პანამის მხარემ პეკინს სარტყლისა და გზის ინიციატივის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად შეატყობინა – პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ აღნიშნა, რომ მან დიპლომატებს პროექტის დასატოვებლად საჭირო განცხადების შეტანა დაავალა.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „არ იცის, რა იყო მისი მიზანი, ვინც [2017 წელს] ინიციატივაში ჩართვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა“ და ეჭვქვეშ დააყენა სარგებელი, რომელიც ჩინეთს აღნიშნული პროექტით პანამისთვის მოაქვს.
პანამის გადაწყვეტილება ქვეყანაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტს მოჰყვა, რომელსაც წინ დონალდ ტრამპის მიერ პანამის არხის ჩინეთის მიერ კონტროლის შესახებ გაკეთებული განცხადებები უძღოდა. მარკო რუბიომ თავადაც ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე და თქვა, რომ ჰონგ კონგის მიერ კონტროლირებული კომპანიების მიერ არხის „შესასვლელებსა და გასასვლელებზე კონტროლის ქონა სრულიად მიუღებელია“. მან ასევე ისაუბრა ჩინეთის ჰონგ კონგზე გავლენაზე და განაცხადა, რომ „თუ ჩინეთი მას დაავალებს, გააკეთოს ყველაფერი აშშ-სთვის არხის გავლით ვაჭრობის შესაზღუდად, ჰონგ კონგს ამის შესრულება მოუწევს“.
თავად პანამა გადაწყვეტილებაში აშშ-ს ჩართულობას უარყოფს, თუმცა აშშ მას ღიად აფასებს დადებითად.
პანამის გადაწყვეტილებას ჩინეთის მხარეც გამოეხმაურა: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პანამას „სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ“ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს ქმედება პანამის ინტერესებში არ შედის. განცხადების მიხედვით, ჩინეთი იმედოვნებს, რომ პანამა „გარე ჩარევას თავს დააღწევს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც დაეფუძნება ორი ერის ორმხრივ ურთიერთობასა და გრძელვადიან ინტერესებს“. პეკინი აშშ-ს ქმედებებს პანამაზე წნეხად აფასებს, რომლის მიზანიც სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში კოოპერაციისთვის ძირის გამოთხრაა. რაც შეეხება რუბიოს პანამაში ვიზიტს – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მდივნის კომენტარები „უსამართლოდდებს ბრალს ჩინეთს, ცდილობს დანერგოს განხეთქილება ჩინეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის და ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში“.