ჩინურმა კიბერ-შპიონაჟის კამპანიამ აშშ-ს უცხოური ინვესტიციების ოფისამდე მიაღწია

CNN-ის მიხედვით, ჩინელმა ჰაკერებმა შეაღწიეს აშშ-ს მთავრობის ოფისში, რომელიც განიხილავს  უცხოურ ინვესტიციების რისკს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. აღნიშნული ქმედება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩინეთის ინტერესს იმ ამერიკული ინსტიტუტების მიმართ, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება დაბლოკონ ჩინური ინვესტიციები აშშ-ში.

ჰაკერული კამპანიის სამიზნე ოფისმა, აშშ-ში უცხოური ინვესტიციის კომიტეტმა (CFIUS), 2024 წლის დეკემბერში მოიპოვა ამერიკულ სამხედრო ბაზებთან უძრავი ქონების გაყიდვების უფრო დეტალურად შესწავლის უფლება, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჩინეთმა ან მისმა სატელიტებმა, შესაძლოა, მიწები შეისყიდონ ბაზებზე სათვალთვალოდ.

გარდა CFIUS-ისა, ჰაკერული თავდასხმა შეეხო უცხოური აქტივების კონტროლის ოფისსაც, რომელიც სანქციებზეა პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა ახლახანს დაასანქცირა ერთ-ერთი ჩინური კომპანია კიბერშეტევებში შესაძლო ჩართულობისთვის. 

ბლუმბერგის სტატიის მიხედვით, ჰაკერული თავდასხმების უკან ჩინური დაჯგუფება Silk Typhoon დგას, რომელიც  2021 წელს Microsoft Exchange Server-ზე  თავდასხმაშიც იყო ჩართული.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა, ლიუ პენგიუმ კიდევ ერთხელ უარყო ჩინეთის ჩართულობა ჰაკერულ ოპერაციებში.

Scroll to Top