ქარვასლები თბილისში

თბილისი, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაჯვარედინი, საუკუნეების განმავლობაში რეგიონისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა. გასაკვირი არ არის, რომ თბილისის ბევრი ქუჩა და ცალკეული შენობა ძველად ვაჭრობისთვის იყო განკუთვნილი. სწორედ ამ ფუნქციის შედეგი იყო ქარვასლების – სავაჭრო-სასტუმრო კომპლექსების – გამოჩენა ქალაქში.

ტერმინის წარმოშობა და ადრეული ფორმები

სიტყვა „ქარვასლა“ მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ქარავანსარა“ (ან, ქარავანსარაი), რაც ნიშნავს „გზისპირა სასტუმროს“ – ადგილს, სადაც მოგზაურებსა და ვაჭრებს ღამის გათევა და დასვენება შეეძლოთ.  თურქული ენებში ეს სიტყვა „ქარავნის სახლს“ ნიშნავს – დიდ სახალხო დაწესებულება აზიის ქალაქებში, რომელიც გზებზე და დაუსახლებელ ადგილებში მოგზაურთა, სავაჭრო ქარავნების ღამის გასათევი და გასაჩერებელი ადგილის ფუნქციას ასრულებდა. თბილისში ქარვასლების გამოჩენა აზიური კულტურის გავლენით მოხდა და თბილისურმა ქარვასლებმა საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა დედაქალაქის ისტორიაში. დღემდე შემორჩენილი ქარვასლების უმეტესობა მე-19 საუკუნეში არის აგებული და სტრუქტურულად ერთმანეთს ჰგავს. საქართველოში შუა საუკუნეებში „ქარვასლის“ ნაცვლად ტერმინი „ფუნდუკი“ იხმარებოდა, თუმცა XVII-XVIII საუკუნეებიდან სიტყვა „ქარვასლა“ გავრცელდა და დამკვიდრდა.

ქარვასლები შუა საუკუნეების თბილისში

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, თბილისში უკვე ოთხი ქარვასლა არსებობდა, რომელთაგან სამი კალას უბანში იყო: „თბილელის ქარვასლა“, აგებული როსტომ მეფის მიერ სიონის სამხრეთით, მტკვრის სანაპიროზე. მის ნანგრევებზე XIX საუკუნეში „არწრუნის ქარვასლა“ აშენდა. ამ ქარვასლის სამხრეთ-დასავლეთით „მელიქის ქარვასლა“ მდებარეობდა. სიონის მოპირდაპირედ „მეფის ქარვასლა“ იყო. მეოთხე, „ბეჟანის ქარვასლა“, კალას კედლების გარეთ, სოლოლაკის უბანში იდგა, სადაც დღეს ქალაქის საკრებულოა.

ამ ქარვასლების მფლობელები, ძირითადად, იყვნენ: მეფე, ეკლესია, თავადაზნაურობა და ვაჭრები. ქარვასლები ფეოდალური ეპოქის ეკონომიკური ცხოვრებისა და საკუთრების სისტემის ამსახველად ითვლება.

ქარვასლების არქიტექტურა და ფუნქცია

XVIII საუკუნის ბოლოს ქარვასლების რაოდენობა თბილისში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქარვასლების ძირითადი მახასიათებლები იყო: ორიდან ოთხსართულიანი, მომრგვალებული არქიტექტურული ფორმებით, შადრევნიანი შიდა ეზოებით, სარდაფებით, საწყობებით, დუქნებით, სახელოსნოებით, სასტუმრო ოთახებითა და ფართო დარბაზებით, სადაც საპატიო სტუმრებს მასპინძლობდნენ.

ზოგჯერ, ღია ეზოს ნაცვლად, შენობის შუაგულში დიდი დარბაზი (ვესტიბული) იყო, რომლის ირგვლივ იარუსებად ოთახები იყო განლაგებული. ვესტიბული ზემოდან ნათდებოდა და სივრცეს მყუდრო ატმოსფეროს სძენდა.

თბილისის ქარვასლებში ინახებოდა და მერე მთელ სამხრეთ კავკასიაში ნაწილდებოდა უცხოეთიდან შემოტანილი საქონელი. აქვე ხდებოდა სავაჭრო გარიგებები. ამასთანავე, ქარვასლები მრავალნაირი ინფორმაციის ერთ-ერთი უმთავარესი წყაროც იყო, სადაც თბილისელები იგებდნენ არა მხოლოდ თავისი ქალაქის და სამხრეთ კავკასიის, არამედ შორეული უცხოეთის ახალ ამბებსაც.

XIX საუკუნე – ქარვასლების გაძლიერება

1843 წელს იაკობ ზუბალაშვილმა ააშენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქარვასლა, რომელშიც იყო: 10 სავაჭრო მაღაზია, მრავალი საწყობი და ღვინის სარდაფი, 71 სასტუმრო ოთახი. 

1847 წელს დაიწყო თამამშევის ქარვასლა-თეატრის მშენებლობა, რომელიც იმ დროის თბილისის, და არა მხოლოდ,  ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კომპლექსი იყო.

1850 წლისთვის თბილისში უკვე ცამეტი ქარვასლა არსებობდა, რომელთა უმეტესობა სიონის ქუჩაზე იყო განლაგებული. უნდა აღინიშნოს, რომ 1795 წელს ეს უბანი მნიშვნელოვნად დააზარალა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ, რის შედეგადაც მრავალი ქარვასლა განადგურდა, თუმცა, XIX საუკუნეში კვლავ განახლდა მათი მშენებლობა.

1850 წლის ქალაქის გეგმაზე მითითებულია: 12 ქარვასლა, 44 საწყობი, 188 სავაჭრო ობიექტი. 

ქარვასლებში ყველა ქონება დანომრილი იყო და მფლობელების ვინაობა ფართოდ იყო ცნობილი. ქარვასლებს ერთმანეთისგან განსხვავებული სპეციფიკა ჰქონდა – თითოეულში განსხვავებული პროდუქცია იყიდებოდა როგორც საცალო, ისე საბითუმო ფასებში.

ევროპული გავლენა და მაღაზიების გამოჩენა

XIX საუკუნეში ქარვასლებთან ერთად ევროპული ტიპის მაღაზიებიც გამოჩნდა. ერთ-ერთი პირველი ცნობილი მაღაზია იყო ქალბატონი ლაბიელის მაღაზია, რომელიც ფრანგული მოდური ნაწარმით ვაჭრობდა და საკონდიტერო ნაწილსაც მოიცავდა. მოგვიანებით ის ბლოტის უნივერსალურმა მაღაზიამ შეცვალა, რომელიც იყო პირველი მსგავსი ტიპის მაღაზია თბილისში.

არქიტექტურა და დღევანდელი მდგომარეობა

დღემდე შემორჩენილი ქარვასლების უმეტესობა XIX საუკუნეშია აგებული. მათთვის დამახასიათებელია:  მართკუთხა შიდა ეზო, ყველა მხრიდან აივნებით გარშემორტყმული არქიტექტურა (ხის ან რკინის აივნები), დუქნები და სასტუმრო ოთახები, სტილისტურად მრავალფეროვანი ფასადები და ინტერიერები.

ქარვასლები დღესაც ასახავენ იმ რთულ სოციალურ და ეკონომიკურ ქსელს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა თბილისის, როგორც აღმოსავლურ-დასავლური გზაჯვარედინის მნიშვნელობას.

✔️ თბილელის, იგივე არწრუნის ქარვასლა

1650 წელს მეფე როსტომმა სიონის ტაძრის სამხრეთით ააგო ქარვასლა, რომელსაც მოგვიანებით თბილელის ქარვასლა ეწოდა. ეს ნაგებობა იმ დროისთვის თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-სასტუმრო დაწესებულება იყო. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას, ქარვასლა მთლიანად განადგურდა.

1818 წელს თბილელის ქარვასლის ნანგრევების ადგილზე ახალ ქარვასლას სომეხი ქველმოქმედი გევორქ აღა არწრუნი აშენებს, რომელიც XIX საუკუნეში არწრუნის ქარვასლის სახელით გახდა ცნობილი. შენობას სანაპიროსკენ კლასიცისტური სტილის ფასადი ჰქონდა (1820წ.), ხოლო სიონის ქუჩის მხარეს — მოდერნის სტილის (1912წ.). განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველი სართულის სარდაფის კამაროვანი გადახურვა, რომელიც როსტომ მეფის დროიდან იყო შემორჩენილი და დღემდეა შენახული. ქარვასლამ თავისი პირვანდელი ფუნქცია 1920-იან წლებამდე შეინარჩუნა.

✔️თეკლე ბატონიშვილის ქარვასლა (მეფის ფუნდუკი)

XVII საუკუნეში, სიონის ტაძრის დასავლეთით, აშენდა მეფის ფუნდუკი, რომელიც წყაროებში პირველად 1672 წელს მოიხსენიება. ქარვასლა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას განადგურდა. XVIII საუკუნის ბოლოს ის აღადგინა და თავის საკუთრებად აქცია ერეკლე II-ის ქალიშვილმა, თეკლე ბატონიშვილმა, რის შემდეგაც ქარვასლამ მისი სახელი მიიღო.

სამსართულიანი შენობა, ორსართულიანი ფრონტით კოტე აფხაზის ქუჩის მხრიდან, არქიტექტურულად აერთიანებს ევროპულ-მავრიტანულ, კლასიცისტურ და ისლამურ ელემენტებს. ქარვასლაში იყო 62 ოთახი, 30 დუქანი და სახელოსნოები, ასევე შიდა ეზო. დღეს შენობა საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის და მასში სასულიერო სემინარია და აკადემია ფუნქციონირებს.

მდებარეობა: სიონის ქ. N13/40

✔️მელიქის ქარვასლა

ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის რუკაზე მელიქის ქარვასლა არწრუნის და მეფის ქარვასლებთან ერთადაა აღნიშნული. იგი სამკუთხა მოხაზულობის იყო და სიონის ქუჩაზე ვიწრო პირით გამოდიოდა. სამხრეთით ის ბამბის რიგს ესაზღვრებოდა.

მელიქები (არაბ. მეფე, გამგებელი) წარმოშობით სომხები იყვნენ, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დასახლდნენ. XVIII საუკუნეში ჯერ აზნაურობა მიიღეს, შემდეგ კი ერეკლე II-მ თავადობა უბოძა. მათი წოდება იყო მელიქი, 1724 წლიდან კი მამასახლისობაც დაემატათ და იწოდებოდნენ როგორც მელიქ-მამასახლისები. სწორედ ისინი გახდნენ ბებუთაშვილების გვარის ფუძემდებლები. მელიქებს XVIII საუკუნის დასაწყისში სიონის ქუჩაზე ქარვასლა უკვე ჰქონდათ, რადგან ის ვახუშტის 1735 წლის გეგმაზე აღნიშნულია არწრუნის ქარვასლის გვერდით. ქარვასლა დღევანდელ ბამბის რიგის დასაწყისში მდებარეობს.

მდებარეობა: სიონის ქუჩის დასაწყისში, ბამბის რიგსა და არწრუნის ქარვასლას შორის

✔️მანთაშევის ქარვასლა

1904 წელს, მელიქის ქარვასლის ადგილზე, სომეხი მეწარმის და ქველმოქმედის ალექსანდრე მანთაშევის დაკვეთით ახალი სავაჭრო კომპლექსი აშენდა, ე.წ. მანთაშევის რიგები. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ღაზარ სარქისიანი. 

შენობა მდებარეობს ბამბის რიგში და დღემდე შენარჩუნებულია. დღეს ის მეიდან ჯგუფს ეკუთვნის.

✔️ხოჯაპორუხოვისა და მაისურაძის ქარვასლა

ეს მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო შენობა წლების მანძილზე სადაო, ხელიდან ხელში გადასული და ამიერკავკასიაში ყველაზე „ნატანჯი“ ნაგებობაა. ის აშენდა 1893-95 წლებში და საინტერესოა არქიტექტურული თვალსაზრისით: შიდა სივრცე ხის კონსტრუქციებით და მდიდარი ორნამენტებითაა გაფორმებული. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან შენობამ ფუნქცია დაკარგა. მომდევნო ათწლეულებში აქ განთავსებული იყო მილიცია, სპორტკომიტეტი და სხვა უწყებები.

1991 წელს ქარვასლას ჩაუტარდა რესტავრაცია. დღეს შენობაში სასტუმრო და რესტორანია.

მდებარეობა: კოტე აფხაზის ქუჩის დასაწყისში, ერეკლეს ქუჩის ჩასახვევთან.

✔️თამამშევის ქარვასლა (ერევნის მოედანი / თავისუფლების მოედანი)

თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქარვასლა 1847-1851 წლებში გაბრიელ თამამშევის დაფინანსებით აშენდა იმ პირობით, რომ მეფისნაცვალი ვორონცოვი მას უსასყიდლოდ გადასცემდა მიწის ნაკვეთს. შენობა აკმაყოფილებდა თეატრის და სავაჭრო ფუნქციებს. არქიტექტორად მოწვეული იყო იტალიელი ჯოვანი სკუდიერი.

ოთხსართულიანი ნაგებობა მოიცავდა საცხოვრებელ ოთახებს, მაღაზიებს, ფულის გაცვლის პუნქტებსა და საწყობებს. ცენტრში განთავსებული იყო ოპერის თეატრი, რომელიც 700 მაყურებელს იტევდა. ეს იყო პირველი ოპერის თეატრი სამხრეთ კავკასიაში. 

სამწუხაროდ, 1874 წელს ხანძარმა შენობა სრულად გაანადგურა. “დროებაში” გამოქვეყნებული განცხადება თბილისელებს ამცნობდა, რომ თამამშევის ქარვასლას ცეცხლი თავისით ან შემთხვევით არ გასჩენია. ზოგიერთმა გარემოებამ და მოწმეების ჩვენებამ დაარწმუნა გამომძიებელი, რომ ამ საქმეში ვაჭარი ი. ლაზარევი უნდა ყოფილიყო დამნაშავე.

1879 წელს ქარვასლა აღადგინეს, მაგრამ თეატრი აღარ ფუნქციონირებდა. შენობა საბოლოოდ 1934 წელს დაანგრიეს. დღეს მისგან შემორჩენილია მხოლოდ რკინის ორი დეკორატიული ელემენტი და ქვაფენილის ქვეშ დაფარული საძირკველი. 

მდებარეობა: თავისუფლების მოედანი.

დანართი:

იაკობ ზუბალაშვილის და ფარსეგა ტერ-მოსენიანის ქარვასლა (მარცხნივ) და ჩითახოვის ქარვასლა (მარჯვნივ)

ხალათოვების ქარვასლა

Scroll to Top