ჩინელი მწარმოებლები ევროპაში ელექტრომობილების წარმოების ნაწილობრივ გადატანას გეგმავენ ბუჯეტური ელექტრომობილების გაყიდვების გასაზრდელად შესაძლოა ჩინური ავტოსაწარმოო ობიექტების ნაწილი ევროპაში გადავიდეს. ამ გზით ისინი შეძლებენ თავი აარიდონ ევროკავშირის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე დაწესებულ მაღალ ტარიფებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ორი მაპროვოცირებელი ფაქტორი ჰქონდა:
1. ჩინურ ბაზარზე ელექტრომობილების მიმართ მოთხოვნა დროთა განმავლობაში მცირდება
2. ევროპის ქვეყნებმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე მაღალი ტარიფები დააწესეს. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ავტომწარმოებლების შიშმა განაპირობა, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინური წარმოების ელექტრომობილების იმპორტის გაზრდის ფონზე ისინი ადგილობრივ ბაზარზე ჩინელ მწარმოებლებს ფასობრივ კონკურენციას ვერ გაუწევდნენ.
მოკლედ ჩინური კომპანიების გეგმების შესახებ ევროპაში:
CHERY AUTO
„Chery Auto“ ერთ-ერთია იმ ჩინური კომპანიებიდან რომლებმაც ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობის გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგეს. ექსპორტის მოცულობით ჩინეთის მასშტაბით უდიდესმა კომპანიამ ესპანეთის ავტომწარმოებელ „EV Motors”- თან თანამშრომლობის დოკუმენტი ოფიციალურად გააფორმა. Reuters-ის ცნობით, ისინი ელექტრომობილების ერთობლივ წარმოებას მიმდინარე წელს დაიწყებენ. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, „Chery Auto“ მოლაპარაკებებს იტალიელ და ბრიტანელ კოლეგებთანაც აწარმოებს.
BYD
მსოფლიოში ელექტრომობილების უდიდესი მწარმოებელი კორპორაცია „BYD“ ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების თითქმის სრული წარმოების გადატანას ევროპაში, საჭირო დეტალების იმპორტირებას კი უნგრეთსა და თურქეთში მდებარე ქარხნებიდან აპირებს. კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის სტელა ლი-ს თქმით, „BYD“ ჩინეთიდან მხოლოდ ელემენტების მცირე კომპონენტებს შეიტანს.
LEAPMOTOR
ჩინურმა ავტომწარმოებელმა „LEAPMOTOR“-მა პარტნიორ კომპანია „Stellantis“- თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ სექტემბერში დააანონსა. „Stellantis“-ის აღმასრულებელი დირექტორის კარლოს ტავარესის თქმით, ელექტრომობილები პოლონეთში მდებარე „Stellantis“ საწარმოში აიწყობა.
SAIC MOTOR
ჩინეთის რიგით მეორე ავტოიმპორტიორი, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კომპანია „SAIC MOTOR“ ელექტრომობილების საწარმოს გახსნას საფრანგეთში გეგმავს, რათა ადგილობრივ ბაზარზე მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. იგი ავტონაწილებს ამსტერდამში უკვე აწარმოებს.