აშშ-ს სახაზინო მდივნის, ჯანეტ იელენის კომპიუტერზე უკანონო წვდომა განხორცილდა. ჰაკერებმა არაკლასიფიცირებული მასალები მოიპოვეს. იელენის კომპიუტერზე თავდასხმა სახაზინო დეპარტამენტზე დეკემბერში განხორციელებული ფართო მასშტაბის კიბერშეტევის ნაწილი იყო. შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ჰაკერებს ეკისრებათ, აცხადებს საქმესთან დაკავშირებული ორი პირი, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს.
წყაროების ცნობით, ჰაკერებმა ასევე შეაღწიეს იელენის ორი მოადგილის, ვოლი ადეიემოს და ბრედ სმიტის კომპიუტერებში. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, იელენის კომპიუტერიდან 50-მდე ფაილი იქნა ამოღებული.
ჰაკერების ყურადღება ძირითადად მიმართული იყო დეპარტამენტის საქმიანობაზე, რომელიც სანქციებს, დაზვერვასა და საერთაშორისო ურთიერთობებს ეხებოდა. როგორც დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი, ჰაკერები არ შესულან ელფოსტასა და კლასიფიცირებულ სისტემებში. ინფორმაცია Bloomberg News-მა გადაამოწმა.
მაღალი თანამდებობის პირების კომპიუტერებზე თავდასხმის გარდა, ჰაკერებმა 400-ზე მეტ ლეპტოპსა და სამაგიდო კომპიუტერში შეაღწიეს. როგორც დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული, ჰაკერებმა პირად მოწყობილობებზე შენახული მომხმარებლის სახელები, პაროლები და 3,000-ზე მეტი ფაილი მოიპოვეს.
ჰაკერებმა ასევე წვდომა მოიპოვეს საგარეო ინვესტიციების ეროვნული უსაფრთხოების რისკების შეფასებასთან დაკავშირებულ “სამართალდამცავებისთვის მგრძნობიარე” ინფორმაციასა და მასალებზე.
დაცვის პროგრამული უზრუნველყოფის კონტრაქტორმა, BeyondTrust Corp-მა 8 დეკემბერს აცნობა დეპარტამენტს, რომ ჰაკერებმა მათი ქსელი გამოიყენეს კომპიუტერებში შეღწევის მიზნით. სახაზინო დეპარტამენტმა დახმარება ითხოვა კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტოს, FBI-სა და სხვა სადაზვერვო უწყებებისგან.
გამომძიებლებმა თავდასხმა მიაწერეს ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ჯგუფს, რომელიც კიბერუსაფრთხოების წრეებში Silk Typhoon-ის ან UNC5221-ს სახელით არის ცნობილი.
ჩინეთის ოფიციალური პირები მუდმივად უარყოფენ აშშ-ის ბრალდებებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კიბერშეტევების შესახებ. გასულ თვეში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უარყო, რომ ჩინეთის მთავრობა პასუხისმგებელი იყო სახაზინო სამინისტროზე კიბერთავდასხმაში და ბრალდებებებს “არაკანონიერი და უსაფუძვლო” უწოდა.
„ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ყველა ფორმის ჰაკერულ შეტევას,“ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინგმა.
The Wall Street Journal–ის მიხედვით, ჩინეთს 2023 წელსაც ადანაშაულებდნენ აშშ-ის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის ვაჭრობის მდივნის, ჯინა რაიმონდის და ჩინეთში აშშ-ის ელჩის, ნიკოლას ბერნსის, ელფოსტების გატეხვაში.