ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ჩინეთი იყენებს „უსამართლო პოლიტიკასა და პრაქტიკას“ გლობალური გემთმშენებლობის, ლოჯისტიკისა და საზღვაო სექტორებში დომინაციის მისაღწევად. ინფორმაცია Reuters-მა გამოძიებასთან დაახლოებულ სამი წყაროზე დაყრდნობით გაასაჯაროვა.
აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელმა, კეტრინ ტაიმ გამოძიება 2024 წლის აპრილში დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფოლადის მუშათა კავშირმა კიდევ 4 სხვა პროფესიულ კავშირთან ერთად პეტიცია წარადგინა. გამოძიება ჩატარდა 1974 წლის სავაჭრო აქტის 301-ე სექციის მიხედვით, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევს, დააწესოს სანქციები იმ ქვეყნებზე, რომლებიც აწარმოებენ „გაუმართლებელ“, „უსამართლო“ ან აშშ-ის ვაჭრობისთვის საზიანო პრაქტიკას.
წყაროების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ჩინეთი მიზანმიმართულად ცდილობდა გემთმშენებლობასა და საზღვაო სექტორებში გლობალური დომინაციის მოპოვებას. დასკვნებში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ გამოიყენა „ფინანსური მხარდაჭერა, ბარიერები უცხოური კომპანიებისთვის, ტექნოლოგიის იძულებითი ტრანსფერი, ინტელექტუალური საკუთრების მიტაცება და შესყიდვების პოლიტიკა“, რათა გაეძლიერებინა საკუთარი კონკურენტული უპირატესობა. წყაროს მიხედვით, პეკინმა „ხელოვნურად მასშტაბურად შეამცირა ჩინეთში შრომის ხარჯები საზღვაო, გემთმშენებლობისა და ლოგისტიკის სექტორებში“.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუდასტურებიათ ან უარყვიათ ეს დასკვნები. ინფორმაცია საყურადღებოა ორ უმძლავრეს ეკონომიკას შორის კონკურენციის ზრდის პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვაშინგტონი ცდილობს შეამციროს ჩინურ წარმოებასა და მიწოდების ქსელებზე დამოკიდებულება.
აზიის ქვეყნების, მათ შორის სამხრეთ კორეისა და იაპონიის საწარმოებმა შესაძლოა ჩინეთის გემთმშენებლებზე დაწესებული პოტენციური სანქციებით ისარგებლონ. თუმცა, ანალიტიკოსებისა და ჩინური გემთმშენებლობის წამყვანი კომპანიის მაღალი რანგის აღმასრულებელი პირის თქმით, აღნიშნული ინდუსტრია, თავისი მასშტაბისა და ხარჯების უპირატესობის გამო, მოკლევადიან პერიოდში ამერიკის მიერ მიღებულ ზომებს გაუმკლავდება.
აშშ-ის გამოძიების მიხედვით მოყვანილი მონაცემებით, ჩინეთის წილმა გლობალურ გემთმშენებლობაში 2023 წელს 50%-ს გადააჭარბა.
„ჩინეთის გემთმშენებლებმა გადაუსწრეს ყველას, მათ შორის იაპონელებსა და კორეელებს,“ – თქვა ტასმანიის უნივერსიტეტის აზიური კვლევების პროფესორმა ჯეიმს ჩინმა.
ჩინმა ასევე დაამატა, რომ ჩინეთის გემთმშენებლები „დაცულები არიან მოკლე ვადაში – დაახლოებით 24 თვემდე – იმ ზომებისგან, რაც აშშ-მ შესაძლოა მიიღოს.“