უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ მოსკოვმა ჩინეთისგან დრონების ტექნოლოგია მოიპარა, რაზეც, მისივე თქმით, შესაძლოა, ჩინეთს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. ზელენსკი ასევე აცხადებს, რომ ჩინეთის მოქალაქეები რუსეთში დრონების მწარმოებელ ობიექტებზე მუშაობენ.
სანამ ზელენსკი ამ განცხადებას კიევში 23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთებდა, იქამდე რამდენიმე დღით ადრე, მან პეკინი პირდაპირ დაადანაშაულა მოსკოვისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებასა და იარაღითა და ტყვია-წამლით მომარაგებაში.
უკრაინის საგარეო საქმითა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მან ჩინეთის ელჩი მა შენკუნი დაიბარა და სერიოზული შეშფოთება გამოთქვა რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის ჩართულობის გამო.
ზელენსკის განცხადებით, მან ოფიციალურ პირებს უკვე დაავალა, საქმესთან დაკავშირებული გამოძიების შედეგები ჩინეთის მთავრობას ოფიციალური არხების საშუალებით მიაწოდონ. მან ცალკე სთხოვა უკრაინის უშიშროების სამსახურს, პეკინისთვის გადაეცათ ინფორმაცია დრონების მწარმოებელ ქარხანაში მომუშავე ჩინელების შესახებ.
„ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლოა, რუსეთმა მოიპარა ან შეთანხმება დადო ამ ჩინელ მოქალაქეებთან ტექნოლოგიების გადაცემისთვის ისე, რომ ჩინეთის მთავრობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თვის დასაწყისში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებს სოციალური ქსელების დახმარებით აიძულებს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას და, რომ პეკინის ოფიციალურ პირებს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. ზელენსკიმ ისიც განაცხადა, რომ უკრაინა ცდილობდა გამოეძიებინა რეკრუტირების ინსტრუქციებს გასცემდა თუ არა ჩინეთი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო უკრაინის „უსაფუძვლო ბრალდებები და პოლიტიკური მანიპულაციები“, კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერა და მოუწოდა მხარეებს, „უპასუხისმგებლო შენიშვნებისგან“ თავი შეიკავონ.
საინტერესოა, რომ ჩინეთის პასუხიდან მეორე დღესვე, Sinopec-მა, წამყვანმა აზიურმა კომპანიამ, 1-თვიანი პაუზის შემდეგ რუსული ნავთობის შესყიდვები განაახლა. პაუზა შტატების მიერ რუსულ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების შიშით იყო გამოწვეული. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსულ პროდუქტებზე დაწესებული ტარიფების გამო, რუსული ნავთობის ექსპორტი შემცირდა ჩინეთსა და ინდოეთში, ხოლო ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა Sinopec და Zhenhua Oil შეწყვიტეს რუსული ნავთობის შესყიდვა. კითხვას, რატომ განაახლა ჩინურმა კომპანიამ რუსული ნავთობის შესყიდვა, Sinopec ჯერჯერობით არ პასუხობს.