22 ნოემბერს თეთრ სახლში ამერიკის ტელეკომუნიკაციების უმაღლეს წარმომადგენლებსა და ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი საკითხი ჩინური კიბერ-შპიონაჟის კამპანია იყო.
აღნიშნულ კამპანიას სექტორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი სამიზნეები გახდნენ აშშ-ს უმაღლესი პოლიტიკური პირებიც, მათ შორის აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი. გარდა ამისა, აშშ-ს განცხადებით, ჩინეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ტელეკომ კომპანიებზე თავდასხმით მოიპოვეს წვდომა მონაცემებზე, რომელიც ამერიკული ძალოვანი სტრუქტურებისთვის იყო განკუთვნილი.
შეხვედრის განმავლობაში ტელეკომუნიკაციების მხარემ მთავრობას გააცნო რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებდა აღნიშნული ორგანო თავდაცვის უზრუნველყოფას მსგავსი კიბერ-შეტევების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მათ ერთმანეთში დაზვერვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გაცვალეს.
FBI-ს განცხადებით, აღნიშნული კამპანიით დაზარალებულების რაოდენობა 150-ზე ნაკლებია, თუმცა უფრო სავარაუდოა ისიც, რომ ამ ადამიანებისგან, მოგვიანებით, მათ მიერ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებების ან განხორციელებული ზარების მეშვეობით ზიანი გაცილებით უფრო მეტ ადამიანზე გავრცელდა.
ჩინეთი კიბერ-შეტევების კამპანიის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო სამინისტროს პრეს-სპიკერმა შეხვედრამდე, 14 ნოემბერსაც გააკეთა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ჩინეთს „არ აქვს ინტერესი კიბერ სივრცეში სხვა ქვეყნების საშინაო სააქმეებში ჩარევის და ეწინააღმდეგება პოლიტიკური მიზნებისთვის ჩინეთის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას“. ხელისუფლებასთან აფილირებული მედია-პლატფორმა, Global Times საუბრობს ექსპერტებზე, რომლებმაც „გამოავლინეს, რომ აშშ მიზანმიმართულად აყალბებს მტკიცებულებას, რათა დააზიანოს ჩინეთის რეპუტაცია“. ამის დასადასტურებლად ისინი იყენებენ ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა წყაროთა ანონიმურობა და არგუმენტების ნაკლებობა.