ჩინეთის სახელმწიფო გაზეთმა, Global Times-მა, მხარი დაუჭირა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დაფინანსების შემცირებას. ეს სააგენტო მართავს ისეთ მაუწყებლებს, როგორიცაა ამერიკის ხმა (VOA) და რადიო თავისუფლება (RFA). აღნიშნული მაუწყებლობები ცნობილია პეკინის მიმართ კრიტიკული პოზიციით.
ორშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში Global Times-მა VOA დაადანაშაულა ჩინეთთან დაკავშირებული საკითხების მიკერძოებულ გაშუქებაში. გამოცემის მიხედვით, „თითქმის ყველა ბოროტმოქმედური სიცრუე ჩინეთის შესახებ VOA-ს თითის ანაბეჭდებს ატარებს“. სტატიაში ჩამოთვლილია ისეთი შემთხვევები, როგორებიცაა ადამიანის უფლებების დარღვევის გაშუქება სინძიანში, ტერიტორიული კონფლიქტები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და „ჩინური ვირუსის“ ნარატივი.
VOA-სა და RFA-ს ასევე აკრიტიკებდნენ სხვა ჩინელი კომენტატორები, მათ შორის, კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებული Beijing Daily-ს კოლუმნისტი და Global Times-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი ჰუ სი ძინი. კრიტიკას შეუერთდა კამბოჯის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰუნ სენი, რომელმაც სოციალურ მედიაში დაწერა, რომ დაფინანსების შემცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო „მსოფლიოში ყალბი ახალი ამბების, დეზინფორმაციის, სიცრუის, დამახინჯების, პროვოკაციისა და ქაოსის აღმოსაფხვრელად.”
მედიას დაფინანსება შეეზღუდა ტრამპის მიერ პარასკევს ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულების შედეგად, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური უწყების, მათ შორის გლობალური მედიის სააგენტოსა და უილსონის ცენტრის, საქმიანობის შეზღუდვას.
დაფინანსების შემცირების ეფექტი მყისიერად გახდა შესამჩნევი. ორშაბათისთვის, VOA-მ მაუწყებლობა შეწყვიტა, ხოლო მის ვებსაიტზე 15 მარტის შემდეგ ახალი მასალა აღარ გამოქვეყნებულა. RFA-ს ჯერ კიდევ აგრძელებს კონტენტის გამოქვეყნებას, თუმცა თანამშრომელთა დროებით დათხოვნისთვის ემზადება. RFA-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბეი ფანგმა, გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას უწოდა „დიქტატორებისა და მჩაგვრელი რეჟიმების, მათ შორის ჩინეთის კომუნისტური პარტიის, დაჯილდოება“.
დაფინანსების შემცირებამ ვაშინგტონში მწვავე დებატები გამოიწვია. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ღიად დაუჭირა მხარი იუღურთა უფლებებს, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ საკითხზე არაერთმნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავა.
დემოკრატებმა USAGM-ის დაფინანსების შემცირებას მკაცრი წინააღმდეგობა გაუწიეს. აშშ-ის სენატორმა ჯინ შაჰინმა გადაწყვეტილებას უწოდა „შეურაცხმყოფელი“ და პირობა დადო, რომ გლობალური მედიის სააგენტოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაცვას უზრუნველყოფდა. “ისინი, ვინც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ მედიაზე არიან დამოკიდებული, დაკარგავენ მნიშვნელოვან საინფორმაციო წყაროს ჩინეთისა და კრემლის მიერ კონტროლირებული მედიის ალტერნატივის სახით“, — განაცხადა შაჰინმა.