გავლენიანმა ამერიკულმა მედიაორგანიზაცია CNN-მა 2025 წლის 16 ივლისს გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით: „საქართველოში დემოკრატიის დასუსტების ფონზე, რუსეთი, ჩინეთი და ირანი შესაძლებლობას ხედავენ“ (As democracy in Georgia collapses, Russia, China and Iran see an opening).
სტატიაში განხილულია “ქართული ოცნების” მზარდი ავტორიტარული მმართველობის პირობებში, როგორ სწრაფად ექცევა საქართველო “რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენის ქვეშ.”
CNN განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ირანისა და ჩინეთის გავლენაზე საქართველოში და ამ კონტექსტში ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იყენებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ ანგარიშს, სახელწოდებით:
„ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკა – შესაძლებლობა ირანისთვის“.
სტატიაში ციტირებულია ამონარიდი სწორედ ამ ანგარიშიდან:
„ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ იუწყება, რომ „ქართული ოცნებისა“ და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური კავშირების გაღრმავების პარალელურად, საქართველოში მოქმედებენ კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ირანის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სააგენტოსთან.
გამოძიება ასკვნის, რომ ირანელი ბიზნესმენები საქართველოს ტერიტორიას იყენებენ საერთაშორისო სანქციების თავიდან ასარიდებლად და ირანის ისლამური რესპუბლიკის დასაფინანსებლად.“