აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ოთხშაბათს ფილიპინელ კოლეგასთან დისკუსია გამართა. რუბიომ ყურადღება გაამახვილა ჩინეთის „სახიფათო და დესტაბილიზაციურ ქმედებებზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.“ მან ხაზი გაუსვა აშშ-ის „მტკიცე“ თავდაცვით ვალდებულებას ფილიპინების მიმართ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, რუბიომ ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრ ენრიკე მანალოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩინეთის ქმედებები “არღვევს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას და არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.“
შეხვედრისას რუბიომ მანალო კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ აშშ მტკიცედ ასრულებს თავის ვალდებულებებს ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულების ფარგლებში და განიხილა თანამშრომლობის გაღრმავების გზები და რეგიონული პარტნიორობა.
ბოლო წლებში ფილიპინებს არაერთი საზღვაო დავა ჰქონდა ჩინეთთან, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო რეგიონებში, რომლებიც მანილას ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს.
რუბიოს განცხადებები მოჰყვა ავსტრალიის, ინდოეთისა და იაპონიის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რომელიც “ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის” (Quadrilateral Security Dialogue/The Quad) ფარგლებში გაიმართა. ჩინეთზე ორიენტირებული შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების მეორე დღეს შედგა.
The Quad-ის წევრი სახელმწიფოები (იაპონია, ავსტრალია, ინდოეთი, აშშ) და ფილიპინები იზიარებენ შეშფოთებას ჩინეთის მზარდი გავლენების შესახებ. ანალიტიკოსების თქმით, სამშაბათის შეხვედრის ერთ-ერთი მიზანია იმის დადასტურება, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელია..
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთის ქმედებებს რეგიონში აღწერს, როგორც „გონივრული, კანონიერი და საყვედურის საფუძველს მოკლებული.“ სპიკერმა მაო ნინგმა აღნიშნა, რომ აშშ „არ არის მხარე“ ამ დავებში და „არ აქვს უფლება ჩაერიოს“ ჩინეთისა და ფილიპინების საზღვაო ურთიერთობებში. მან ასევე დაამატა: „აშშ-ისა და ფილიპინების სამხედრო თანამშრომლობა არ უნდა აზიანებდეს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ზღუდავდეს საზღვაო უფლებებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ასევე, არ უნდა იქნას გამოყენებული ფილიპინების უკანონო პრეტენზიების მხარდასაჭერად.”
ფილიპინების თავდაცვის დეპარტამენტმა ცალკე განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა დაიწყო. ფილიპინების თავდაცვის მინისტრი, გილბერტო ტეოდორო, აშშ-ს მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ ვოლცს ხუთშაბათს თეთრ სახლში შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ორი ქვეყნის მტკიცე ალიანსი.
ტრამპის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე, ფილიპინებმა და აშშ-მ მეხუთე ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ერთობლივი წვრთნები 2023 წლიდან ტარდება.
Reuters-ის მიხედვით, ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს უმცროსის მმართველობის პერიოდში აშშ-სთან თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მარკოსის ადმინისტრაციამ ნება დართო აშშ-ს, გაეფართოებინა წვდომა ფილიპინების სამხედრო ბაზებზე, მათ შორის ობიექტებზე, რომლებიც დემოკრატიულად მართული ტაივანის მახლობლად მდებარეობს.