ჩინეთის სტრატეგიული გაფართოება: კოლუმბია „გზისა და სარტყლის“ ინიციატივაში

ჩინეთმა და კოლუმბიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის გეგმას „გზისა და სარტყლის“ ინიციატივის (BRI) ფარგლებში, რაც გულისხმობს კოლუმბიის ოფიციალურ გაწევრიანებას ამ მასშტაბურ გლობალურ პროექტში. „გზისა და სარტყლის“ (BRI)  ინიციატივა, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა 2013 წელს წარადგინა, მიზნად ისახავს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენას თანამედროვე ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ქსელის საშუალებით და აერთიანებს 150-ზე მეტ ქვეყანას აზიაში, ევროპაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, პეკინში, China-CELAC ფორუმის მეოთხე მინისტრთა შეხვედრაზე ჩამოსულ კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროსთან განაცხადა, რომ ეს შეთანხმება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაა, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა და მდგრადი განვითარება.

ლათინური ამერიკა ჩინეთისა და აშშ-ის გეოპოლიტიკური კონკურენციის საკვანძო რეგიონს წარმოადგენს. ჩინეთი, რომელიც კოლუმბიისთვის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია აშშ-ის შემდეგ, გამოხატავს მზაობას, გაზარდოს კოლუმბიური ხარისხიანი პროდუქციის იმპორტი და მხარი დაუჭიროს ჩინურ კომპანიებს ინფრასტრუქტურის, მათ შორის სარკინიგზო კორიდორებისა და განახლებადი ენერგიის პროექტების მშენებლობაში. 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ორმხრივმა ვაჭრობამ 6.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც თანამშრომლობის ეკონომიკურ პოტენციალს ცხადყოფს. თუმცა, აშშ-ის ზეწოლა, რის შედეგადაც, მაგალითად, პანამამ გადაწყვიტა BRI-დან გასვლა, ჩინეთის ამბიციებს გარკვეულ გამოწვევებს უქმნის.

2025 წელი ჩინეთსა და კოლუმბიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 45-ე წლისთავს აღნიშნავს, რასაც სი ძინპინმა „ახალი ისტორიული საწყისი“ უწოდა. მან ხაზი გაუსვა პოლიტიკური ნდობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში, რათა გაიზარდოს ხალხთა შორისი კავშირები და განმტკიცდეს ორმხრივი მეგობრობის საზოგადოებრივი საფუძველი. გუსტავო პეტრომ თქვა, რომ კოლუმბია მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ახალი ენერგია, ხელოვნური ინტელექტი და ინფრასტრუქტურა, რაც ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება. 

კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ BRI-ში გაწევრიანება „ისტორიულ ნაბიჯად“ შეაფასა, რომელიც ხსნის ახალ შესაძლებლობებს ინვესტიციების, ტექნოლოგიური თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლაურა სარაბიამ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება „გაუთავებელ შესაძლებლობებს“ ქმნის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმისთვის, ხოლო პეტრომ სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ „კოლუმბიის საგარეო ურთიერთობების ისტორია იცვლება“, რაც გულისხმობს თანასწორობასა და თავისუფლებაზე დაფუძნებულ გლობალურ ინტეგრაციას. ეს განცხადებები ხაზს უსვამს კოლუმბიის ამბიციას, გახდეს უფრო აქტიური მოთამაშე გლობალურ ეკონომიკაში ჩინეთის მხარდაჭერით. 

ჩინეთი თავს წარმოაჩენს გლობალური სამხრეთისა და მრავალმხრივი წესრიგის მხარდამჭერად. China-CELAC ფორუმის ფარგლებში სი ძინპინმა გამოაცხადა 9.2 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტი განვითარებისთვის და აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურაზე, სუფთა ენერგიასა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე. კოლუმბიის, როგორც CELAC-ის მორიგე თავმჯდომარის, წვლილმა ფორუმის წარმატებაში გააძლიერა მისი როლი ჩინეთთან თანამშრომლობაში. თავის მხრივ, კოლუმბია-ჩინეთის თანამშრომლობის გეგმა ასახავს ჩინეთის მცდელობას  გააძლიეროს გავლენა განვითარებად ქვეყნებში.

Scroll to Top