აშშ-ს მხრიდან დაწესებული სანქციებით მიღებული დარტყმის საპასუხოდ ჩინეთმა „განსაკუთრებული სამოქმედო გეგმა“ დააანონსა შიდა მოხმარების გასაზრდელად.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება სხვა ფაქტორებითაცაა გამოწვეული, მათ შორის COVID-19-თა და უძრავი ქონების სექტორის ეკონომიკური ვარდნით. დამატებით როლს თამაშობს დეფლაციაც – პროდუქციის მუდმივი გაიაფება, რაც პრობლემას ქმნის იმიტომ, რომ მომხმარებელს უბიძგებს ნაკლები დახარჯოს ფასის მეტად კლების მოლოდინით.
ცენტრალური კომიტეტის გენერალური ოფისის მიხედვით, გეგმა მოიცავს მოხმარებისა და შიდა მოთხოვნის ზრდას, ასევე ხელფასებისა და პენსიის მატებით, ჯანდაცვის გაუმჯობესებითა და გადასახადების შემცირებით მოხმარების შესაძლებლობის ზრდას. გარდა ამისა, პროექტი შიდა ტურიზმის სექტორის გაფართოებასაც ითვალისწინებს და მიზნად ცივი რეგიონების ზამთრის ტურისტულ კურორტებად ქცევას ისახავს, რასაც ხელს სავიზო რეჟიმების კონკრეტული ქვეყნებისთვის ცალმხრივად მოხსნა და ქვეყანაში შესვლის გამარტივება შეუწყობს. ჩინეთის ოფიციალური პირების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გეგმა „ძალიან ახალს არაფერს მოიცავს“, მასში გაწერილია კონკრეტული ქმედებები, რომლებსაც ადგილობრივი მთავრობები ზედმიწევნით მიჰყვებიან.
დაანონსებული გეგმის შესრულება იმ მხრივაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის შეამცირებს ჩინეთის ეკონომიკის დამოკიდებულებას ექსპორტსა და ინვესტიციებზე და ჩამოაყალიბებს მოხმარებით მოტივირებულ ეკონომიკას.
საინტერესოა ისიც, რომ ჩინეთში რუსული პროდუქციის მოხმარება გაიზარდა – გაიხსნა მაღაზიები, რომლებიც რუსეთში დამზადებულ ტკბილეულსა თუ სათამაშოებს ყიდიან და თავს არამხოლოდ რუსული პროდუქციის, არამედ რუსული კულტურის გამავრცელებლებად წარმოაჩენენ. აღნიშნული მაღაზიები ჩინეთში 2022 წლის შემდეგ გამოჩნდნენ, რაც, შესაძლოა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დამთბარი ურთიერთობებით იყოს გამოწვეული.