პანამის არხის გარშემო აშშ-ჩინეთის დაძაბულობა იზრდება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების წინააღმდეგ საჩივარი შეიტინა. საჩივარი ეხება აშშ-ს მიერ პანამის არხთან დაკავშირებულ „უპასუხისმგებლო“ შენიშვნებსა და ჩინეთ-პანამის თანამშრომლობაზე „თავდასხმებს“.

სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამჟამად ჩინეთსა და პანამას შორის თანამშრომლობა სარტყლისა და გზის ფარგლებში ნორმალურად მიმდინარეობს. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე პანამის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს სარტყლისა და გზის ინიციატივაში მონაწილეობის მიღების უფლება.

ლინმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, შესაბამისი მხარეები გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და გარე ძალების გავლენის ქვეშ არ მოექცევიან, „მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ორმხრივი საერთო ურთიერთობებისა და ორივე სახელმწიფოს ხალხის გრძელვადიან ინტერესებზე დაყრდნობით“.

აღსანიშნავია, რომ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსა და პანამას შორის დადებული შეთანხმების შესახებ. შტატების თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო შეთანხმდნენ გააფართოვონ თანამშრომლობა ამერიკულ არმიასა და პანამის უსაფრთხოების ძალებს შორის.

„ისინი შეთანხმდნენ მჭიდრო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების საერთო ინტერესებზე, რაც პანამის არხის დაცვას გულისხმობს“,- აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

პანამის არხის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პანამის პრეზიდენტი მულინო გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი „აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს“, თუ პანამა დაუყოვნებლივ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც დაასრულებს პანამის არხზე ჩინეთის კონტროლსა და გავლენებს.

რუბიომ ტრამპის შეტყობინება გააზიარა, რომ ჰონგ კონგში დაფუძნებული კომპანიის ოპერირება არხის ორ ბოლოში განთავსებულ პორტებზე, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და აშშ-სა და პანამას შორის დადებულ ხელშეკრულებას არღვევს. საინტერესოა, რომ მან არ გამორიცხა ძალის გამოყენებაც. ტრამპმა განაცხადა, რომ არ თვლის, რომ ჯარების გამოყენება საჭირო გახდება, თუმცა პანამის არხის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

პანამის პრეზიდენტმა რუბიოსთან შეხვედრის დროს გამოთქვა მზადყოფნა, რომ გადახედოს პანამაში ჩინური ბიზნესების მუშაობას, მათ შორის იმ კომპანიებსაც, რომლებიც 25 წელზე მეტია ბაზარზე ოპერირებენ. 

რუბიოს მოწოდებიდან მეორე დღესვე, ორმა პანამელმა ადვოკატმა ქვეყნის უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა გააუქმონ ჰონგ კონგში დაფუძნებული კომპანიის კონცესია პანამის არხის პორტებში ოპერირების შესახებ.  თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს პანამურ-ჩინური კონტრაქტის სწრაფ გაუქმებამდე მივა.

CK Hutchison Holdings-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ჰონგ კონგელ მილიარდერ ლი კა-შინგს ეკუთვნის, არხის ხუთი პორტიდან ორს მართავდა მას შემდეგ, რაც მან ტენდერი 1997 წელს მოიგო.

Scroll to Top