ჰონგ კონგი აშშ-ს წინააღმდეგ – ახალი საჩივარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

ჰონგ კონგი ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი საჩივრით ემუქრება. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, აშშ-მა ჩინეთისთვის ახალი ტარიფების დაწესების დროს სრულად უგულებელყო ჰონგ კონგის, როგორც ცალკე საბაჟო ტერიტორიის სტატუსი. მთავარი მდივნის, ერიკ ჩანის განცხადებით, ამის გამო ჰონგ კონგი შტატებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან უჩივლებს.

ერიკ ჩანი აღნიშნავს, რომ აშშ-ს მიერ ჰონგ კონგის, როგორც ცალკე საბაჟო ტერიტორიის სრულად უგულებელყოფა „აბსოლუტურად შეუსაბამოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან“. 

ეს გადაწყვეტილება არის პასუხი შშ-ს მიერ აზიური ფინანსური ჰაბიდან შემოტანილ პროდუქციაზე 10%-იანი ტარიფების დაწესებაზე. გასულ კვირას შტატების საფოსტო სერვისმა შეაჩერა ჩინეთიდან და ჰონგ კონგიდან შემომავალი ყველა პაკეტი და ფოსტა, თუმცა მალევე ეს გადაწყვეტილება გააუქმა. ამ პროცესმა გარკვეული დაბნეულობა წარმოშვა საცალო მოვაჭრეებსა და სწრაფ გადამზიდ ფირმებს შორის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ აშშ-ს ტარიფებს.

ჰონგ კონგი დიდი ხანია ცნობილია, როგორც ვაჭრობის ღია და თავისუფალი ცენტრი, თუმცა 2020 წელს ჩინეთის მიერ ეროვნული თავდაცვის კანონის დაწესებამ ჰონგ კონგზე აშშ-ს მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. აშშ-მა აიძულა ჩინეთი, რომ, შეეწყვიტა აშშ-ს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის სპეციალური სტატუსი,  რამაც ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბა.

ამ ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიპინთან დიალოგი შედგა, თუმცა დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ტრამპის თქმით, მათ ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა აქვთ. აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა და სი ძინპინმა ჯერ კიდევ ტრამპის ოფისში დაბრუნებამდე ისაუბრეს და ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა ტაივანი, ტიკტოკი, ვაჭრობა და სხვა.

ვაშინგტონსა და პეკინს წლების განმავლობაში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა სავაჭრო ტარიფებიდან და კიბერუსაფრთხოებიდან დაწყებული, ტაივანით, ჰონგ კონგით, ადამიანის უფლებებით და COVID-19-ის გამომწვევი მიზეზებით დამთავრებული. თუ როგორ განვითარდება ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა, ამას, როგორც ორივე მხარის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საპასუხო რეაქციები გადაწყვეტს.

Scroll to Top