პეკინის აზრით კი, ,,უცხოური სუბსიდიების“ განმარტება სუბიექტური და დამაზიანებელია, რის გამოც შურისძიებას ევროკავშირის ქვეყნები უნდა მოელოდნენ.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 20-გვერდიან ანგარიშში წერია, რომ ევროკომისიამ არაერთხელ გააფრთხილა კომპანიები რეგულაციების დარღვევებისათვის საპასუხო ზომებზე და მძიმე ჯარიმებითაც დაემუქრა. ამასთანავე, ზოგიერთ ჩინურ კომპანიას გამოძიების შეწყვეტის სანაცვლოდ, პროექტების გაუქმება მოუწია, რამაც, ჩინური მხარის თქმით, 15,6 მილიარდ იუანზე მეტი ზარალი გამოიწვია, რაც დაახლოებით 2,13 მილიარდი დოლარის ეკვივალენტურია.
საგულისხმოა ისიც, რომ გასულ წელს ევროკავშირმა დაიწყო გამოძიება ჩინური მატარებლების მწარმოებელზე, რომელიც ბულგარეთისათვის მატარებლების მიწოდებას გეგმავდა. ასევე, ეს პროცესი გავრცელდა ჩინეთის საკუთრებაში არსებული მზის პანელების კომპანიების მიმართ, რომლებიც რუმინეთში ფოტოელექტრული პარკის აშენებას ცდილობდნენ. ევროპულმა ხელისუფლებამ ჩაატარა რეიდები ჩინეთის უსაფრთხოების აღჭურვილობის მიმწოდებლის Nuctech-ის ჰოლანდიურ და პოლონურ ოფისში. ამის საპასუხოდ, პეკინმა გასულ წელს წამოიწყო სავაჭრო გამოძიება ევროპულ პროდუქტებზე, რამაც შესაძლოა ბლოკიდან ძვირადღირებული მანქანების იმპორტზე ტარიფების ზრდა გამოიწვიოს.
ჩინეთსა და ევროკავშირს აქვთ ძლიერი “სიმბიოზური” ეკონომიკური ურთიერთობა და პეკინი იმედოვნებს, რომ ბლოკი შეიძლება “სანდო პარტნიორი გახდეს თანამშრომლობისთვის”, – განუცხადა პრეზიდენტმა სი ძინპინმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოსტას სამშაბათს. – ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, მან მოუწოდა პეკინს, წვლილი შეიტანოს უკრაინის სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობაში.
ევროკავშირის საგარეო სუბსიდირების რეგულაცია ბლოკის 27 წევრი სახელმწიფოს ბიზნესის დაცვას ემსახურება არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან. ეს ყოველივე ბრიუსელს უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ გამოიძიოს შემთხვევები სახელმწიფო სუბსიდიების მიერ ბაზრის დაზიანების თავიდან არიდების მიზნით.