გეოპოლიტიკური საკითხები აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებში

 21 ივლისს, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა, აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთთან საბოლოო სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად არ ჩქარობს და მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. ამასთან, ბესენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები, ტარიფების გარდა, „სხვა საკითხებსაც“ შეიძლება შეეხოს.

 „სხვა საკითხების“ შესახებ საუბრისას, სკოტ ბესენტმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის ირანსა და რუსეთთან თანამშრომლობის საკითხზე. მისი თქმით, პეკინი სანქცირებული ირანული და რუსული ნავთობის მნიშვნელოვანი იმპორტიორია. ამიტომ, აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ამ საკითხებსაც შეიძლება მოიცავდეს.

სკოტ ბესენტის განცხადების საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გუი ჯიაკუნმა ზოგადი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია ნათელია:

„ვიმედოვნებთ, რომ აშშ ითანამშრომლებს ჩინეთთან, რათა განხორციელდეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის დროს მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმება, სრულად იქნას გამოყენებული ჩინეთ-აშშ-ის ეკონომიკური და სავაჭრო კონსულტაციის მექანიზმი, დიალოგისა და კომუნიკაციის გზით გაღრმავდეს ურთიერთგაგება, შემცირდეს გაუგებრობები,  გაძლიერდეს თანამშრომლობა და ხელი შეეწყოს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილურ, ჯანსაღ და მდგრად განვითარებას“.

ზოგადად, საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციის დადებითი გზავნილების პარალელურად, ჩინეთის ოფიციალური პირები სავაჭრო მოლაპარაკებების შესახებ შედარებით უფრო ნეიტრალურ განცხადებებს აკეთებენ. ჩინეთის კომერციის მინისტრის, ვანგ ვენტაომ, 18 ივლისის განცხადების მიხედვით, ბოლოდროინდელმა ორმხრივმა მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ ორ ქვეყანას შორის სატარიფო ომის „საჭიროება“ არ დგას. მისი თქმით, მხარეებმა გაიაზრეს, რომ მათ „ერთმანეთი სჭირდებათ“, რადგან პროდუქტები ან სერვისები, რომლითაც ვაჭრობენ, ხშირად შეუცვლელია. ვანგ ვინტაომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ჩინეთზე დაწესებული ამერიკული ტარიფების მაღალ ნიშნულზე, რომელიც 53.6 %-ს შეადგენს.

მანამდე, 17 ივლისს, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა, ლიუ ფენგიუმ აღნიშნა, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის ბოლოდროინდელმა ინტერაქციებმა ხელი შეუწყო მაღალი დონის დიალოგს. ამასთან, პრესსპიკერის განცხადების მიხედვით, აშშ-ჩინეთის საკონსულტაციო მექანიზმით ხელი უნდა შეეწყოს ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც დაფუძნებული იქნება „თანასწორ დამოკიდებულებაზე“, „ურთიერთპატივისცემასა“ და „ორმხრივ მოგებაზე“.

ჩინეთის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ პეკინს დროებით შეჩერებულ სატარიფო ომში კომპრომისზე წასვლის სურვილი არ გააჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სავაჭრო მოლაპარაკებებში ირანული და რუსული ნავთობის შეძენის საკითხის ინკორპორირების მცდელობამ ქვეყნებს შორის დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოს.

Scroll to Top