“მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.”
„ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“.
ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, დააკნინოს წლების განმავლობაში დასავლური ინსტიტუტების მიერ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო თუ ინფრასტრუქტურულ განვითარებაში შეტანილი წვლილი. სინამდვილეში, ევროკავშირის დაფინანსებაზე უარის თქმით, „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ ევროკავშირის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივას ართმევს ქვეყანას, არამედ ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარების შესაძლებლობასაც.
სამოქალაქო იდეა იწყებს ანგარიშების სერიას იმის შესახებ, თუ რას კარგავს საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტით. პირველ ანგარიშში წარმოგიდგენთ ევროკავშირისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისათვის გაწეული დახმარების ანალიზს. კვლევა ეფუძნება 2013-2024 წლებში საქართველოს მიერ განხორციებული პროექტების რაოდენობრივ და თვისებრივ ანალიზს. დაელოდეთ ჩვენს ანალოგიურ კვლევებს სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სხვა მიმართულებების შესახებ.