10 სექტემბერს შეერთებული შტატების „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“, იგივე „ჰელსინკის კომისიაში“ გაიმართა მოსმენა საქართველოს შესახებ. მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა მწვავედ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა.
„პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ – ამ სათაურით გამართულ სხდომაზე კონგრესმენებმა მოუსმინეს მოწმეებს; პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს; „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროს მკვლევარ ლუკ კოფის.
გიზიარებთ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და სამოქალაქო იდეას თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის გამოსვლას:
თინათინ ხიდაშელის გამოსვლა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (აშშ-ის ჰელსინკის კომისიის) წინაშე
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი
მოსმენა: “პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“
10 სექტემბერი, 2025
ბატონო თავმჯდომარევ, ბატონო თანათავმჯდომარევ, პატივცემულო კომისრებო და კომისიის წევრებო,
მადლობას გიხდით, რომ მომიწვიეთ დღევანდელ მოსმენაზე და გამართეთ ეს დისკუსია. ასევე, მადლიერი ვარ იმ ხანგრძლივი ყურადღებისთვის, რომელიც ამ კომისიამ და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს დემოკრატიულ გზას, მის უსაფრთხოებასა და მის ხალხს დაუთმო.
დღევანდელი ჩემი გამოსვლის მიზანია:
- დავიცვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი – შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნება და გაძლიერება.
- ვამხილო საქართველოში ავტორიტარიზმისკენ სვლის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება” აღარ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს და მოკავშირეობს ავტორიტარულ ძალებთან.
- გაჩვენოთ, თუ რატომ არის ამერიკისთვისსაქართველო მნიშვნელოვანი— როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების საყრდენი, ჩინეთის, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ მდგარი პოზიცია და როგორც სტრატეგიული ხიდი ევროპასა და აზიას შორის.\
კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც აქ მოვიტანე, არამხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან გადახვევას აჩვენებს, არამედ პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ მათ ზურგი აქციეს ქართველი ხალხის ნებასა და სტრატეგიულ ინტერესებს.
მათ ზურგი აქციეს იმ საქმეს,
- რომელსაც 2008 წელს ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის სიცოცხლე შეეწირა რუსი ოკუპანტების წამების პირობებში;
- რომელსაც 2025 წელს ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის თავისუფლება შეეწირა, როცა ის თავად იცავდა ანწუხელიძის გზას და მის იდეალს, სულ უფრო ანტიდასავლური და პრორუსული საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.“
აღსანიშნავია, რომ თქვენს წინაშე წარვდგები, როგორც იმ ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა მხარდაჭერის სანაცვლოდ ყოფილიყო სანდო პარტნიორი და საიმედო მეგობარი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მხარდამხარ იბრძოდა ერაყში, ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში.
ჩემი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ნატოს არაწევრი ყველაზე დიდი სახელმწიფო და მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო ავღანეთში. ჩვენ იქ ვიყავით არა ვალდებულების, არამედ რწმენის გამო, რადგან გვჯეროდა ჩვენი საერთო მომავლის.
თუმცა, დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც საქართველოს მოქალაქე – დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების ერთგული, იმ ღირებულებებისა, რომლებიც საქართველოსა და შეერთებული შტატების ხალხებს აერთიანებს. ასევე, მოქალაქე, რომელიც ღრმადაა შეშფოთებული, რომ რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრის შემდეგ თბილისში არსებული რეჟიმი დაუღალავად მუშაობს იმისთვის, რომ ჩაახშოს აშშ-სთან, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოსთან ჩვენი პარტნიორობის თითოეული ნაპერწკალი; პარტნიორობას კი წარმოგვიჩენს როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ, წარმოსახვით „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულებად, რითაც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
დავიწყებ მარტივი ჭეშმარიტებით: სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა, როგორც საიმედო პარტნიორი, ჩვენი დამოუკიდებლობის მხარდამჭერი და ჩვენი თავისუფლების დამცველი. მსურს, ჩემი სიტყვა ამ მემკვიდრეობის აღიარებით დავიწყო.
შეერთებული შტატების გარეშე, საქართველოს უსაფრთხოების გეგმა არ არსებობს. შეერთებული შტატების დახმარების და ერთგულების გარეშე, საქართველოს სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი და ვერ გადარჩებოდა.
- სწორედ აშშ-ის ჩართულობამ შეაჩერა პუტინი საქართველოში 2008 წელს.
- აშშ-ის ლიდერობა იყო და რჩება ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის საკვანძო საყრდენად.
- და ყველა წარმატება, რომელიც საერთაშორისო დონეზე გვქონია – იქნება ეს ნატოში, გაეროში თუ ევროკავშირში – ყოველთვის აშშ-ის მხარდაჭერითა და ლიდერობით იქნა მიღწეული.
ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა შენარჩუნდება.
საქართველო მნიშვნელოვანია. ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ხალხისთვის, არამედ აშშ-ისა და ევროპის ინტერესებისთვის. ის მნიშვნელოვანია გეოგრაფიის, ისტორიის და რაც მთავარია, იმ ღირებულებების გამო, რომლებმაც საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური კურსი განსაზღვრა. დღეს, მსურს გადმოვცე, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი, რისი დაკარგვის რისკის წინაშე ვართ და რატომ არის აშშ-ის ლიდერობა ახლა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველო?
საქართველო სამი ფუნდამენტური მიზეზის გამო წარმოადგენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის:
- გეოგრაფიული მდებარეობა,
- სტრატეგიული დაკავშირებულობა,
- და დემოკრატიის მაგალითი.
პირველი, გეოგრაფია: საქართველო მდებარეობს შუა დერეფნის, იგივე თანამედროვე აბრეშუმის გზის მარშრუტის ცენტრში, რომელიც, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით, ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. ის მდებარეობს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის გზაჯვარედინზე, მოქცეულია აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ეს არ არის მხოლოდ რუკაზე გავლებული ხაზი ან ჩვეულებრივი სავაჭრო გზა. ეს არის ის, რასაც მე ვეძახი „თავისუფლების დერეფანს“. როდესაც საქონელი, ენერგია, მონაცემები და ადამიანები საქართველოს გავლით გადადგილდებიან, ისინი გადიან ქვეყანაზე, რომელმაც აირჩია დასავლეთი, აირჩია დემოკრატია და აირჩია თავისუფლება. ჩრდილოეთის დერეფნისგან განსხვავებით, ეს არის მარშრუტი, სადაც არ არსებობს პოლიტიკური შანტაჟი. ეს არის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის პრაქტიკულად და პოლიტიკურად სანდო მარშრუტი.
შუა დერეფანი შეერთებულ შტატებს სთავაზობს ფასდაუდებელ რამეს: მედეგობას ავტორიტარიზმის მარწუხების ფონზე. მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობს მისი მდებარეობის იარაღად გამოყენებას, ხოლო ჩინეთი სარტყლისა და გზის ინიციატივის განმტკიცებას, შუა დერეფანი დემოკრატიულ ალტერნატივას წარმოადგენს. საქართველო კი, მისი საყრდენია. საქართველოს გარეშე, დერეფანი არ არსებობს.
მეორე, ჩვენი დემოკრატიის მაგალითი: საქართველო არ არის მხოლოდ რუკაზე გეოსტრატეგიულად მდებარე „უძრავი ქონების“ ნაწილი. ეს არის მისწრაფების ისტორია. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველო გახდა დემოკრატიული რეფორმის წარმატებული შემთხვევა პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შესაძლებელია ინსტიტუტების აშენება, კორუფციასთან ბრძოლა, თავისუფლებების გაფართოება, და სამოქალაქო აქტივიზმისთვის საფუძვლის ჩაყრა, საბჭოთა კავშირის ბატონობის ათწლეულების შემდეგაც კი. საქართველო არასოდეს იყო უნაკლო, მაგრამ ის იყო შთამაგონებელი. რუსეთის, ბელარუსის, ცენტრალური აზიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, საქართველო იყო ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ცვლილება შესაძლებელია.
მესამე, რატომ ეშინიათ ავტორიტარულ რეჟიმებს საქართველოს წარმატების: დემოკრატიული საქართველო – ევროპული, დასავლური, თავისუფალი – ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს მოსკოვის იმპერიული პროექტისთვის. ჩვენი შედარებითი უპირატესობა არასოდეს ყოფილა ნავთობი ან გაზი. ჩვენი უპირატესობა იყო ჩვენი ევროპული ორიენტაცია და შავი ზღვა – ჩვენი ღიაობა, რეფორმებისადმი მზადყოფნა და სურვილი, ვიდგეთ შეერთებული შტატებისა და ევროპელი მოკავშირეების გვერდით.
თუ საქართველოს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, მაშინ რუსებმა შეიძლება იკითხონ: რატომ არა ჩვენ? თუ ქართველებს შეუძლიათ კანონის უზენაესობის პირობებში ცხოვრება, მაშინ ბელარუსებმა შეიძლება იკითხონ: რატომ არა ჩვენ? საქართველოს ტრანსფორმაცია იყო შთამაგონებელი და გადამდები და სწორედ ეს აღმოჩნდა ძალიან საშიში რუსეთისთვის, ჩინეთისთვის, ირანისთვის და ყველა ავტორიტარული ძალისთვის. სწორედ ამიტომ რუსეთს და სულ უფრო მეტად ჩინეთსაც აქვთ პირადი ინტერესი ჩვენი სუვერენიტეტის შერყევაში, ჩვენი ინსტიტუტების კორუმპირებაში და ავტორიტარიზმის ორბიტაზე უკან ჩათრევაში.
საქართველოს სიძლიერე ყოველთვის მომდინარეობდა გარე სამყაროსგან – შავი ზღვის, ევროპის და დასავლეთისგან. ჩვენ ზომით პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენ ვასრულებდით კარიბჭისა და დამაკავშირებლის როლს, რაც ჩვენს შედარებით უპირატესობას წარმოადგენდა.
- ჩვენ ცენტრალური აზიისა და ევროპის ბაზრები ერთმანეთთან დავაკავშირეთ მილსადენებით, რკინიგზებითა და პორტებით.
ეს იყო ჩვენი უპირატესობა და სანდოობის წყარო როგორც ჩვენი ხალხის, ისე ჩვენი მეგობრების წინაშე. ირანის ფუნდამენტალისტური საფრთხის, რუსეთის ავტორიტარიზმის საშიშროებისა და სხვა რეგიონალური საფრთხეების ფონზე, საქართველოს როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისთვის.
სამხრეთით, ფუნდამენტალისტი ირანი ავრცელებს არასტაბილურობას ტერორიზმით, პროქსი ქსელებითა და აგრესიული რეგიონული პოლიტიკით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოადგენს შავი ზღვისა და იმ ენერგეტიკული სატრანზიტო მარშრუტების საყრდენს, რომლებიც სრულად უვლის გვერდს ირანს და ევროპის ბაზრებს ენერგიისა და ვაჭრობის სანდო წყაროებთან აკავშირებს.
ჩრდილოეთით, ავტორიტარული რუსეთი აწარმოებს ომს და ძალმომრეობას. საქართველო, როგორც დემოკრატიული პარტნიორი, ამ საფრთხეების წინა ფრონტზე დგას. ჩვენი მდებარეობა მოწყვლადს გვხდის, მაგრამ დასავლეთისკენ ჩვენი ორიენტაცია ფასდაუდებელს გვხდის: ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სტაბილური, სანდო მოკავშირე, რომელიც განამტკიცებს აშშ-სა და ნატოს ინტერესებს რეგიონში, სადაც სხვა შემთხვევაში საფრთხე და არეულობა იბატონებდა.
რატომაა საქართველო საფრთხის წინაშე დღეს
დღეს, აღნიშნული მემკვიდრეობა თავდასხმის ქვეშაა და საქართველო სამიზნეს წარმოადგენს.
„ქართული ოცნებამ“ შეასუსტა ინსტიტუტები, გააყალბა არჩევნები და მოახდინა განსხვავებული აზრის კრიმინალიზაცია. მან დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები, გამოიყენა ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვა, პატივი სცეს ქართველი ხალხის სურვილს, რომელიც საარჩევნო ყუთთან დაფიქსირდა.
თავისუფალი, დემოკრატიული და დასავლური ორიენტაციის მქონე საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის და სულ უფრო პრობლემატურია პეკინისთვის. სამწუხაროდ, დღევანდელმა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, აირჩია გზა, რომელიც ავტორიტარულ ინტერესებს ემსახურება, წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად.
„ქართულმა ოცნებამ“ ავტორიტარულ ძალებთან კავშირები გააღრმავა. ისინი ეპირფერებიან ჩინურ კომპანიებს, ხოლო აშშ-სა და დასავლურ ბიზნესებს შუა დერეფნის შესაძლებლობებს უკეტავენ.
არ შეცდეთ, ჩინელები საქართველოში არ ახორციელებენ პირდაპირ ინვესტიციებს. პირიქით, ისინი, ერთმანეთის მიყოლებით, კონკრეტული ხელშეწყობისა და ხელსაყრელი პირობების დახმარებით იგებენ ტენდერებს და იღებენ სარგებელს საქართველოსგან. ჩვენ წლების განმავლობაში ვიკვლევდით, ვიძიებდით, და ვწერდით ასეთი გარიგებებისა და კომპანიების შესახებ. მაშინ როდესაც, ამერიკულმა კომპანიებმა მილიარდობით ინვესტიციები ჩადეს ქართულ ეკონომიკაში და უზრუნველყვეს ჩვენი უსაფრთხოებისა და ინსტიტუტებისთვის 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგარეო დახმარება, ჩინელები „ქართული ოცნების“ მთავრობის კორუმპირებულ და კლეპტოკრატიულ ბუნებას იყენებენ, და სულ უფრო მეტს იღებენ ჩვენგან. მათ უკვე მიიღეს 4.5 მილიარდზე მეტი და ეს მხოლოდ ნაწილია იმ კონტრაქტების (8 ინფრასტრუქტურული პროექტი), რომლებიც მიიღეს. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ არ არსებობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან. ამ ყველაფერში თქვენი ფულია – საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ამერიკელი, ევროპელი ან ქართველი გადასახადის გადამხდელების ფულია.
შედეგები სავალალოა. საქართველო, რომელიც ავტორიტარიზმისკენ მიემართება, მხოლოდ მის ხალხს არ უქმნის საფრთხეს. ის პირდაპირ ძირს უთხრის ამერიკის ინტერესებს რეგიონში:
- ასუსტებს შუა დერეფნის სანდოობას, როგორც უსაფრთხო სატრანზიტო მარშრუტის.
- ასუსტებს აშშ-ის გავლენას შავ ზღვასა და ევრაზიაში მაშინ როდესაც რუსეთი და ჩინეთი საკუთარ გავლენას აფართოებენ .
- ამხნევებს ავტორიტარულ რეჟიმებს, რადგან უჩვენებს, რომ დასავლელი მოკავშირეების მოშორება და დემოკრატიული ექსპერიმენტების შებრუნება შესაძლებელია.
ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საშინაო პრობლემა. ეს არის სტრატეგიული მარცხი სრულიად ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის.
კარგი ამბავი გვაქვს: ქართველი ხალხი არ დანებებულა.
რეპრესიის, პროპაგანდის და მმართველი პარტიის მიერ ჩვენი დემოკრატიული მისწრაფებების ღალატის მიუხედავად, ქართველები დაუძლევლად პრო-დასავლურები არიან. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისა მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა. ხალხს კვლავ სჯერა თავისუფლების. მათ სჯერათ შეერთებული შტატების. აქ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც დღეს საქართველოზე ვსაუბრობთ, არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში მთავრობა და ერი. ქართველები საპროტესტო აქციებზე ამერიკისა და ევროკავშირის დროშებს კვლავ აფრიალებენ და მოითხოვენ, რომ საქართველო ეკუთვნოდეს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს.
საქართველო ყოველთვის ეყრდნობოდა აშშ-ის მხარდაჭერას და ამ რთულ პერიოდში, ჩვენ მისი მხარდაჭერა სულ უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე. ჩვენს მეგობრებთან ან და , განსაკუთრებით, ჩვენს მტრებთან საუბრის დროს ჩვენ თქვენი თანადგომა გვჭირდება. ამ საუბრების მთავარი თემებია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება და რუსეთის ოკუპაციის საკითხები.
თითქმის 300 დღეა, რაც ქართველები ქუჩაში პროტესტს აგრძელებენ – წვიმაში თუ სიცივეში, ხელკეტების, ცრემლსადენი გაზისა თუ ციხის საკნების მიუხედავად. ეს სიმბოლური ჟესტები არ არის – ეს არის თავგანწირვა. აქტივისტები, ჟურნალისტები, მსახიობები, მასწავლებლები და ა.შ. რისკავენ ყველაფერს, რადგან არ თანხმდებიან მოპარულ მომავალს.
- ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიციის სამიზნე გახდა. ის დააპატიმრეს და სასჯელი მიუსაჯეს.
- სკოლის მასწავლებელი, ნინო დათაშვილი და ათობით სხვა ადამიანი, ელოდებიან პატიმრობას არა დანაშაულისთვის, არამედ საქართველოს სიყვარულისთვის და დიქტატურული პოლიტიკის მოთმენაზე უარის თქმისთვის.
ეს არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი, რომელსაც ადამიანები იხდიან.
სწორედ ამიტომ ვამბობ სრული გამჭვირვალობით: ქართველები არ უნდა დაისაჯონ მათი მმართველების დანაშაულების გამო. ნებისმიერი ქმედება, სანქცია ან დიპლომატიური ზომა უნდა იყოს მიმართული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტის, რეჟიმის დამხმარეების, რუსული-სტილის პროპაგანდის მანქანისა და პუტინის მიერ მართული პოლიტიკის იდეოლოგების წინააღმდეგ. არასოდეს არ უნდა შეეხოს თავად ქართველ ხალხს, რომელიც ყოველდღე აგრძელებს ბრძოლას თავისი ევროპული და დემოკრატიული არჩევანისთვის.
რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა?
ამას მივყავარ შეერთებული შტატების როლისკენ. შეერთებული შტატები ყოველთვის იყო, და უნდა დარჩეს საქართველოს დემოკრატიის შეუცვლელ მოკავშირედ. ამ კრიტიკულ მომენტში მოვუწოდებ ამ კომისიას და ამერიკის კონგრესს განიხილონ შემდეგი ზომები:
- მიზნობრივი პასუხისმგებლობა: სანქციები და სავიზო შეზღუდვები უნდა მიემართებოდეს მმართველ ელიტას, მათ ოჯახებსა და დამხმარე ძალებს. არ დასაჯოთ ჩვეულებრივი ქართველები, დასაჯეთ ისინი, რომლებმაც მათ უღალატეს. მეტი სანქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, მეტი სტიპენდია ქართველ ახალგაზრდობასა და სტუდენტებს.
- დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა: გაზარდეთ დახმარება დამოუკიდებელი მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოძრაობებისთვის. დღეს ისინი საქართველოში დემოკრატიის მაცოცხლებელი ძალები არიან.
- მტკიცედ დადექით ქართველი ხალხის გვერდით: ნათელი გახადეთ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, და არა მმართველ პარტიას, რომელიც ამ ღირებულებებს ძირს უთხრის. საჯაროდ და განმეორებით დაადასტურეთ შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული მომავლის მიმართ. რეჟიმის მიუხედავად, ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაეროში დასაცავად, ჩვენ გვჭირდება ღია კარი ნატოსა და ევროკავშირში.
- მხარი დაუჭირეთ ორპარტიულ კანონმდებლობას – „მეგობარი აქტს“, რომელიც წარმოადგენს ზუსტად იმ სახის უწყვეტ და სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და რეფორმატორებს ამ რთულ პერიოდში გადარჩენაში. თანაბრად მნიშვნელოვანია მიზნობრივი სანქციები მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და დაუღალავად თანამშრომლობს ბოროტების ღერძთან, აშშ-ისა და დემოკრატიული ტრანსატლანტიკური პარტნიორების მტრებთან. „მეგობარი აქტი“ წარმოადგენს ყველაზე ძლიერ გზავნილს, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი აშშ-ის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. ის უზრუნველყოფს ინსტრუმენტებს, რომ პასუხისგებაში მიეცნენ ისინი, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრიან და, მეორე მხრივ, გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი ინსტიტუტები.
- ჩადეთ ინვესტიცია შუა დერეფანსა და კავშირგაბმულობაში: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ თუ ირანულ გავლენებს. შეერთებული შტატების ბიზნესსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა და მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს, დერეფნის ღიაობას, მდგრადობასა და დემოკრატიულობას. მხარი დაუჭირეთ აშშ-ის და მოკავშირეების ინვესტიციას შუა დერეფანში, საქართველოს შავი ზღვის პორტებში, ციფრულ ინფრასტრუქტურასა და ენერგოტრანზიტში. ეს არ არის ქველმოქმედება: ეს არის ორმხრივად მომგებიანი სტრატეგია. დასავლურ ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ჩამაგრებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი წვდომა და გავლენა ევრაზიის გარშემო.
- გააღრმავეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა: საქართველომ ავღანეთსა და ერაყში შეტანილი წვლილით აჩვენა, რომ იგი უსაფრთხოების საიმედო პარტნიორია. თავდაცვაში განახლებული თანამშრომლობა, ერთობლივი წვრთნები და შავ ზღვაში უფრო ძლიერი შეკავების ზომები არ წარმოადგენს საჩუქარს – ეს ყოველივე ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციებია.
- და კიდევ ერთხელ, შეინარჩუნეთ ხალხთაშორისი კავშირები. სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები, კულტურული პროგრამები და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ეს ყოველივე საქართველოს ახალგაზრდა თაობის პრო-დასავლურ ორიენტაციას ინარჩუნებს. ეს, საუკეთესო გზით, გრძელვადიანი მედეგობის მშენებლობა გახლავთ.
საქართველოს ამბავი არ დასრულებულა.
ჩვენ წავიბორძიკეთ, მაგრამ არ წავქცეულვართ. ქართველი ხალხი რჩება ერთგული იმ ღირებულებებისა, რომლებმაც შეერთებული შტატების პარტნიორი გაგვხადა. მართალია, ახლა ვიმყოფებით ძლიერი საფრთხის წინაშე, მაგრამ ეს ასევე სერიოზული არჩევანის მომენტია. თუ საქართველო დინებას მიჰყვება, ის ნამვდილად კიდევ უფრო ღრმად ჩაეშვება ავტორიტარიზმში და დაშორდება დასავლეთს. თუმცა, შეერთებული შტატების სტაბილური, ორპარტიული და პრინციპული მხარდაჭერით, საქართველოს კვლავ შეუძლია დაიბრუნოს დემოკრატიის, სტაბილურობისა და ბიზნეს შესაძლებლობების შუქურის როლი შავი ზღვის რეგიონში.
ნება მიბოძეთ, დასასრულს ვთქვა, რომ საქართველო კვლავ მნიშვნელოვანია. ის მნიშვნელოვანია ამერიკის უსაფრთხოებისთვის, ევროპის სტაბილურობისთვის და დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის გლობალური შეჯიბრებისთვის.
ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. საქმე ეხება დემოკრატიის სანდოობას კონკურენტულ მსოფლიოში. საქმე ეხება იმას, კვლავ შეძლებენ თუ არა შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ისეთი გლობალური წესრიგის ფორმირებას, რომელიც ავტორიტარიზმის ექსპანსიას წინააღმდეგობას გაუწევს. საქმე ეხება იმას, თავისუფლების დერეფანს დაიკავებენ ისინი, ვისაც თავისუფლების სჯერათ, თუ ისინი, ვინც მას გაყოფისა და კონტროლის ინსტრუმენტად გამოიყენებენ.
ბატონო თავმჯდომარევ, კომისრებო, წევრებო: საქართველო ყოველთვის მიისწრაფოდა ყოფილიყო ამერიკის პარტნიორი და არა პრობლემა. თქვენი დახმარებით, მას შეუძლია ასეთად დარჩეს.
მადლობა ყურადღებისთვის, მხარდაჭერისთვის და საქართველოს მომავლისადმი უდრეკი ერთგულებისთვის.