ჩინეთის მოქალაქეებისთვის შესაძლოა აშშ-ს სტუდენტური ვიზა დაიბლოკოს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც ჩინეთის მოქალაქეებს ამერიკულ სტუდენტურ ვიზაზე წვდომას შეუზღუდავს.

ინიციატივას წინ უძღვის რაილი მურის, რესპუბლიკელი წარმომადგენლის გაფრთხილებები ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ამერიკული სავიზო პროგრამის ექსპლუატაციის შესახებ, თუმცა მური არაა ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩინეთი უნივერსიტეტებსა და სხვა აკადემიურ ინსტიტუციებს ჯაშუშობისთვის იყენებს. რაილი მურის თქმით, გასულ წელს FBI-მ ხუთ სტუდენტური ვიზის მფლობელ ჩინეთის მოქალაქეს წარუდგინა ბრალი მას შემდეგ, რაც ისინი აშშ-სა და ტაივანის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გადაღებაში შეამჩნიეს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ამერიკულმა უნივერსიტეტმა ჩინურ უნივერსიტეტებთან პარტნიორობაც შეწყვიტა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების გამო.

პროცედურის მიხედვით, კანონპროექტი თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატამ, ხოლო მოგვიანებით, სენატმა უნდა მიიღოს, თუმცა ამჟამად მას ცნობილი თანასპონსორები არ ჰყავს. არსებობს მოლოდინი, რომ აღნიშნულ როლს ტეხასის, ტენესისა და პენსილვანიის წარმომადგენლები ენდი ოგლსი, სკოტ პერი და ბრენდონ გილი შეასრულებენ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულ ინიციატივამდე აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ცნობების მიხედვით, განიხილავდა მოგზაურობის შეზღუდვებს კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თუმცა ამჟამად არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ ამ სიაში ჩინეთიც იქნება წარმოდგენილი.

Scroll to Top