ჩინეთ-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მწვავდება

ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც იაპონიის ახალმა ლიდერმა, სანაე ტაკაიჩიმ, განაცხადა, რომ თაივანის სრუტეში სამხედრო კონფლიქტი შესაძლოა იაპონიისთვის “საფრთხის შემცველ სიტუაციად“ იქნას მიჩნეული, რაც ქვეყნის სამხედრო ჩარევას გაამართლებს. ეს კომენტარი გახდა კატალიზატორი ჩინეთის მძაფრი რეაქციისთვის, რადგან პეკინისთვის იაპონიის  ეს ნაბიჯი „წითელი ხაზის“ გადაკვეთას ნიშნავს. ჩინეთის მმართველი პარტიის თქმით, ტაკაიჩის განცხადებები გამოხატავს იაპონიის მემარჯვენე ძალების „სამხედრო ამბიციებს“ და საფრთხეს უქმნის რეგიონში ძალაუფლების ბალანსს, რომლის მიხედვითაც ჩინეთი ზესახელმწიფოდ ყალიბდება. ეს დაპირისპირება ასევე ხაზს უსვამს პეკინის ღრმა შეშფოთებას, რომელიც გამოწვეულია აზიაში აშშ-ის მოკავშირეების თავდაცვითი ხარჯების ზრდითა და სამხედრო კოორდინაციის გააქტიურებით.

იაპონიის მიმართ ჩინეთის ეს მძაფრი რეაქცია, ანალიტიკოსების შეფასებით, მიზნად ისახავს გაფრთხილების გაგზავნას აშშ-ის მოკავშირეთა მთელი სისტემისთვის. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პეკინი ამ დაპირისპირებას იყენებს „სადემონსტრაციო ეფექტის“ შესაქმნელად, რათა სხვა რეგიონულ აქტორებს, მათ შორის ავსტრალიასა და სამხრეთ კორეას, შეახსენოს, რომ თაივანის საკითხში ჩარევას მძიმე შედეგები მოჰყვება. პეკინის გზავნილი ნათელია – ქვეყნებს „თაივანის დამოუკიდებლობის“ მხარეს დადგომა ძვირად დაუჯდებათ. ეს არის მათი აშკარა მცდელობა, შეაკავონ აშშ-ის მოკავშირეები ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან.

ამ დაძაბულობის ფონზე, თაივანის პრეზიდენტმა ლაი ჩინგ-ტემ სოციალური მედიის საშუალებით ღიად გამოხატა მხარდაჭერა იაპონიის მიმართ. პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ის იაპონური ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ სუშის მიირთმევს, რაც მისი თქმით, თაივანსა და იაპონიას შორის „მტკიცე მეგობრობას“ უსვამს ხაზს. თაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის მხრიდან ეკონომიკურ იძულებას და სამხედრო დაშინებას სხვა ქვეყნების მიმართ „ბულინგის ქცევა“ უწოდა და მოუწოდა თაივანელებს, გაზარდონ იაპონური საქონლის შესყიდვები. პეკინმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ თაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და პრეზიდენტ ლაი ჩინგ-ტეს ხელისუფლების ქმედებები „ვერ შეცვლის ამ რკინისებურ ფაქტს“.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატიურ დონეზეც დაფიქსირდა მათი დაპირისპირება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ არ იგეგმება ჩინეთის პრემიერ ლი ციანგის შეხვედრა იაპონიის ლიდერთან G20-ის სამიტზე. სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა მკაცრად მოითხოვა იაპონიისგან „მცდარი განცხადებების“ გაუქმება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონია ვალდებულია დაიცვას „ერთი ჩინეთის პრინციპი“. პეკინმა, როგორც საპასუხო ნაბიჯი, გადადო ჩინეთ-იაპონია-სამხრეთ კორეის კულტურის მინისტრების შეხვედრა, რადგან მათი მტკიცებით, ტაკაიჩის კომენტარებმა შეარყია სამმხრივი თანამშრომლობის საფუძველი.

ავტორი: მარიამ მაჭარაშვილი

Scroll to Top