ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი ამ კვირაში ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრება და ამ უკანასკნელის მმართველი პარტიის 80-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიებს დაესწრება. აღნიშნული ვიზიტი 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფხენიანში ჩატარდება სამხედრო აღლუმი, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალისა სადემონსტრაციოდ. ცერემონიას რუსეთის მხრიდან რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევიც დაესწრება.
ლი ციანის აღნიშნული ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში ჩინეთის დელეგაციის უმაღლესი დონის ვიზიტს წარმოადგენს, 2019 წლის შემდგომ. აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინთან ერთად, მიმდინარე წლის სექტემბერში, პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმს ესწრებოდა. 2011 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კიმ ჩენ ინი მონაწილეობას იღებდა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში, სადაც მსოფლიოს არაერთი ლიდერი და პოლიტიკოსი იყო შეკრებილი.
ზემოხსენებულ სამიტზე ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ პირობა დადეს, რომ კიდევ უფრო გააღრმავებდნენ ორმხრივ თანამშრომლობას. ჩინეთი დღემდე ჩრდილოეთ კორეის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. ჩრდილოეთ კორეამ, თავის მხრივ, გამოხატა მზადყოფნა და სურვილი, გააძლიეროს ჩინეთთან კავშირები და როგორც ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო სონ ჰუიმ აღნიშნა, „მრავალმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ერთობლივი წინააღმდეგობა გაუწიონ უნილატერალიზმსა და ძალის პოლიტიკას, რათა ხელი შეუწყონ უფრო სამართლიან მსოფლიო წესრიგს“.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩრდილოეთ კორეისადმი დაწესებული მკაცრი სანქციებისა და ჩინურ საქონელზე ახლახან შემოღებული ტარიფების გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ უნილატერალიზმზე გაკეთებული აქცენტი ნიშანდობლივია.
ამგვარი მოვლენებისა და განცხადებების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც უშუალოდ ჩინეთის პრეზიდენტს მიმართავდა და ირონიულად ურჩევდა, თბილად მისალმებოდა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს „ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ მოლაპარაკებისას“. რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა ამ კვირაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში გაიმართება, სავარაუდოდ კიდევ ერთხელ გამოიწვევს მსგავს დაძაბულობას და ვარაუდებს აშშ-ის წინააღმდეგ მათი ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ.
თუმცა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა პუტინისათვის დაბადების დღის მისალოც წერილში ფხენიანს, მოსკოვსა და პეკინს შორის აღნიშნული ალიანსი წარმოაჩინა როგორც წინგადადგმული ნაბიჯი „უფრო სამართლიანი და მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგისკენ“.