თავისუფლების მოედანი თბილისში ერთ-ერთი უძველესი ცენტრალური სივრცეა. მას თითქმის ორასწლიანი ისტორია აქვს.
თავდაპირველად, ეს ტერიტორია ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარე უკაცრიელი ადგილი იყო. ძველი თბილისის გალავანი დღევანდელი მოედნის აღმოსავლეთით გადიოდა და პუშკინის ქუჩის გასწვრივ ეშვებოდა. სწორედ იქ, სადაც კოტე აფხაზის ქუჩა მოედანს უერთდება, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი შესასვლელი იყო – ე.წ. „კოჯრის კარი“.
XIX საუკუნის ცნობილი ისტორიკოსი, პლატონ იოსელიანი აღნიშნავს, რომ დღევანდელი მოედნის ჩრდილოეთ ნაწილში (დაახლოებით იმ ადგილზე, სადაც ახლა ხელოვნების მუზეუმია), XVII საუკუნის მიწურულს არსებობდა მეფის ქარვასლა. ეს ქარვასლა საკმაოდ დიდი იყო და დაახლოებით 80 სადგომს მოიცავდა. იოსელიანისვე თქმით, 1724 წელს ქარვასლა თურქების შემოსევის შედეგად განადგურებულა.
მოედნის ინტენსიური განაშენიანება დაიწყო XIX საუკუნის პირველ მეოთხედში. ამ პერიოდში მოედანი თანდათან გარდაიქმნა და საუკუნის ბოლოსთვის მას უკვე ჩამოყალიბებული არქიტექტურული იერსახე ჰქონდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ XX საუკუნის 80-იან წლებამდე მოედანი სტილისტურად საკმაოდ ჭრელი და მრავალფეროვანი იყო.
თავდაპირველი შენობებიდან დღემდე შემორჩენილია 1824 წელს აშენებული კავკასიის არმიის საოლქო შტაბის შენობა, რომელიც რუსული კლასიციზმის არქიტექტურული ნიშნებით ხასიათდება. მოედნის მოპირდაპირე მხარეს, ძველი ქალაქის გალავნის გასწვრივ, თბილისის ტრადიციული არქიტექტურით, ერთი და ორსართულიანი სახლები აშენდა შეკიდული აივნებით, ორნამენტიანი მოაჯირებითა და ხის ფარდებით.
თბილისის საკრებულოს შენობა XIX საუკუნის 30-იან წლებში აშენდა და შემდგომში რამდენჯერმე გადაკეთდა. 1879 წლამდე მასში განთავსებული იყო ქალაქის უფროსი პოლიცმაისტერის კანცელარია და პოლიციის განყოფილება.
საბჭოთა პერიოდში, 1930-იან წლებში, მოედნის მასშტაბური რეკონსტრუქცია დაიწყო. ამ პერიოდის ურბანული ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე დასანანი შედეგი იყო მოედანზე მდებარე მონუმენტური ქარვასლის დანგრევა, რაც ისტორიული მემკვიდრეობისთვის სერიოზული დანაკარგი აღმოჩნდა.
მოედნის სახელდება
საინტერესოა თავისუფლების მოედნის სახელწოდებათა ცვლილების ისტორია. ალბათ, ძნელად მოიძებნება სხვა მოედანი, რომელსაც თავისი არსებობის ორი საუკუნის მანძილზე სახელი 8-ჯერ შეცვლოდეს.
1801 წლამდე დღევანდელი მოედნის ტერიტორია ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა და „გარეთუბანი“ ეწოდებოდა. შუაგულ მოედანზე სოლოლაკის ქედიდან სეზონური მდინარე ავანაანთხევი ჩამოდიოდა. ეს მდინარე კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით 1840-იან წლებში აგურის კოლექტორით გადახურეს, გადახურული ადგილი მოასწორეს და მასზე, ვორონცოვისავე მითითებით, მთელს კავკასიაში პირველი ოპერა ააშენეს. ჯერ კიდევ ოპერის აშენებამდე, იქაურობას შეშის მოედანს ეძახდნენ. თუმცა, შეშის მოედანი არაოფიციალური სახელი იყო; უბრალოდ, ხალხი ეძახდა ასე.
ოფიციალურად კი პირველად სახელი მოედანს 1828 წელს მიანიჭეს. ამ წელს რუსეთის არმიამ კავკასიის მთავარმმართებლის, გენერალ პასკევიჩის მეთაურობით სპარსული გარნიზონისაგან გაათავისუფლა ქალაქი ერევანი. ამ გამარჯვების აღსანიშნავად თბილისში შტაბის მოედანს პასკევიჩ-ერევანსკის სახელი უწოდეს. თანდათან ხალხმა მიივიწყა პასკევიჩი და მოედანს მხოლოდ ერევნის მოედნად მოიხსენიებდნენ.
ასე გაგრძელდა 1917 წლამდე. ნიკოლოზ მეორის ჩამოგდების ამბის შეტყობისთანავე, ერევნის მოედანზე შეკრებილ რევოლუციური პარტიების ლიდერებს ერთობლივად გაუჩნდათ იდეა და თბილისის მთავარ მოედანს თავისუფლების მოედანი უწოდეს.
1922 წელს, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის აღსანიშნავად, კომუნისტებმა ახალი სახელი – ”ზაკფედერაციის მოედანი” დაამკვიდრეს. შემდეგ კი მოხდა ის, რასაც ხრუშჩოვის პერიოდიდან კატეგორიულად აღარ ახსენებდნენ – 1940 წელს საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანს ლავრენტი ბერიას სახელი უწოდეს.
ბუნებრივია, 1953 წელს ბერიას დახვრეტის შემდეგ მოედანს სახელწოდება სასწრაფოდ შეუცვალეს და სწორედ მაშინ დაერქვა პროლეტარიატის ბელადის ვლადიმერ ლენინის სახელი. 1990 წლიდან კი მოედანმა თავისუფლების მოედნის სახელი დაიბრუნა.

მონუმენტები თავისუფლების მოედანზე
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის მთავარ მოედანს უდიდესი წვლილი აქვს რუსეთის ბოლშევიკური პარტიის ადამიანური და მატერიალური რესურსებით მომარაგების საქმეში. მოედნის ჩრდილოეთით მდებარე ყოფილი სასულიერო სემინარია (დღევანდელი ხელოვნების მუზეუმი) ბოლშევიკური პარტიის ნამდვილი სამჭედლო იყო. სასულიერო სემინარიაში სწავლობდნენ: იოსებ ჯუღაშვილი, ლადო კეცხოველი, ფილიპე მახარაძე, მიხა ცხაკაია.

ამავე მოედანზე 1907 წლის თავზეხელაღებული ძარცვის დროს იოსებ ჯუღაშვილის ორგანიზებით ბანდიტმა რევოლუციონერმა კამომ 250 ათასი რუსული რუბლი გაიტაცა და ეს თანხა პირადად ვლადიმერ ულიანოვს (ლენინს) ჩაუტანა. ”კამომ ლენინს დღევანდელი გათვლებით 1.7 მილიონი ფუნტის ეკვივალენტი თანხა ჩაუტანა, რაც საკმარისი იყო პარტიის დასაფინანსებლად გარკვეული დროის განმავლობაში”. ამ ძარცვამ აამაღლა ქართველი ბოლშევიკების იმიჯი პარტიის რიგებში. განსაკუთრებით გამყარდა იოსებ ჯუღაშვილისა და მისი თავზეხელაღებული თანამებრძოლის, კამოს პოზიციები.

1922 წელს გარდაცვლილი კამო 17 ივნისს თავისუფლების მოედანზე მდებარე პუშკინის სკვერში დაკრძალეს. ზუსტად სამ წელიწადში მის საფლავზე ძეგლი გახსნეს (მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე). რამდენიმე წლის შემდეგ ძეგლი სტალინის ბრძანებით აიღეს.
კამოს ძეგლის მსგავსად, თავისუფლების მოედანზე არც სხვა ბოლშევიკურ ძეგლებს უმართლებდათ. 1934 წლის რამდენიმე გაზეთში გამოქვეყნებული ფოტო-ესკიზების თანახმად, იმავე წელს მოედანზე აღებული ძველი იტალიური ოპერის ადგილას უნდა აგებულიყო მარმარილოს ტრიბუნა და ტრიბუნის შუაგულში ლენინის ქანდაკება დაედგათ. ლენინის ძეგლი თავისუფლების მოედანზე მხოლოდ 1956 წელს აღმართეს.

„პროლეტარიატის დიდი ბელადის“ 7 მეტრიანი ქანდაკება (მოქანდაკე თოფურიძე).
1950-იან წლებში აღმართლი ლენინის ქანდაკება 1990 წელს აიღეს. 2006 წლის 23 ნოემბრის შემდეგ ლენინის ადგილს მოედანზე მოქანდაკე ზურაბ წერეთლის წმინდა გიორგის 40 მეტრიანი მონუმენტი იკავებს.
ათეშგა – ცეცხლის ტაძარი თბილისში
ათეშგა უძველესი ცეცხლის ტაძარია, რომელიც მდებარეობს თბილისში, კლდისუბანში, გომის ქუჩა №3-ში. ათეშგა ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
წარმოშობა და რელიგიური მნიშვნელობა
ათეშგას, როგორც ცეცხლის ტაძრის, წარმოშობა ზოროასტრიზმს უკავშირდება – რელიგიას, რომელიც სასანიდების ეპოქაში (224–651წწ.) სახელმწიფო რელიგიად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ზოროასტრიზმი თავდაპირველად არ იყო მებრძოლი რელიგია, სასანიდებმა მისი კოდიფიცირება მოახდინეს და აქციეს „ერთიან და მეომარ რელიგიად“. ამ პროცესში, ცეცხლის ტაძრების სტრუქტურაც შეიცვალა – წმინდა ცეცხლი აღარ იყო მხოლოდ განწმენდილი პირების ხილვის საგანი, არამედ უფრო ღია გახდა საზოგადოებისთვის. ჩაჰარტაგი, ტრომპებზე დაყრდნობილი გუმბათებით, როგორც საყოველთაო მოდელი, იქცა ზოროასტრული ცერემონიებისა და რიტუალების აღსრულებისათვის განკუთვნილ ძირითად სივრცობრივ ერთეულად.
ტაძრის ფუნქციის ცვლილება და ისლამური პერიოდი
მრავალი საუკუნის განმავლობაში ათეშგას ფუნქცია იცვლებოდა. თავდაპირველად ის, სავარაუდოდ, წარმართული საკერპო იყო. მოგვიანებით იქცა ზოროასტრისტულ ცეცხლის ტაძრად, ხოლო 1724 წლიდან, როცა თბილისი ოსმალთა ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა, ათეშგა მეჩეთად გადაკეთდა. ამ დროს მოხდა მნიშვნელოვანი გადაკეთებები, რამაც ინტერიერისა და ექსტერიერის შესაბამისობა დაარღვია.
ისლამურმა პერიოდმა ინტერიერის თაღების მოყვანილობა შეცვალა და მას ნაწილობრივ გუმბათოვანი სტრუქტურა შესძინა. მიუხედავად ამისა, ტაძრის შიგნით კარგად იკითხება ათეშგას პერიოდის წყობა. გუმბათი, რომელიც შემორჩენილი არ არის, სავარაუდოდ, დაყრდნობილი იყო იმავე ტრომპებზე, რომელიც მის წინამორბედ სასანურ გუმბათს ჰქონდა.
ისტორიული აღნიშვნები და წყაროები
ათეშგას შესახებ ინფორმაცია არაერთი ისტორიკოსისა და მოგზაურის ცნობებში გვხვდება. პლატონ იოსელიანი, XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსი, ამ ნაგებობას თბილისის სიძველეთა შორის ასახელებს და წერს: „თბილისელები მას “საკერპოსაც” უწოდებდნენ“; „1845-1875 წლებში ტაძარი ჯერ კიდევ გუმბათიანად იდგა; ქართველ მეფეებს ის წარსულის ძეგლად მიაჩნდათ და კრძალვით ეპყრობოდნენ“; „მოსახლეობის ნაწილი მას მეჩეთად თვლიდა, ნაწილი კი – საკერპოდ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ნაგებობის თავდაპირველი ფუნქცია ხალხში ბუნდოვნად იყო შემორჩენილი“.
ვიზუალური დადასტურება
ათეშგა ასახულია მოგზაურთა ჩანახატებში, თბილისის ძველ გეგმებზე და რამდენიმე ფოტოსურათზეც. ეს მასალა დამატებით ადასტურებს მის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას, როგორც არქიტექტურული ძეგლისა და რელიგიური ცენტრისა.
ათეშგა აშენებულია კალას ერთ-ერთ დომინანტურ წერტილში, რაც ხაზს უსვამს მის სიმბოლურ მნიშვნელობას და ადასტურებს მის რელიგიურ და სტრატეგიულ როლს ქალაქის ისტორიაში.