ჩინური და რუსული ჯარების ავიაპატრულირება იაპონიის ზღვის საჰაერო სივრცეში

ჩინურმა და რუსულმა ჯარებმა მეცხრე საერთო ავიაპატრულირება დააორგანიზეს, რომელიც ამჯერად იაპონიის ზღვის საჰაერო სივრცეში მოეწყო. აღნიშნული პროექტი ქვეყნებს შორის 2019 წლიდან მოქმედი თანამშრომლობითი შეთანხმების ნაწილია.

ჩინური მედიის, CCTV-ს განცხადებით, პატრულირების მიზანია როგორც საერთო წვრთნების გამოცდა და გაუმჯობესება, ისე ორი სამხედრო-საჰაერო ძალის ოპერაციული შესაძლებლობების განვითარება.

სამხედრო ძალების სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში (ADIZ) გამოჩენის შემდეგ, ქვეყანამ დაუყოვნებლივ აამოქმედა სამხედრო რეაქტიული ვერტმფრენები, თუმცა ჩინეთისა და რუსეთის საჰაერო ხომალდებმა ტერიტორია ინციდენტის გარეშე, 4 საათის შემდეგ დატოვეს. სამხრეთ კორეამ აღნიშნა, რომ ავიაპატრულირება ქვეყნისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, ქვეყნები მოითხოვენ იმ თვითმფრინავების იდენტიფიცირებას, რომლებიც მათ ADIZ-ებში შედიან, აღნიშნული ზონები არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ სუვერენულ ქვეყანას და სხვადასხვა სახელმწიფოს ADIZ-ები ხშირად იკვეთებიან.

აღნიშნულ წვრთნებზე კომენტარი გააკეთა ჩინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა და განაცხადა, რომ ის სამიზნედ არ იღებს რომელიმე მესამე მხარეს და „არაფერ შუაშია არსებულ საერთაშორისო თუ რეგიონულ სიტუაციებთან“.

ჩინეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი გამოცემა Global Times, ჩინური სამხედრო ძალების ექსპერტზე დაყრდნობით, ხაზს უსვამს გამოყენებული ტერიტორიების სტრატეგიულ მნიშვნელობას და ამბობს, რომ ორი ქვეყნის მხრიდან მათი „კარის ზღურბლზე“ მსგავსი პატრულირებების დაორგანიზება ნორმალურ მოვლენას წარმოადგენს. 

Scroll to Top