ჩინეთმა და რუსეთმა შეერთებული შტატები ბირთვული ომის რისკის გაზრდაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ერთობლივად იმოქმედებენ არსებული საფრთხეების წინააღმდეგ. განცხადებით ხაზი გაესვა პეკინისა და მოსკოვის მზარდ სტრატეგიულ დაპირისპირებას ვაშინგტონთან.
მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ორმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გააკეთა გლობალურ სტრატეგიულ სტაბილურობაზე. ამ განცხადებაში მათ დაგმეს სამხედრო ალიანსების გაფართოების, სტრატეგიული იარაღისა და გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განვითარების ამერიკული პოლიტიკა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მიზნად ისახავს „სრულყოფილი სამხედრო უპირატესობის მოპოვებას“ და „აბსოლუტურ სტრატეგიულ უსაფრთხოებას“, რითაც იგი „აფერხებს გლობალურ სტრატეგიულ სტაბილურობას, იწვევს შეიარაღების შეჯიბრს და ზრდის კონფლიქტის პოტენციალს როგორც ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის, ასევე მთლიანობაში საერთაშორისო არენაზე.“
სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთსა და რუსეთს აქვთ „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ დაუპირისპირდნენ ძალმომრეობის პოლიტიკას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ორივე მხარე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, რაც ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სამხედრო დაპირისპირების საფრთხემდე მივიდა, სტრატეგიულ სფეროში კრიტიკული პრობლემები და გამოწვევები დაგროვდა და ბირთვული კონფლიქტის რისკი გაიზარდა.“
ეს განცხადება ერთ-ერთი იყო 20-ზე მეტი ორმხრივი დოკუმენტიდან, რომელიც ხელმოწერილი იქნა „უწყვეტი პარტნიორობის“ გასაძლიერებლად სი ძინპინის ვიზიტისას, რომელიც დაემთხვა მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების 80 წლისთავის აღნიშვნას. განცხადებაში ხაზგასმულია ჩინეთ-რუსეთის უსაფრთხოების ხედვა დასავლურ სამყაროში ამერიკის პირველობის მიმართ. კერძოდ, მხარეები გმობენ სამხედრო ალიანსების და კოალიციების გაფართოებას „ზოგიერთი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს“ მიერ და ეს შეფასებულია, როგორც „ყველაზე გადაუდებელი სტრატეგიული საფრთხე, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.“
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბირთვული შეიარაღების არმქონე ქვეყნებში ისეთი რაკეტების განთავსება, რომელთა სამიზნეს ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები წარმოადგენს, არის პროვოკაციული ქმედება: „ორივე მხარე მკაცრად გმობს ასეთ პროვოკაციულ საქმიანობას, რომელიც არღვევს რეგიონულ სტაბილურობას და რისკის ქვეშ აყენებს გლობალურ უსაფრთხოებას.“
რუსეთი მუდმივად ეწინააღმდეგება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ცივი ომის დასრულების შემდეგ. იგი ალიანსის გაფართოებას საფრთხედ აღიქვამს საკუთარი უსაფრთხოებისთვის და მას 2022 წელს უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს. ჩინეთიც აკრიტიკებს აშშ-ის მცდელობას შექმნას ალიანსების „პატარა წრეები“ ინდო-წყნარ ოკეანეში და ეწინააღმდეგება აშშ-ის სტრატეგიული რაკეტების სისტემების განთავსებას მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, მაღალი სიმაღლის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას (THAAD) სამხრეთ კორეაში და ტაიფონის (Typhon) რაკეტების სისტემას ფილიპინებში.
განცხადებაში განსაკუთრებულად გააკრიტიკეს ახლახან გამოცხადებული გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „ოქროს გუმბათი ამერიკისთვის“, რომელიც ასევე მოიცავს კოსმოსში განთავსებულ გამანადგურებელ იარაღებს. განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ეს სისტემა „კოსმოსს ბრძოლის ველად გადააქცევს.“ შეერთებულმა შტატებმა 2019 წელს დააარსა კოსმოსური ძალები (Space Force), როგორც სამხედრო კორპუსის ნაწილი, ხოლო 2020 წელს ოფიციალურად გამოაცხადა კოსმოსი საბრძოლო ზონად.
განცხადება ასევე გმობს „კომერციული კოსმოსური სისტემების გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისთვის და მესამე ქვეყნებში შეიარაღებული კონფლიქტების დროს,“ რაც, სავარაუდოდ, მინიშნებაა ილონ მასკის, SpaceX-ის კუთვნილ Starlink სატელიტურ ინტერნეტ ქსელზე, რომელმაც მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო როლი ითამაშა უკრაინის ომში.
ბოლოს, ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მნიშვნელობა, ისევე როგორც ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციები. დოკუმენტი ადანაშაულებს აშშ-სა და მის მოკავშირეებს „სამხედრო ბიოლოგიური საქმიანობის“ განხორციელებაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.