15 ივლისს იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა თეთრი ფურცელი, „იაპონიის თავდაცვა 2025“, რომელშიც ჩინეთო „უპრეცედენტო და ყველაზე დიდ სტრატეგიულ გამოწვევად“ არის დასახელებული.
თეთრი ფურცლის წარდგენის დროს, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, გენ ნაკატანიმ აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, პირველად, მსოფლიო მშვიდობა სერიოზული გამოწვევის წინაშეა და იაპონია კომპლექსურ უსაფრთხოების გარემოში იმყოფება.
34 გვერდიანი დოკუმენტი აზია-წყნარი ოკეანის მომავლის შესახებ პესიმისტურ პროგნოზს იძლევა. თეთრ ფურცელში, ასევე, ხაზგასმულია ამერიკასა და ჩინეთს შორის არსებული კონკურენციის მზარდი დინამიკა, რაც, თავის მხრივ, „გლობალური ძალთა ბალანსის“ „დრამატულ“ ცვლილებას იწვევს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინეთი სწრაფად ზრდის თავდაცვის ხარჯებს და სამხედრო შესაძლებლობებს, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით, აძლიერებს. დოკუმენტში, ასევე, აღწერილია ჩინეთის მზარდი სამხედრო აქტივობები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში და სენკაკუს კუნძულებთან.
„თეთრი ფურცელი“ კრიტიკულ საფრთხედ მიიჩნევს ჩინეთის ჯარსა და სანაპირო დაცვის ძალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. დოკუმენტის მიხედვით, სახალხო განმათავისუფლებელ არმიასა და სანაპირო დაცვის ძალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ე.წ. „ნაცრისფერ ზონაში“ (სიტუაციები, სადაც საომარ და სამშვიდობო მდგომარეობას შორის ზღვარი ბუნდოვანია) ჩინეთის სამხედრო ოპერაციული შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება.
„ნაცრისფერ ზონაში“ ჩინეთის მზარდი აქტივობების საშიშ პრეცედენტად სახელდება ტაივანი, რომლის გარშემოც სახალხო რესპუბლიკა არაერთ სამხედრო წვრთნას ატარებს. დოკუმენტის მიხედვით, პეკინმა, შესაძლოა, სანაპირო დაცვის ძალები ტაივანის წინააღმდეგ, მათ შორის, ბლოკადისთვის ან სამხედრო ინტერვენციისთვის, გამოიყენოს. თეთრი ფურცელი ტაივანთან მიმართებით ჩინეთის აგრესიული ქმედებების მაგალითად ასახელებს სახალხო რესპუბლიკის 2024 წლის 23 მაისის სამხედრო წვრთნებს, რომელიც ტაივანის პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 3 დღის შემდეგ ჩატარდა.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტს კრიტიკულად გამოეხმაურა ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც თეთრი ფურცლის შეფასებებს „ყალბი ნარატივები უწოდა“. სამინისტროს განცხადებით, იაპონია „ჩინეთის საფრთხის“ გაზვიადებით, ცდილობს მისი კონსტიტუციით განსაზღვრული სამხედრო შეზღუდვების შემსუბუქებას.
“ჩვენ მოვუწოდებთ იაპონურ მხარეს, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს ისტორია, შეწყვიტოს ცილისწამება და ჩინეთის დადანაშაულება” – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.