12 მაისს, აშშ-სა და ჩინეთს შორის შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ტარიფების შემცირების შეთანხმების შესახებ განცხადება გააკეთეს. მიუხედავად მოლაპარაკებების „წარმატებისა“, ვაშინგტონსა და პეკინს შორის სამომავლო ურთიერთობების დინამიკა კვლავ ბუნდოვანია.
ტარიფებთან დაკავშირებული შეთანხმების მიხედვით, როგორც აშშ, ისე ჩინეთი გააუქმებენ ტარიფების მხოლოდ ნაწილს, რიგი სატარიფო შეზღუდვები კი, საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე, 14 მაისის შემდეგ მხოლოდ 90 დღით შეჩერდება. კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინური საქონლის იმპორტზე დაწესებული დამატებითი ტარიფები 145 %-დან 30 %-მდე, ხოლო ჩინეთის მიერ ამერიკულ საქონელზე დაწესებული ტარიფები 125 %-დან 10 %-მდე შემცირდება.
მიუხედავად შეთანხმების გარკვეული „წარმატებისა“, მხარეების ურთიერთსაწინააღმდეგო სავაჭრო შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაშია. დონალდ ტრამპმა ორშაბათს აღნიშნა, რომ ტარიფების შემცირების საკითხი არ ეხება რიგ ინდუსტრიებს, მათ შორის, ავტომობილების, ფოლადისა და ალუმინის იმპორტს. პრეზიდენტის განცხადების მიხედვით, ჩინეთთან სამომავლო მოლაპარაკებების დროს ვაშინგტონის მთავარი პრიორიტეტი ამერიკული ბიზნესებისთვის ჩინური ბაზრის გახსნა იქნება.
საყურადღებოა, რომ მხარეები მიღწეულ შეთანხმებას განსხვავებულად აღიქვამენ. კერძოდ, თეთრი სახლის შეფასებით, ჩინეთ-აშშ-ს შეთანხმება ტრამპის ადმინისტრაციის „გამარჯვებაა“. მეორე მხრივ, ჩინეთში აღნიშნულ შეთანხმებას პეკინის მტკიცე პოზიციების შედეგად მიღწეულ წარმატებად მიიჩნევენ.
13 მაისს, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების (ბრაზილია, კოლუმბია, ჩილე) წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, სი ძინპინმა ნიშნის მოგებით აღნიშნა: „სატარიფო ან სავაჭრო ომს გამარჯვებული არ ჰყავს. ბულინგი და ჰეგემონიზმი მხოლოდ თვითიზოლაციას იწვევს“.
რაც შეეხება შეთანხმების შესახებ ჩინეთის ოფიციალურ პოზიციას, კომერციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება შედიოდა „ორივე ქვეყნის“ და ზოგადად „მსოფლიოს ინტერესებში“. თუმცა, ამ განცხადების პარალელურად, ჩინეთის სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა, მათ შორის კომერციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროებმა, ჩინეთის მიერ სტრატეგიული მინერალების ექსპორტზე დამატებითი კონტროლის დაწესების საკითხი განიხილეს.
მიუხედავად იმისა, რომ ტარიფებთან დაკავშირებული შეთანხმება სავაჭრო ომის დროებითი დე-ესკალაციის საშუალებას იძლევა, აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სამომავლო ტრაექტორია კვლავ ბუნდოვანია.